ავტორი:

"განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს" - ზელენსკის თქმით, რუსებმა ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების სახურავზე  განათავსეს

"განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს" - ზელენსკის თქმით, რუსებმა ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების სახურავზე  განათავსეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე.

"სამწუხაროდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა, კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასთვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინციდენტისგან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

"შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს - და შეუძლებელია არ დაინახოს - რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.