ანდროიდი რობოტი, სახელად EveR 6, სეულში ეროვნული ორკესტრის კონცერტზე მაყურებელს დირიჟორის ამპლუაში მოევლინა. ამგვარი რამ სამხრეთ კორეაში პირველად მოხდა, შესაბამისად, მაყურებლისგან არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
ადამიანს მიმსგავსებული რობოტი კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა შექმნა. დებიუტისას, რობოტმა ჯერ მაყურებელთან მისალმების ნიშნად თავი დახარა, შემდეგ კი ხელების მოძრაობა დაიწყო, რათა მუსიკოსებისთვის დირიჟორობა გაეწია.
"დირიჟორის მოძრაობები ძალიან დეტალურია", - თქვა ჩოი სუ-იულმა, რომელიც რობოტთან ერთად უძღვებოდა ორკესტრს.
"რობოტმა საკმაოდ დეტალური მოძრაობების შესრულება იმაზე უკეთ მოახერხა, ვიდრე წარმომედგინა, მაგრამ EveR 6-ის "კრიტიკული სისუსტე" ისაა, რომ მას მოსმენა არ შეუძლია", - განაცხადა ჩოიმ.

დარბაზში მყოფმა მსმენელმა ლი იონგ-ჯუმ, რომელიც ტრადიციულ კორეულ მუსიკას სწავლობს, თქვა, რომ რობოტის მოძრაობები უნაკლო იყო, თუმცა "სუნთქვა" აკლდა - შესაძლებლობა, რომ ორკესტრი კოლექტიური და მყისიერი ჩართვისთვის მზადყოფნაში ჰყოლოდა, რაც, მისი თქმით, შესრულებისას აუცილებელია. "როგორც ჩანს, რობოტს კიდევ გარკვეული ცვლილებები სჭირდება, რათა გამართულად იმუშაოს", - თქვა ლიმ.
კიდევ ერთმა დამსწრემ, 62 წლის სონგ ინ-ჰომ განაცხადა, რომ EveR 6-ის შესრულება დამწყები დონის დირიჟორისას ჰგავდა:
"ვფიქრობ, მას დირიჟორობა დამოუკიდებლად მაშინ შეეძლება, როცა ის მუსიკის გასაგებად და გასაანალიზებლად ხელოვნური ინტელექტით იქნება აღჭურვილი", - თქვა სონგმა.

"ეს იყო სიხლე, რომელმაც გვიჩვენა, რომ რობოტებს და ადამიანებს თანაარსებობა და ერთმანეთის ნაკლოვანებების შევსება შეუძლიათ, და არა ერთმანეთის ჩანაცვლება",- თქვა კონცერტის ბოლოს ჩოი სუ-იულმა.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა