ავტორი:

რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)

რა ნახეს რუსი კვაზი ჩე გევარას ფეშენებელური სასახლის ჩხრეკისას: ოქროს ზოდები, დიდძალი საბრძოლო იარაღი, მინი ჰოსპიტალი და დიდი ფუფუნება (ფოტოები)

ბელარუსის დიქტატორმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსი კვაზი ჩე გევარა ევგენი პრიგოჟინი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე თურმე აღარ არის და სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა. ამის პარალელურად რუსულ მედიაში გავრცელდა პრიგოჟინის პეტერბურგული სასახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები. როგორც რუსული გამოცემები იუწყებიან, ჩხრეკა სასახლეში, რომელიც სანკტ-პეტერბურგის ელიტურ დასახლება "ჩრდილოეთ ვერსალში" მდებარეობს, 24 ივნისს, ანუ ე.წ. ამბოხის დღეს ჩატარდა.

როგორც ირკვევა, პრიგოჟინის მამულის საერთო ფართობი 1.5 ჰექტარია.

პრიგოჟინის სასახლეში ბევრ საინტერესო ნივთს მიაგნეს, მათ შორის ოქროს ზოდებს, ცეცხლსასროლ იარაღს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს ნაჩუქარ Glock-ს, თუმცა მათ შორის განსაკუთრებულად საინტერესო და სასტიკი ერთი რამ იყო, რომელზეც სტატიის ბოლოს ვისაუბრებთ.

სასახლე კლასიკური ინტერიერით და მასიური ხით არის გაფორმებული. პრიგოჟინის კაბინეტი ძვირფასი ავეჯით, ანტიკვარული მაგიდითა და ბილიარდის მაგიდით იპყრობს ყურადღებას.

ასევე, ჩხრეკის დროს იპოვეს პიჯაკი უამრავი ჯილდოთი, მათ შორის იყო: რუსეთის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის გმირის ვარსკვლავები, სიმამაცის ორდენი, უცხო ქვეყნის ორდენები, "ვაგნერის“ დროშა, პარიკები და გრიმი.

ასევე იპოვეს სხვადასხვა სახელზე დამზადებული პასპორტები.

სახლში ნაპოვნია ასევე დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი. მათ შორის როგორც რუსულ-საბჭოური, ასევე დასავლური წარმოების.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოვნია ფული სხვადასხვა ვალუტაში და ასევე ოქროს ზოდები.

როგორც გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, "კვაზი ჩე გევარას" თავის სალოცავი კუთხეც ჰქონია.

ერთ ოთახში განთავსებულია სამედიცინო აპარატურა, რეანიმაციისა და თერაპიის ინვენტარი.

თვალში საცემი იყო სასახლის ჰოლი, თავისი ავეჯითა და უზარმაზარი კინოთეატრით.

ფოტოებიდან ჩანს, რომ ფეშენებელურ შენობაში განთავსებულია ასევე: საუნა, შიდა აუზი და ჯაკუზი.

ეზოში კი მოწყობილია ვერტმფრენის მოედანი, რომელზეც გაჩერებული იყო პრიგოჟინის კერძო ვერტმფრენი.

ერთ-ერთ კაბინეტში ნახეს ცნობილი უროც, თუმცა სისხლის გარეშე.

ჩხრეკის დროს იყო კიდევ ერთი დეტალი, რაც თავშიც ვახსენეთ - ერთ-ერთ კედელზე ჩამოკიდებული იყო სურათი, რომელზეც ჩანს თავებდაჭრილი ადამიანები მიწის დახეთქილ ზედაპირზე როგორ აწყვია. მოგვიანებით სურათი სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მომხმარებლები გაოცებული იყვნენ ამ ფაქტით და მათი თქმით, ესეც ადასტურებდა პრიგოჟინის და "ვაგნერის“ ბრუტალური და სასტიკი ქცევისკენ ლტოლვას.

ცნობისთვის, 24 ივნისს "ვაგნერის“ მეთაურმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუსა და გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის დაპატიმრება დააანონსა და "სამართლიანობის მარში“ წამოიწყო. ეს კი სხვა არაფერი იყო, თუ არა სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

25 ივნისს, პრიგოჟინი, რომელიც თავისი არმიით მოსკოვიდან 200კმ-ში იმყოფებოდა, ბელარუსის პრეზიდენტის ჩარევით გაჩერდა და უკან, საველე ბანაკში დაბრუნდა. ვლადიმერ პუტინმა "ვაგნერის“ ამ საქციელს "შეიარაღებული ამბოხი" უწოდა. თავდაპირველად იმუქრებოდა, რომ ყველას პასუხს აგებინებდა, მაგრამ შემდგომ "ვაგნერის" მებრძოლებს ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, ანაც ბელარუსში წასვლა შესთავაზა.

მოამზადა: ანრი კურტანიძემ