ავტორი:

"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

"ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს მიზეზს, მჯეროდეს, რომ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ" - ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულის საბოლოო სიტყვა სასამართლოზე

მინდა მჯეროდეს, რომ თქვენ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომელიც კიდევ ერთხელ მომცემს საშუალებს, ვირწმუნო, რომ ჩვენს ქვეყანაშიც ღირს საკუთარი სიმართლის დასაცავად ბრძოლა, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ მისი საქმის მოსამართლეს, ლაშა კლდიაშვილს მიმართა.

ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში, რომელიც საკმაოდ ვრცელი იყო, მის და დანარჩენი დაკავებულების მიმართ წარდგენილ ბრალდებას "შეთითხნილი“ არაერთხელ უწოდა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ "ულევი სიყალბე ბეჯითად მოაგროვა“.

"ვიცი, ბევრს ამ სიტყვებზე მწარედ ეღიმება, მაგრამ მომეცით ნება, ამის მჯეროდეს. ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ ოპტიმისტი ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ოპტიმიზმიც კი არ მაძლევს იმის მიზეზს, ოცნების კოშკები ავაგო და მჯეროდეს, რომ თქვენ გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ. ერთადერთს, რასაც გთხოვთ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მომავალში, როცა დადგება დღე, იმ პაწაწუნა ჩანთის პატრონი, რომელიც სატელევიზიო სიუჟეტში ხელში გეკავათ, კითხვას დაგისვამთ იმის შესახებ, ცხოვრებაში ოდესმე თუ მიგიღიათ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თქვენს და სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, შეგძლებოდეთ სიამაყით განგეცხადებინათ, რომ მიუხედავად საოცარი წნეხისა, ასეთი რამ არ ჩაგიდენიათ“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

მის გარდა საბოლოო სიტყვებით ისარგებლეს დანარჩენმა ბრალდებულებმაც.

მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ, სავარაუდოდ, დღევანდელი სხდომის შემდეგ გავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმე 2 ეპიზოდად მიმდინარეობს. აღნიშნულ ეპიზოდს 9 ბრალდებული ჰყავს, მათ შორის არის "გრინსერვისი+“-ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე, ასევე, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. ასევე, ბრალდებულები არიან - დევი კახოიძე, ნუგზარ ქიტიაშვილი, დავით თუშიშვილი, ვალერი და გიორგი გობეჯიშვილები, ლაშა ჭიღიტაშვილი და ბექა მურღვლიანი.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. დაკავებულებიდან ნაწილს ბრალი დაუმძიმდათ. კერძოდ, კი, "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტი). "გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). ბრალდება წარდგენილი აქვს "ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელს - 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია); "ნიუ მეტალ დიზაინის“ მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს - 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა.