შსს-მ მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
გამოძიება სსკ 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოში, მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს”, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ, რის გამოც ის თავს შეუძლოდ გრძნობდა, განსაკუთრებით მძიმედ კი 1 კვირის წინ.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე ამ ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საპატრიარქოს საგამოძიებო უწყება დაუკავშირდა, თუმცა "საპატრიარქომ თავი შეიკავა, რადგან გარკვეული ნიუანსია გასარკვევი“.
როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჯერად მეუფე შიოს კვლევის შედეგებს უცხოეთიდან ელოდებიან.
"ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად. არ გამოგვიტანია, არც ვაპირებდით, იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად. უცხოეთიდან ველოდებით კვლევის შედეგებს. საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თავი შევიკავეთ, იმიტომ, რომ რაღაც ნიუანსები გვაქვს გასარკვევი, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ რასაც ვფიქრობთ, იმას ვსაუბრობთ ხმამაღლა. მეუფე შიოს ჯანმრთელობა ნორმალურია, შრომისუნარიანი, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.