ავტორი:

"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

"დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება" - როდიდან შეიძლება ველოდოთ შავი ზღვის დაბინძურებას

ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ეკოლოგები შიშობენ, რომ როცა შავ ზღვაში მდინარის წყლის ასეთი დიდი ნაკადი ჩაიღვრება, შავი ზღვის წყალი გამტკნარდება და ზღვის ეკოსისტემას საფრთხე დაემუქრება. შესაძლოა განადგურდეს მარილიანი წყლის თევზების თუ წყალმცენარეების არაერთი სახეობა. შავი ზღვა თავის აკვატორიაში გაზავებული იქნება მტკნარი წყლით რამდენიმე ათეულ კილომეტრზე, რაც გამოიწვევს მისი უამრავი ბინადრის დაღუპვას ათეულობით კილომეტრის დაშორებითაც. ოკეანოლოგი, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელი მეცნიერი ნოდარ წივწივაძე არ გამორიცხავს, რომ შავ ზღვაში მოხვდება დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები, საწვავი, ზეთები და ცხოველთა ლეშის ბაქტერიები, რაც სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფექციების გავრცელებას, მათ შორის საქართველოშიც.

- ჩვენი სპეციალისტები მონიტორინგს აწარმოებენ და ჯერ უცნობია, რა სიტუაცია შეიქმნება. გააჩნია, ზღვაში დამბინძურებლების როგორი კონცენტრაცია იქნება. დაბინძურება არის მექანიკური, ბიოლოგიური, ქიმიური, ბაქტერიოლოგიური, შეიძლება ნანგრევებითაც იყოს გამოწვეული, ხის მერქნის მასალით, მოტივტივე საგნებით, სამეურნეო ნაგვის ნარჩენებით, ქაღალდით და ა.შ. რასაკვირველია, კაშხლის აფეთქების შედეგად ზღვის ყველა სახის დაბინძურებაა მოსალოდნელი - ჩვენ არ ვიცით, რა რაოდენობის პირუტყვი, ადამიანი ან ფრინველია დახოცილი, რომლებიც წყალში ლპებიან. მართალია, ზღვის წყალი მარილიანია და ერთგვარი დაკონსერვება ხდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, როგორ მოქმედებენ მერე წარმოქმნილი ლპობის პროდუქტები მწვანე მცენარეებზე, ციანობაქტერიებზე, რომლებიც ტოქსიკურები არიან - ანაბეანა, მიკროცისტი და ნოდულარია ისეთი საშინელი წყალმცენარეები არიან, რომელთა წინააღმდეგ ანტიდოტიც არ არსებობს. ამ მცენარეებით გაყვავილდა ერის ტბა ამერიკის კონტინენტზე ისე, რომ ხალხს რამდენიმე კვირის განმავლობაში სუფთა წყალი არ ჰქონდა. ეს წყალმცენარეები არის შავ ზღვაშიც. ისინი დუნაის სანაპიროზე წარმოიქმნა, ტივტივებს და მთელ შავ ზღვაში შეიძლება შეგვხვდეს.

დაბინძურება საათის ისრის მიმართულების საწინააღმდეგოდ მოძრაობს: გაივლის რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს და შემდეგ ჩვენკენ წამოვა. ამასთან, დაბინძურება ყველაზე საშიში ჩვენთანაა, ვინაიდან აკუმულაცია, ძირითადად, ჩვენს სანაპიროზე მოხდება. შესაძლოა დაბინძურებამ გამოიწვიოს ციანობაქტერიების წარმოქმნა - ეს ლურჯ-მწვანე მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც ძირითადად აზოტისა და ფოსფორის გარკვეული პროცენტული შემადგენლობით წარმოიქმნებიან წყალში, მერე ეფარებიან წყლის ზედაპირს და, პრაქტიკულად, მზის სინათლე ქვევით აღარ გადის, რის შედეგადაც იქ თუ რომელიმე ცოცხალი ორგანიზმებია, ზოგი იღუპება, ზოგიც იწამლება. შეიძლება დიდი რაოდენობით თევზის მოხმარებამ ადამიანში გამოიწვიოს ბაქტერიების აკუმულაცია ორგანიზმში და ფატალური შედეგი დადგეს. ერთ თევზს ბაქტერიები ვერ ერევა, მაგრამ როდესაც ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე თევზის ტოქსიკური ნივთიერება მოხვდება, რასაკვირველია, ძალიან ავნებს.

- როდიდან უნდა ველოდოთ ჩვენს სანაპიროზე დაბინძურების ნიშნებს?

- ზღვის დაბინძურების გამო შესაძლოა ინფექციებიც გავრცელდეს. ჩვენები აწარმოებენ პერმანენტულ მონიტორინგს დამბინძურებლებზე - ბაქტერიოლოგიური იქნება, მექანიკური, რადიაქტიური თუ სხვა. ვფიქრობ, ამ პრობლემას გაუმკლავდებიან. ყველაფერი დამოკიდებულია ჰიდროდინამიკურ სიტუაციაზე - იქნება ღელვა, გაძლიერდება თუ არა ჩვენკენ მომავალი ნაკადები და ა.შ. ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ჩათვლით საშიშროება არის, შესაძლოა ეს სექტემბერშიც გაგრძელდეს და ოქტომბრამდე მიაღწიოს. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს დამბინძურებლების კონცენტრაციაზე, რომლებიც ჩვენამდე მოაღწევს. თუ ამის ნიშნებს მივიღებთ, შეიძლება აიკრძალოს ზღვაში ჩასვლა.

- როგორც ვიცით, ზღვას თვითგაწმენდის უნარი აქვს.

