ავტორი:

თევზაობისას დაშვებული შეცდომა, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან

თევზაობისას დაშვებული შეცდომა, რომელიც შეიძლება ფატალურად დასრულდეს და როგორ დავიზღვიოთ თავი მისგან

ზაფხულის სეზონზე თევზაობა ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი თავშესაქცევი საქმიანობაა, რომელიც შეიძლება პრობლემად გვექცეს თუ უსაფრთხოების ყველა წესს არ დავიცავთ.

ერთი შეხედვით გაგიჩნდებათ კითხვა, უსაფრთხოების რა წესების დაცვაა საჭირო გარდა იმისა, რომ წყალში შესვლის შემთხვევაში ნავი კარგად უნდა შევამოწმოთ და მისი მართვაც ვიცოდეთ? თუმცა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება უმძიმესი შედეგები მოიტანოს.

მეთევზეებმა და თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ელექტროგადამცემი ხაზების, სატრანსფორმატორო პუნქტებისა და ქვესადგურების მახლობლად თევზაობა სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია, ასეთ არეალს მოერიდონ როგორც ანკესით, ისე ბადით თევზაობის შემთხვევაში.

რატომ არის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სხვა ელექტროინფრასტრუქტურის მიმდებარე არეალებში თევზაობა საფრთხის შემცველი?

  • ანკესის ან ბადის ტყორცნისას შეიძლება რომელიმე მათგანი შეეხოს ელექტროსადენს, ნივთზე გადავიდეს ელექტრობა და მეთევზეს დენმა დაარტყას, რაც რიგ შემთხვევებში უმძიმეს - ფატალურ შედეგს იწვევს.
  • არსებობს შემთხვევები, როცა ანკესი ან ბადე ელექტროსადენს არ ეხება, თუმცა სიახლოვის გამო შეიძლება შეიქმნას ერთგვარი წრედი, სათევზაო მოწყობილობამ გაატაროს დენი და საბოლოოდ მეთევზემ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღოს.
  • ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მიმდებარედ არა მხოლოდ თევზაობა, არამედ ცურვაც დაუშვებელია, რადგან მოგეხსენებათ, წყალზე დენი მარტივად გადადის და მასში მოხვედრა ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველია. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ხანგრძლივი დროით რჩება ელექტროდენი ორგანიზმში, მით უფრო სერიოზული დაზიანებებია მოსალოდნელი, ამიტომ მაღალი ძაბვის ხაზების მიმდებარედ ცურვისგან ყოველთვის თავი უნდა შევიკავოთ.

ჯანმრთელობის რა დაზიანებები შეიძლება მივიღოთ დენის დარტყმის შედეგად?

ხმელეთსა თუ წყალში დენის დარტყმის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილმა ელექტრულმა ძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციისა და გულის რიტმის დარღვევა, მოტეხილობები, სახსრების ღრძობა, ზურგის ტვინის დაზიანება და სხვა პათოლოგიები.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში თევზაობა ბევრი ადამიანის საყვარელი საქმიანობაა და განსაკუთრებით ზაფხულში მდინარეებისა და ტბების მიმდებარედ ბევრი ცდილობს ასე განტვირთვას, ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირებულობაა.

კომპანიამ მოამზადა მოკლე ანიმაციური კლიპები, რომლებიც ადამიანებს მარტივად უჩვენებს, როგორ დაიცვან უსაფრთხოების წესები, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ერთ-ერთ ასეთ 30-წამიან ანიმაციურ კლიპში ნაჩვენებია, რა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროგადამცემი ბოძის მიმდებარედ თევზაობამ:

დაიცავით უსაფრთხოების წესები, ნუ ჩაიგდებთ სიცოცხლეს საფრთხეში.