ავტორი:

"მისი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს" - რატომ არ ჩადის კადიროვი სამკურნალოდ რუსეთში და რას წერს მედია ჩეჩნეთის ლიდერის არაბეთიდან გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ?

"მისი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს" - რატომ არ ჩადის კადიროვი სამკურნალოდ რუსეთში და რას წერს მედია ჩეჩნეთის ლიდერის არაბეთიდან გამოქვეყნებული ვიდეოს შემდეგ?

რამდენიმე თვეა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო უამრავი ვერსია ვრცელდება. ეჭვების გასაფანტად კადიროვმა თავის მარჯვენა ხელთან, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, ადამ დელიმხანოვთან ერთად გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ისინი მათი ჯანმრთელობის გარშემო გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურნენ.

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის... ჩვენ ვცოცხლობთ, მშვიდად ვცოცხლობთ, პურს ვჭამთ. საინტერესოა ცხოვრება, ცხოვრება საერთოდ საინტერესოა ხოლმე, როცა მოკლეა. ამიტომ დიდხანს ცხოვრება ისედაც არ გვინდა. მოკლე, მაგრამ ღირსეული ცხოვრება გვექნება" - თქვა კადიროვმა.

სოციალური ქსელის მომხმარებლების თქმით, კადიროვი აზრის ზუსტად გადმოცემითა და მჭერმეტყველებით არ გამოირჩევა, მაგრამ ბოლოს გავრცელებულ ვიდეოში მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ორაზროვნად გამოხატული აზრი ზედმეტად დამაბნეველია...

"ნახევრად მოჭრილ ვიდეოში კი, ჯანმრთელს არც თავად ჰგავდა და არც დელიმხანოვი" - წერენ ისინი.

გასულ დღეებში ტელეგრამ არხებზე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კადიროვისა და დელიმხანოვის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელიმხანოვი ზაპოროჟიეს ოლქში დაიჭრა. დაბომბვისას მასთან ერთად მყოფი რამდენიმე ათეული ჩეჩენი დაიღუპა, რაზეც კადიროვმა მხოლოდ ზედაპირულად ისაუბრა და დაღუპულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

  • 24tv.ru-ს ცნობით, იჩქერიის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ახმედ ზაკაევის თქმით, კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რუსი კურატორების დახმარება დასჭირდა.

"კადრები, რომელიც არავინ იცის სად არის ჩაწერილი, კადიროვმა გავრცელებული ხმების პრევენციისთვის ჩაწერა, თუმცა ადგილობრივები საუბრობენ იმაზე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ადგილობრივი ხელმძღვანელობა კადიროვის დიაგნოზს ასაიდუმლოებს. დელიმხანოვმა კი უკრაინაში ფეხი დაკარგა. ჭრილობა იმდენად მძიმე იყო, რომ ამპუტაცია დასჭირდა... ის ვიდეო გარემოცვის რჩევით ჩაწერა" - ამბობს ზაკაევი.

გამოცემის ცნობით, კადიროვი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია გადაღებული, სადაც სამკურნალოდ ჩადის. რუსულ მედიაში ხშირად სვამენ კითხვას - რატომ არ მკურნალობს კადიროვი რუსეთში, მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში...

kavkazr.com-ის ცნობით, კადიროვის ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი იუწყება, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, მას თირკმელების პრობლემა აქვს და დიალიზზეა. ამიტომაც, პუბლიკასთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდა.

კიდევ ერთი ვერსიით, არ არის გამორიცხული, რომ კადიროვი ავადმყოფობას და სიტუაციის დამძიმებას თავად იგონებდეს, რადგან უსაფრთხოების გამო, მექაში წასვლისგან თავს იკავებდა და ამიტომაც გაავრცელა ხმები, თითქოს მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ადგილობრივების თქმით, პრიგოჟინის არშემდგარი ამბოხების შემდეგ, ვაგნერი დაშალეს, მაგრამ მისი წევრები ჯერჯერობით რუსეთში არიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული და დასაკარგი არაფერი აქვთ. კადიროველები კი, მათთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი პერსონები არიან, კადიროვი კი დიდი ხანია მათი სამიზნეა.

"შესაძლოა, ამიტომაც გამოტოვა მან დაღესტანში ვლადიმირ პუტინის ვიზიტის ფარგლებში გამოჩენა, არადა ჩეჩნეთის ლიდერს ძალიან უყვარს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან ფიგურად თავის წარმოჩენა, მით უფრო, პუტინის გვერდით... მას ან ეშინია, ან მართლა ცუდად არის, სხვა შემთხვევაში ამ შესაძლებლობას არ გამოტოვებდა" - წერს გამოცემა.

მის ავადმყოფობაზე ცნობები 2019 წლიდან ვრცელდება. კადიროვმა მაშინ განაცხადა, რომ ძლიერი ორგანიზმი აქვს და გადასხმები მხოლოდ ორი დღის განმავლობაში დასჭირდა. შემდეგ იგივე ინფორმაცია 2020 წელსაც გავრცელდა, რა დროსაც დუმის დეპუტატმა შამსაილ სარალიევმა აღნიშნა, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მხოლოდ წვრილმანი პრობლემები აქვს და საშიში არაფერია.

2023 წელს იჩქერიის პრემიერმა ახმედ ზაკაევმა უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კადიროვს ჯანმრთელობის ძლიერი პრობლემების გამო, ნარკოტიკულ პრეპარატების მიღება უწევდა. ის აბუ-დაბიში ყველაზე პოპულარულ ექიმთან მკურნალობდა. მაშინ ეს ინფორმაცია გროზნოელმა ნევროლოგმა, იასინ იბრსგიმააც დაადასტურა, თუმცა, შემდეგ მალევე უარყო.

"რაც უნდა იცინოს კადიროვმა და გავრცელებული ცნობები უარყოს, მას სახეზეც ეტყობა, რომ ცუდად არის... თავდაპირველად, არ ემორჩილებოდა მკურნალობის მეთოდებს, არ მიჰყვებოდა ექიმის ინსტრუქციას და არ იღებდა მედიკამენტებს. ამიტომაც ექიმი იძულებული გახდა, მისთვის განეცხადებინა, რომ მსგავსი შემთხვევების 30% ლეტალურად სრულდება... ბოლო ხანებში, ის ექიმის მითითებას მიჰყვება, მაგრამ როგორც ირკვევა, მისი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს" - ამბობს გამოცემასთან საუბარში წყარო.