ავტორი:

ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ალენ დელონის შვილები მამის მომვლელ ქალს ლეგენდარულ მსახიობზე ძალადობისთვის უჩივიან - რას წერს ფრანგული პრესა

ფრანგული კინოს ლეგენდის, ალენ დელონის შვილებმა პოლიციაში საჩივარი შეიტანეს დელონის დამხმარე ქალის წინააღმდეგ. საჩივრის მიხედვით, მსახიობის შვილები ქალს ალენ დელონის შეურაცხყოფაში, მუქარასა და არასათანადოდ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

ფრანგულ გამოცემა France-Presse-სთან მსახიობის ოჯახის ადვოკატი, კრისტოფერ აიელა ამბობს, რომ დელონი 2019 წლიდან მნიშვნელოვნად დასუსტებულია. სწორედ ამ პერიოდში განუვითარდა მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი შვილებმა მომვლელად იაპონელი ქალი, ჰირომი როლინი დაიქირავეს.

ალენი და ჰირომი

"დამხმარე ქალმა გამოავლინა აგრესია, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი დამოკიდებულება დელონისა და მისი შვილების მიმართ. ეჭვი გვაქვს, რომ მსახიობის სისუსტეს ბოროტად იყენებდა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს“, - აცხადებს ადვოკატი.

საჩივარი შეიტანეს დელონის შვილებმა - ანუჩკამ, ალენ ფაბიენმა და ენტონიმ, საჩივარზე ასევე თვითონ ალენ დელონის ხელმოწერაც არის.

ადვოკატის ინფორმაციით, ალენ დელონის დამხმარე ქალი სისტემატურად ამოწმებდა მსახიობის შეტყობინებებს ტელეფონში, მის პირად მესიჯებს. დაუკითხავად პასუხობდა ალენის ნაცვლად მეილებს დელონის სახელით. ცდილობდა ყველაფრის გაკონტროლებას და ლეგენდარულ მსახიობს "შეუფერებლად ექცეოდა".

ენტონი დელონმა დამატებით საჩივარი შეიტანა პოლიციაში "უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირზე ძალადობისთვის“. - წერს AFP. გამოცემის ცნობით, ქალის მხრიდან ამგვარი მოპყრობა სავარაუდოდ, 18 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ზოგიერთი ტაბლოიდი ალენ დელონისა და მისი მომვლელი ქალის სასიყვარულო ურთიერთობაზეც წერს, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით, არცერთი სანდო წყარო არ საუბრობს.

წყარო: lemonde.fr