ავტორი:

"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და უკრაინელების მოთხოვნა

"ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!" - ბერდიანსკელი 16 წლის ბიჭების ბურუსით მოცული მკვლელობა: ოკუპანტების ვერსია და  უკრაინელების მოთხოვნა

რუსმა ოკუპანტებმა ბერდიანსკში ორი მოზარდი ტიგრან ჰოვანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი მოკლეს. ოკუპანტები მათ მელიტოპოლის რკინიგზაზე დივერსიის მომზადებაში ადანაშაულებდნენ. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მოზარდებს შემოდგომიდან დევნიდნენ. რუსმა სამხედროებმა ისინი არაერთხელ აწამეს და მათი სიკვდილით დასჯის სიმულაციაც მოაწყვეს.

პარტიზანები ბერდიანსკში

აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბერდიანსკი, ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, რომელიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაიპყრეს.

ოკუპაციის პირველ თვეებში ბერდიანსკის მოსახლეობა ძირითადი საკვები პროდუქტების, ნაღდი ფულის და აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობას განიცდიდა. სიტუაციის ოდნავ "დასტაბილურების“ შემდეგ კი ქალაქში პარტიზანული მოძრაობა გააქტიურდა:

გასული წლის სექტემბერში, უცნობმა პირებმა საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ოლეგ ბოიკო, მისი მეუღლე და მოადგილე მოკლეს. ხოლო 13 დეკემბერს, პარტიზანებმა სატრანსფორმატორო ქვესადგური ააფეთქეს, რომელიც რუსეთის სამხედრო ყაზარმებს ენერგიით ამარაგებდა.

  • ტიგრან ოჰანესიანი და ნიკიტა ხანგანოვი

ტიგრანი და ნიკიტა 2006 წელს დაიბადნენ. ორივე მოზარდი ერთსა და იმავე სკოლაში დადიოდა.

”პრობლემური მოსწავლეები არასდროს ყოფილან, საკმაოდ მშვიდი და შრომისმოყვარე ბავშვები იყვნენ”, - ამბობს ტიგრანისა და ნიკიტას ყოფილი მასწავლებელი.

ნიკიტა ბერდიანსკში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, ტიგრანი კი - დედასთან, მამინაცვალთან, დასთან და ბებიასთან ერთად. ტიგრანის დას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ბავშვის სამკურნალოდ ოჯახი რეგულარულად მიემგზავრებოდა კიევში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბერდიანსკი დაიკავა, კიევში გამგზავრება ჯერ ძალიან პრობლემური, შემდეგ კი სრულიად შეუძლებელი გახდა. გოგონას ჯანმრთელობისთვის ოჯახმა გერმანიაში წასვლა და მკურნალობის იქ გაგრძელება გადაწყვიტა. თხოვნის მიუხედავად, ტიგრანმა წასვლაზე უარი თქვა და მშობლიურ ქალაქში, ბებიასთან დარჩა.

ტიგრანის დედა ოქსანა სტაროვეროვა, უკრაინელ ჟურნალისტ იანინა სოკოლოვასთან საუბრისას ამბობს, რომ ომის დაწყებიდან პირველ დღეებში ტიგრანი მოხალისეთა შესარჩევ საბჭოშიც კი წავიდა, მაგრამ 15 წლის ბიჭს მიღებაზე უარი უთხრეს.

  • დივერსიის საქმე

ახალგაზრდების პრობლემები გასული წლის 30 სექტემბერს დაიწყო. ღამით ტიგრანის სახლთან მანქანების მთელი კოლონა გაჩერდა - ჯიპები, შეიარაღებული ხალხი, ძაღლები. ძებნა მთელი ღამე გაგრძელდა.

უსაფრთხოების ძალებმა ეს იმით ახსნეს, რომ სახლში "საშიში ტერორისტი“ ცხოვრობდა. ამ პროცესში სცემეს ტიგრანის ბებიას, მოზარდს კი თავზე შავი ნაჭერი ჩამოაფარეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

იმავე დღეს ნიკიტა ხანგანოვის სახლში რუსი სამხედროები მივიდნენ, მაგრამ იქ ვერავინ იპოვეს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ტიგრანი ბერდიანსკის ცენტრში, გრეჩესკაიას ქუჩაზე მდებარე პოლიციის უზარმაზარ ოთხსართულიან შენობაში ჰყავდათ დაკავებული.

5 ოქტომბერს იგი მოულოდნელად გაათავისუფლეს და დაავალეს, რომ პროკურატურაში ყოველდღიურად გამოცხადებულიყო.

