ავტორი:

"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი

"კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს... რა ფასი უნდა ჰქონდეს პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?" - პრეზიდენტი

ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს?, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამით ის პრაიდის ღონისძიების ჩაშლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო.

მისივე თქმით, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და მის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს.

"საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების, პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მინდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. პრაიდის მოწინააღმდეგეებს ფესტივალის მონაწილეები ადგილზე არ დახვდათ, რადგან ისინი ტერიტორიიდან ევაკუაციის გზით გაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

წაიკითხეთ ასევე: