აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთის საჰაერო ხომალდებს უკვე მეორედ ჰქონდათ მცდელობა, თავს დასხმოდნენ სირიის თავზე მოქმედ ამერიკულ დრონს.
"გასულ ხუთშაბათს, ამერიკული საფრენი აპარატი MQ-9 Reaper ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მისიას ასრულებდა, როდესაც რუსული მოიერიშე თვითმფრინავები მიუახლოვდნენ. ერთ-ერთ მათგანს დრონთან დაჯახების მცდელობა ჰქონდა“, - ამბობს აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი, ალექს გრინკევიჩი.
საჰაერო ძალების ცენტრალური სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია ორი რუსული გამანადგურებელი, რომლებიც ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატთან ახლოს დაფრინავენ.
"ეს მოვლენები წარმოადგენს რუსული საჰაერო ძალების არაპროფესიონალური და სახიფათო ქმედებების კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც კოალიციის, ისე რუსეთის ძალების უსაფრთხოებას.
ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ძალებს სირიაში, შეწყვიტონ ეს უგუნურება და დაიცვან ქცევის სტანდარტები, რათა კვლავ გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება ISIS-ის დამარცხებაზე", - აცხადებს ალექს გრანკევიჩი.

აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, სირიის თავზე რუსული თვითმფრინავები თავს დაესხნენ სამ ამერიკულ დრონს.
როგორც ცნობილია, აშშ რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან შევიწროების ერთადერთი სამიზნე არ ყოფილა: Twitter-ზე, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსულმა SU-35 მოიერიშე თვითმფრინავმა, ერაყ-სირიის საზღვართან, "არაპროფესიული ქმედება“ განახორციელა ორი ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავის წინააღმდეგ.
"ფრანგმა მებრძოლებმა კატასტროფის თავიდან არიდება შეძლეს", - ნათქვამია განცხადებაში.