ავტორი:

"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

"რუსი ტურისტების მიმართ თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო... გვახსოვდეს, მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება" - ბჟანიას განცხადება, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში კრიტიკა მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში, საკრუიზო ლაინერ "კნიაზ ვლადიმირზე" ყოფნისას, ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადება ადგილობრივ მოსახლეობაში მღელვარების მოტივი გახდა. ბჟანიას თქმით, "რუსი ტურისტების მიმართ მეტი თავაზიანობის გამოჩენაა საჭირო".

ლაინერით, რომელზეც 60-მდე ადამიანი იმყოფებოდა, სოხუმი-სოჭი, სოჭი-სოხუმის კომერციული რეისების შესრულება იგეგმება. მას სოხუმში ბჟანია თავის გარემოცვასთან ერთად დახვდა, რა დროსაც აღნიშნა, რომ "ტურიზმის სფეროს განვითარება პრიორიტეტია".

"ამიტომ, ყველას ახსოვდეს, მათ მიმართ ზედმეტი მოთხოვნები უნდა გამოვრიცხოთ, საჭიროა, მაქსიმალურად ლოიალური და თავაზიანი დამოკიდებულება კულტურული და კორექტული ქცევა. უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის ხასიათის გაფუჭება არ შეიძლება", - განაცხადა ბჟანიამ.

კომპანია "Черноморские круизы"-ის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ აფხაზურ მხარესთან საორგანიზაციო საკითხები უნდა მოაგვარონ, ლაინერის მგზავრებს კი "რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ლოიალურად უნდა მოექცნენ".

ადგილობრივი მედია წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. შს მინიტრმა რობერტ კიუტმა ე.წ. მილიციასა და "გაის" მოუწოდა, რუსული სატრანსპორტო ნომრების მქონე ავტომობილები სამართალდამცველებმა მხოლოდ კანონდარღვევის შემთხვევაში გააჩერონ.

როგორც ჩანს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "სამუშაო ვიზიტით" ჯერ თურქეთში, შემდეგ კი, ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა. როგორც არძინბა ადგილობრივ მედიას ეუბნება - "ჩრდილოეთ კვიპროსში საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესასწავლად" იმყოფებოდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით, ბჟანიას დიდაქტიკური ტონი გამაღიზიანებელია, რადგან ისედაც "თავგასულ ტურისტებს კიდევ უფრო გაათამამებს".

მათი თქმით, ბჟანიამ ასეთი მიმართვით მხოლოდ ქაღალდზე დატოვა რამდენიმე ხნის წინ გააქტიურებული თემა - "არასათანადო ჩაცმის" შემთხვევაში სანქციების დაკისრების შესახებ.

"ბარემ პირდაპირ მოსამსახურეებად გამოგვაცხადონ და მივხვდებით რა დანიშნულებაც გვაქვს. ბატონო პრეზიდენტო, ამისთვის იმყოფებოდით მოსკოვში სამუშაო ვიზიტით და ამაზე ესაუბრეთ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით?!" - წერს სოციალურ ქსელში ანა ჯიკირბა.

"ამაზე უკეთესს რას გავაკეთებთ, ბევრი რუსი ტურისტი, ნარკორეალიზოტრების ცვენა და მათ გარშემო მოტრიალე აფხაზები. თან თავაზიანობა უნდა გამოვიჩინოთ და კულტურულად მოვექცეთ, რომ არ გაგვიბრაზდნენ და ველურები არ გვეძახონ. კიდევ, ჩვენმა საგზაო მილიციამ რუსულ ნომრებიანი მანქანები არ უნდა გააჩეროს, რომ მათი გეგმები არ აირიოს. სწორედ ასეთ აფხაზეთზე ვოცნებობდით", - ირონიულად აღნიშნავს "იასონ აფხაზი".

"თუ გაბრაზდებით, ჩვენი ხელისუფლება გაგვახსენებს, რომ მარია ზახაროვა ყველაფერს აკეთებს აფხაზეთის რკინიგზის აღსადგენად, რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა რომ აღდგეს, ანუ საქართველოს გავლით - ზღაპარი, ნომერი ერთი. მეორე - თურქეთთან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მნიშვნელობაზე საუბრობენ, რომელიც ერთადერთია, ვინც თავისივე წიაღში ჩრდილოეთ კვიპროსი აღიარა (რომელიც სინამდვილეში მთლიანად თურქეთის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული).. ბოლო ამბებზე ვსაუბრობ, თორემ 30 წელია სხვადასხვა მთავრობა ერთნაირ ზღაპრებს გვიყვება", - წერს ასლან გადილია.