ავტორი:

გიორგი კალანდიას 15-ტომეული "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" პრესტიჟული შვეიცარიული ჯილდოს მფლობელი გახდა

გიორგი კალანდიას 15-ტომეული "ქართველები მსოფლიო ისტორიაში" პრესტიჟული შვეიცარიული ჯილდოს მფლობელი გახდა

გიორგი კალანდიას 15-ტომეული „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, რომელიც „პალიტრა L-მა“ გამოსცა პრესტიჟული შვეიცარიული ჯილდოს მფლობელი გახდა. შვეიცარიის ბიზნესასოციაციის რეიტინგში მან დაიკავა პოზიცია „საუკეთესო საქართველოში“ (Best of Georgia). თავად გიორგი კალანდიას სპეციალური მედალი გადაეცა.

საუკუნეების განმავლობაში არაერთი ქართველი აღმოჩნდა სამშობლოს მიღმა. ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა მიზეზით. ზოგი მტრის შემოსევებისა და ომების შემდეგ დაიკარგა უგზოუკვლოდ, ზოგი საკუთარი გადაწყვეტილებით გაემგზავრა ქვეყნიდან. მათი უმრავლესობა მართლაც უკვალოდ გაქრა. ბევრის სახელები და საქმეები კი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიამ შემოინახა.

ქართველები ავღანეთში, ალჟირში, ამერიკაში, მაროკოში, საფრანგეთში, ბულგარეთში, ინგლისში, თურქეთში, რუსეთში, სპარსეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში - სწორედ ამ საინტერესო ნაცნობ და უცნობ ისტორიებს აერთიანებს 15-ტომეული, რომელზეც ავტორი წლების განმავლობაში მუშაობდა. გამოცემები ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში. ისტორიები იწყება უძველესი დროიდან და 1950 წლამდე გრძელდება.

ამ მნიშვნელოვანი გამოცემისათვის, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია მასალას მსოფლიოს მასშტაბით 10 წლის განმავლობაში აგროვებდა. წიგნში საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრები და მოღვაწე ქართველების შესახებ მოცემული ინფორმაცია უიშვიათესი რეპროდუქციებითა და ფოტოებითაა გამდიდრებული.

როგორც თავად ავტორი იხსენებს, ისტორიული ფაქტების შეგროვება ჯერ კიდევ გადაცემა „ჩვენებურებზე“ მუშაობის პერიოდში დაიწყო. ამ დროს გიორგი კალანდია სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა და ხელი საინტერესო მასალებზე მიუწვდებოდა. წიგნების დაწერის ინსპირაცია კი ერთი ისტორია გამხდარა.

„ევროპაში მოგზაურობის დროს, მე და ჩემი მეგობარი ვიდექით ავტობუსის გაჩერებაზე და ვსაუბრობდით ქართულად. მოვიდა ერთი ინგლისელი ქალბატონი და გვკითხა, რა ენაზე საუბრობთო? როცა ვუპასუხეთ, რომ ჩვენ ვიყავით ქართველები, დამისვა ძალიან ბანალური კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა სწორედ ამ წიგნით ვცადე. მან მკითხა: ვინ არის ყველაზე ცნობილი და სახელოვანი ქართველი და რა გაუკეთებიათ ქართველებს მსოფლიოსათვის? ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენი დიდი ხნის შრომის შედეგი - „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, - იხსენებს გიორგი კალანდია.

R