ავტორი:

"მივდივარ ანაზღაურებად შვებულებაში" - რამზან კადიროვმა დასვენებისთვის მოიცალა: სად მიდის ჩეჩნეთის ლიდერი და ვის გადააბარა მოვალეობა?

"მივდივარ ანაზღაურებად შვებულებაში" - რამზან კადიროვმა დასვენებისთვის მოიცალა: სად მიდის ჩეჩნეთის ლიდერი და ვის გადააბარა მოვალეობა?

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა შვებულება აიღო. მის მოვალეობას კი ჩეჩნეთის მთავრობის მეთაური მუსლიმ ხუჩიევი შეასრულებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჩეჩნეთის მეთაურისა და მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“2023 წლის 3 ივლისიდან მივდივარ ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში. ჩემი შვებულების განმავლობაში რესპუბლიკის მეთაურის მოვალეობას შეასრულებს მუსლიმ მაგომედოვიჩ ხუჩიევი“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კადიროვს შვებულება და დასვენება ძალიან უყვარს. მიმდინარე წელს ის უკვე ორჯერ იყო შვებულებაში - იანვარსა და აპრილში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში მან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ "ძალიან დიდი ხანია“ ჩეჩნეთის ლიდერის თანამდებობაზეა და დაიმსახურა "განუსაზღვრელი და ხანგრძლივი დროით შვებულება“.

ამ ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში მეორე ვიდეო შემოგვთავაზა, სადაც უკვე სულ სხვაგვარად საუბრობდა და ამბობდა, რომ "ასე უბრალოდ არ შეეძლო თანამდებობის დატოვება".

“მე შემიძლია წავიდე მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით. ამიტომ, უვადო შვებულებაზე საუბარს სამომავლოდ დავტოვებ“, - ამბობდა კადიროვი.

საინტერესოა, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა გამოცემები ხშირად წერენ ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის პრობლემებზე. უცნობია, რეალურად მართლაც აქვს თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა, თუმცა იმ ფაქტმა, რომ შვებულებაში გავიდა, გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, ეს პერიოდი მკურნალობისთვის სჭირდებოდეს, თუმცა ეს ცნობები დაუდასტურებელია.