- ზღვას თვითგაწმენდის უნარი სწრაფი აქვს, მით უმეტეს, როდესაც ჰიდროდინამიკური სიტუაცია გართულებულია, ანუ ტალღური მოძრაობაა და ტალღური ზემოქმედებით ხდება წყლის განზავება - ის შლის რაღაც ნივთიერებებს, ზოგსაც ზღვაში არსებული ბაქტერიები მოიხმარენ და შლიან. საჭიროა გარკვევა, რა დაბინძურება რა რაოდენობით მოდის, რა ფლორა და ფაუნა გვაქვს, იქთიოფაუნიდან რომელი მოიხმარს ბაქტერიებს, რომელი - არა. თურქები უფრო მეტად არიან დაკავებული თევზჭერით, მერე პროდუქტს ისევ ჩვენს ბაზარზე გაყიდიან. არა მარტო თევზი, საშიში ხდება დაბინძურებული ზღვის მცენარეები და სხვა პროდუქტებიც. ამიტომ, სანამ ზღვა დაიწმინდება, ჯობია, ამ პერიოდში ატლანტის ოკეანის პროდუქტით ვისარგებლოთ.თვითგაწმენდა დამოკიდებულია დაბინძურების სახეზე - მექანიკური იქნება, ქიმიური, მიკრობიოლოგიური თუ სხვა. ჩვენი სამსახურები დღედაღამ თვალს ადევნებენ ყველა დამბინძურებელს, რომლებიც ნეიტრალური წყლებიდან ჩვენკენ მოემართება.

- შესაძლებელია დაბინძურებამ ჩვენამდე არ მოაღწიოს?

- შესაძლოა არც მოაღწიოს, ეს დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ტალღურ რეჟიმზე, საიდან და რა მიმართულების ტალღები წამოვა. შესაძლოა დაბინძურება ჩვენამდე სწრაფადაც მოვიდეს. დიდ აფეთქებებს თან ახლავს ხოლმე მიწის ქერქის ფენის ძვრები და შესაძლოა სადღაც რაღაც გაირღვა, გასკდა, წამოვიდა წყალი და წამოიღო სიბინძურეც. ავარიამ შესაძლოა მის სიახლოვეს ეკოკატასტროფაც გამოიწვიოს, მაგრამ ეს რამდენად მოვა ჩვენამდე, არავინ იცის. გამორიცხული არ არის, წყალი იმდენად დაბინძურდეს, შავი ზღვის სანაპიროები დაიკეტოს. ეს ტურისტულ სეზონსაც დააზარალებს. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ეკოლოგიური მონიტორინგის ჯგუფის ოპერატიულ და ეფექტურ მუშაობაზე, რამდენად სწრაფად გააკეთებენ ანალიზებს, ჩაატარებენ მონიტორინგს და რამდენად სწრაფად მიაწვდიან ინფორმაციას დამსვენებლებსაც და მოსახლეობასაც.

ნუგზარ პაპუნიძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ინტეგრირებული მართვის განყოფილების უფროსი:

- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე მონიტორინგის პროგრამით სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე 7 წერტილში (ბათუმის ცენტრალური პლაჟი, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორია, კვარიათი, სარფი, ქობულეთის ცენტრალური პლაჟი, ბობოყვათის მიმდებარე ტეიტორია და მწვანე კონცხი) ზღვის წყლის ბაქტეოროლოგიური კვლევა ჩაატარა და ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე 7-ვე წერტილში დასაშვები ნორმის ფარგლებშია და გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია. კვლევები ტარდება შემდეგ მაჩვენებლებზე: ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, ლაქტოზადადებითი ნაწლავის ჩხირები, ენტეროკოკი, კოლიფაგები, სალმონელას ბაქტერიები.

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი, ზღვის სავარაუდო დაბინძურების შედეგად გავრცელებად ინფექციებზე გვესაუბრება:

- სანაპიროს დაბინძურების შემთხვევაში რა სახის ინფექციები შეიძლება გავრცელდეს, მე 2 ტიპის საფრთხეს გამოვყოფდი:

1. დიდმა წყლის ნაკადმა შეიძლება გამოიწვიოს ზღვის სიმტკნარის შეცვლა, შესაბამისად, ზღვის ბინადრების დაღუპვა, რის გამოც მოიმატებს ზღვაში ორგანული ნარჩენების რაოდენობა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა მიკრობის, მათ შორის პათოგენური მიკრობების გამრავლება. ყველაზე ცუდი ის არის, როცა ერთდროულად დიდი წყლის რაოდენობა შევარდება ზღვაში, ეს გარკვეულ უბნებში მის გამტკნარებას და ზღვისთვის ძალზე ცუდ ეკოსისტემურ ცვლილებებს, ასევე, ცხოველების მიგრაციას, წყალმცენარეების დაღუპვასა და ხრწნის პროცესებს გამოიწვევს. ზღვის მარილიანი წყალი სტაბილიზაციას იწვევს, მაგრამ მტკნარ წყალში მიკრობები მრავლდებიან, მაგრამ არსებობენ მლაშე წყლის მიკრობებიც, ამიტომ ცვლილებები მოსალოდნელია. შემდგომ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოირიყოს ნაპირზე, ადამიანმა ზღვაში იბანაოს და წყალი ჩაყლაპოს, რაც რისკის შემცველია (შესაძლოა წყალში იყოს ხრწნის პროდუქტები, ნაპირზე გამოირიყოს ხის, ცხოველების ნეშტები, ზოგ შემთხვევაში, გვამებიც კი). ამიტომ არსებობს დაინფიცირების, ნაწლავური და სხვა ინფექციების რისკები. განაგრძეთ კითხვა