ავტორი:

ფლორიდელმა მეხანძრემ იშვილა ჩვილი, რომელიც ყუთში იპოვა - "ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, ყველაფერი მანდ დასრულდა.. იმ მომენტიდან შემიყვარდა"

ფლორიდელმა მეხანძრემ იშვილა ჩვილი, რომელიც ყუთში იპოვა - "ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, ყველაფერი მანდ დასრულდა.. იმ მომენტიდან შემიყვარდა"

ამერიკელმა მეხანძრემ, ფლორიდის ერთ-ერთ სახანძრო სადგურზე, ყუთში დატოვებული ბავშვი იპოვა და იშვილა. მეხანძრე, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბავს Today.com-ს უყვება.

მისი თქმით, ყველაფერი მიმდინარე წლის იანვარში მოხდა, სახანძრო სადგურზე იმყოფებოდა, როცა ღამის 2;00 საათზე განგაშის ზარის ხმა მოესმა. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ვიღაცამ ბავშვი შენობის Safe Haven Baby Box-ში დატოვა.

ყუთში ჩახედვისას მეხანძრემ ჩვილი დაინახა, რომელსაც მოგვიანებით მან ზოი დაარქვა. გოგონა საკვებ ბოთლს ეჭიდებოდა და ასე შეჰყურებდა მომავალ მამას.

"მას პაწაწინა ბოთლი ეჭირა და მშვიდად იწვა. როცა ხელში ავიყვანე და ერთმანეთს თვალებში ჩავხედეთ, ყველაფერი მანდ დასრულდა. იმ მომენტიდან შემიყვარდა",- ჰყვება მეხანძრე.

მეხანძრესა და მის მეუღლეს შვილი 10 წლის განმავლობაში არ ჰყავდათ. ჩვილის პოვნის შემდეგ კი ცოლ-ქმარს გაუჩნდა აზრი, რომ პატარა შვილად აეყვანათ.

ბავშვის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, წყვილმა შესაბამის უწყებას წერილი მისწერა და გოგონას შვილად აყვანის სურვილი გამოთქვა.

"წერილზე დასტურს ორივე დაძაბულები ველოდით",- აცხადებს ზოის მამა. აპრილში ზოი უკვე ოფიციალურად გახდა მათი ქალიშვილი.

"ზოის პოვნა ღმერთისგან გამოწვდილი დახმარების ხელი იყო" , - ამბობს გოგონას მამა.

მეხანძრემ ამბის მოყოლა იმ მიზეზით გადაწყვიტა, რომ სტატიას ბავშვის დედა ნახავდა და ნუგეშს იპოვიდა, რადგან მისი ქალიშვილი მზრუნველ გარემოში იმყოფებოდა: "გვსურს იცოდეს, რომ მის შვილზე ზრუნავენ და უსაზღვროდ უყვართ", - ამბობს მამაკაცი.

ცნობისთვის, Baby Box არის უსაფრთხო ადგილი, სადაც კრიზისში მყოფ დედას, რომელიც ვერ ახერხებს შვილზე ზრუნვას, შეუძლია ბავშვი უსაფრთხოდ და ანონიმურად დატოვოს.

"ბავშვის ყუთი", როგორც წესი, სახანძრო სადგურის, ან საავადმყოფოს გარე კედელშია დამონტაჟებული. მას აქვს გარე კარი, რომელიც ავტომატურად იკეტება ახალშობილის ბავშვის ყუთში მოთავსებისას და შიდა კარი, რომელიც საშუალებას აძლევს შენობის შიდა სივრცეში მყოფ ადამიანებს, ახალშობილის მდგომარეობა ნახონ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა