ავტორი:

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა და აეკრძალა საზღვრის კვეთა საქმის გამოძიების დასრულებამდე: რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარის გირაო შეეფარდა და აეკრძალა საზღვრის კვეთა საქმის გამოძიების დასრულებამდე: რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე

"ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ის დამნაშავე არ არის.

"არ ვარ დამნაშავე. არც არასდროს დანაშაული არ ჩამიდენია და შესაბამისად, გაურკვეველია, რატომ ვარ ამ პროცესში. გარდა იმისა, რომ ერთი პიროვნება მედავება, რომ რაღაც ყოფილა, საქმეში მტკიცებულებები არ არის. რაც შეეხება კრიპტოვალუტას - ეს არის ნორმალური ბიზნესი, რითაც ბოლო 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ. საერთოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ეს იყოს აღქმული დანაშაულად?!" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი-სამი კვირაა მას სამართალდამცავების მანქანები დაყვებიან და უთვალთვალებენ.

"მინდა განვაცხადო, რომ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ჩემს მანქანას სამართალდამცველების მანქანები დაჰყვებიან. დამდევენ მანქანები. 6-7 მანქანა. ყოველ დღე იცვლებიან. 2-2, 3-3 დადიან, მუდმივად. არ ვიცი ეს რამდენად კანონიერია. მითვალთვალებენ. ჩაბურული მინებით არიან. ამის დაფიქსირება მინდა”,- თქვა პროცესზე ბრალდებულმა.

ცნობისთვის, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 3 მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვდა. თავად ბრალდებულმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში. ცნობისთვის, საქმე არ ეხება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას. კერძოდ, პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ასევე იხილეთ: