ავტორი:

"ქვებს ისვრიან" - ხმაური საგარეჯოში: ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

"ქვებს ისვრიან" - ხმაური საგარეჯოში: ლევან ხაბეიშვილს და მის თანაპარტიელებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები პენსიონერებს ხვდებიან, ხმაურია.

კერძოდ, ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ „რუსული ოცნება“ პანიკაშია.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ხალხთან. ორგანიზატორი არის გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის უფროსი; გომელაური - ეს რუსები არიან ორგანიზატორები, „კაგებეშნიკის“ ოჯახში აღზრდილი კობახიძე. მეტი არ იცის, მეტი ინსტრუქცია არ უსწავლებიათ კრემლიდან. რაც იცის, იმას აკეთებს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, პარტიის წევრების მიმართულებით ქვებს ისვრიან. მისივე თქმით, მათზე თავდასხმა „ქართული ოცნების“ ორგანიზებულია.

"ეს არის სუს-ის, „ქართული ოცნების“, რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ორგანიზებული თავდასხმა ოპოზიციონერებზე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ქვებს ისვრიან“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.