ავტორი:

ისრაელის მორიგი სამხედრო ოპერაცია პალესტინის წინააღმდეგ - "ისლამური ჯიჰადი" შურისძიებით იმუქრება: "მტერს დავუპირისპირდებით..."

ისრაელის მორიგი სამხედრო ოპერაცია პალესტინის წინააღმდეგ -  "ისლამური ჯიჰადი" შურისძიებით იმუქრება: "მტერს დავუპირისპირდებით..."

როგორც დასავლური მედია წერს, ისრაელმა პალესტინის დასავლეთ სანაპიროზე ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი პალესტინელი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ისრაელის თავდასხმის მთავარი სამიზნე ქალაქი ჯენინია.

"ჯავშანმანქანების კოლონამ ალყა შემოარტყა ლტოლვილთა ბანაკს და სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სახლებსა და გზებს. დაიღუპა 4 ადამიანი, დაშავდა - 27, მათგან 8 მძიმე მდგომარეობაშია", - აცხადებს პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.

ცნობილია, რომ ისრაელი რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს ჯენინში, სადაც პალესტინელ "ბოევიკებს", მათ შორის "ჰამასსა“ და "ისლამურ ჯიჰადს“ ასობით შეიარაღებული მებრძოლი ჰყავთ განთავსებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაკვირვებისა და დაზვერვის ცენტრი, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი, ასევე "ბოევიკების" კოორდინაციისა და კომუნიკაციის კერა იყო.

თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები "ტერორის ცხელი წერტილების წინააღმდეგ მოქმედებენ".

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენი მტრების ქმედებებს. ისრაელის თავდაცვითი დაწესებულება ყველა მოსალოდნელი სცენარისთვის მზად არის“, - განაცხადა მინისტრმა.

ჯენინის ბრიგადის განცხადებით, მათ სერიოზულად დააზიანეს ისრაელის მინიმუმ ერთი სამხედრო მანქანა.

მომხდარს გამოეხმაურა პალესტინის "ისლამური ჯიჰადი":

"ჯენინზე აგრესია ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, ჯენინი არ დანებდება. ჩვენ მტერს დავუპირისპირდებით შურისძიების ყველა შესაძლო ხერხით“, - წერს ტერორისტული ჯგუფი თავის ოფიციალურ Telegram არხზე.

პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა დაგმო ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და მას "ახალი ომის დანაშაული" უწოდა:

”უსაფრთხოება და სტაბილურობა რეგიონში ვერ იქნება მიღწეული, თუ პალესტინელი ხალხი ამას არ იგრძნობს. ის, რასაც ისრაელის საოკუპაციო მთავრობა ქალაქ ჯენინში და მის ბანაკში აკეთებს, ჩვენი დაუცველი ხალხის წინააღმდეგ, ახალი ომის დანაშაულია”.