ავტორი:

"რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან" - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

"რუსეთს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან" - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო და ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ სრულად განხორციელების აუცილებლობას, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც ყოველწლიური სესიის შემდეგ მიიღეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუცილებელია იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

"ხაზს ვუსვამთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების აუცილებლობას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.

"ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციის თანახმად, ეუთო გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, რაც გამოწვეულია იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევისა და ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შედეგად.