ავტორი:

"ვიზიარებთ ახალგაზრდა ნაჰელის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას, მაგრამ ძალადობით პრობლემა არ გვარდება" - კილიან მბაპე ფრანგებს მიმართავს

"ვიზიარებთ ახალგაზრდა ნაჰელის სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას, მაგრამ ძალადობით პრობლემა არ გვარდება" - კილიან მბაპე ფრანგებს მიმართავს

საფრანგეთში გრძელდება არეულობა, რომელიც პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის, ნაჰელის მოკვლას მოჰყვა. პროტესტმა ძალადობრივი ფორმა მიიღო, დემონსტრატებმა დაარბიეს სხვადასხვა საზოგადოებრივი შენობები. იყო შეტაკებები სამართალდამცველებთან.

ქვეყანაში მიმდინარე ამბების ფონზე კი, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, კილიან მბაპე ამბობს, რომ "ძალადობა უნდა შეწყდეს“. ამის შესახებ მბაპემ "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა და ეროვნული ნაკრების სახელით ისაუბრა.

"ძალადობა პრობლემებს არ ჭრის“, - აღნიშნავს 24 წლის ფეხბურთელი და მოქალაქეებს "მშვიდობიანი და კონსტრუქციული" საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს.

“როგორც ყველა ფრანგი, ჩვენც, ყველანი შოკირებულნი ვიყავით ახალგაზრდა ნაჰელის სიკვდილით“, - წერს მბაპე და დასძენს, რომ სფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები, რომელთა ნაწილი ღარიბული გარეუბნებიდანაა, ისევე როგორც ნაჰელი იყო, "გრძნობენ და იზიარებენ სევდასა და მწუხარებას“.

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციამ 1 300 აქტივისტი დააკავა, საერთო ჯამში კი, აქციების დროს დაკავებულთა რიცხვმა 2 000-ს გადააჭარბა.

დაპირისპირების დროს 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამ დროისათვის, საფრანგეთის ქალაქებში უსაფრთხოებას 45 000-ზე მეტი პოლიციელი იცავს.