გათავისუფლების შემდეგ ტიგრანმა ოჯახს უთხრა, რომ პატიმრობის დროს მას ელექტროშოკით აწამებდნენ. ტიგრანის გათავისუფლებიდან მალევე, სამხედროებმა ნიკიტაც დააკავეს და მამასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკითხეს და გაათავისუფლეს - ასევე პროკურატურაში გამოცხადების ვალდებულებით. ბიჭების სახლებს რეგულარულად ჩხრეკდნენ, მაგრამ ბრალი ოფიციალურად რამდენიმე თვის განმავლობაში არ წაუყენებიათ.

  • გამგზავრების მცდელობა

დეკემბერში მოზარდებს უთხრეს, რომ აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ. მალევე, RIA Novosti - მ გამოაქვეყნა ვიდეო, ტიგრანისა და ნიკიტას ბუნდოვანი სახეებით, რომელშიც ბიჭები რკინიგზაზე დივერსიის მოწყობას აღიარებდნენ.

იანვარში ტიგრანის მთელი ოჯახი გერმანიიდან მის წასაყვანად დაბრუნდა. ბერდიანსკში რამდენიმე დღის გატარების შემდეგ, რუსეთის გავლით, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ.

როსტოვში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მათი მანქანა ტაგანროგში რუსეთის საგზაო პოლიციამ გააჩერა - ტიგრანი მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ხუთი საათის განმავლობაში კითხავდნენ. შემდეგ კი დედასთან ერთად როსტოვის ოლქის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიიყვანეს და დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს გადასცეს. ოჯახი მარიუპოლში წაიყვანეს, ისევ გაჩხრიკეს და შემდეგ ბერდიანსკში დააბრუნეს. უმცროსი შვილები ბებიას ჩააბარეს, ტიგრანი კი დედასთან და მამინაცვალთან ერთად საკანში გამოკეტეს. საბოლოოდ, ტიგრანის გარდა, ქალაქიდან გასვლის უფლება ყველას მიეცა.

24 მაისს ბიჭებს ბრალი წარუდგინეს. საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ გასული წლის სექტემბერში მოზარდებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, სარკინიგზო ხაზები დააზიანეს.

არასრულწლოვანებს ადვოკატები დაუნიშნეს. ტიგრანის ოჯახის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდებს დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებდა. ახლობლები ცდილობდნენ ეპოვათ დამოუკიდებელი ადვოკატები, მაგრამ ამ საქმეზე მუშაობას არავინ თანხმდებოდა - რეპრესიების ქვეშ მოქცევის რისკი ძალიან დიდი იყო.

ტიგრანისა და ნიკიტას საქმის სასამართლოში წარდგენის პერსპექტივამ გააძლიერა უკრაინელი უფლებადამცველების ძალისხმევა, რომლებიც ამ საქმეს თვალს ადევნებდნენ. მათი წყალობით, მოზარდების ბედი ევროპასა და შეერთებულ შტატებში გახდა ცნობილი.

  • სროლა შმიდტის პარკთან

ტიგრანი და ნიკიტა ყოველდღე აგრძელებდნენ პროკურატურაში გამოცხადებას. ივნისში, ტიგრანის სახლში შეიარაღებული ესკორტი მივიდა. მაგრამ ბიჭმა ნიკიტასთან ერთად გაქცევა მოახერხა. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემალებოდნენ საოკუპაციო პოლიციას.

24 ივნისს, დაახლოებით 19:17 საათზე ბერდიანსკის მცხოვრებლებმა სროლის ხმა გაიგეს. ხმები ქალაქის ცენტრში მდებარე ყველაზე დიდ, ლეიტენანტ შმიდტის სახელობის პარკში გაისმა.

სროლაში მონაწილე პირის აღწერილობა ადგილობრივ ტელეგრამში გავრცელდა: "კაცი (შესაძლოა სამხედრო), შავგვრემანი, დაბალი, ყავისფერი პერანგით.“

ერთი საათის შემდეგ ოკუპანტების პროპაგანდისტულ ერთ-ერთ "ტელეგრამარხზე" მომხდარის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა:

”დაახლოებით საღამოს 7 საათზე, როდესაც მოსახლეობა ოჯახებთან ერთად ქალაქის სანაპიროზე ისვენებდა, ორმა ტერორისტმა ავტომატიდან ცეცხლი გახსნა. ტერორისტები გაანადგურეს“, განცხადებაში დასახლებული იყო ერთ-ერთი მოკლულის სახელიც - "ტიგრან ოჰანესიანი, რომელიც ადრე დაკავებული იყო ანტირუსული საქმიანობისთვის“. უკრაინულმა მედიამ მაშინვე ივარაუდა, რომ მეორე მოკლული შესაძლოა მისი თანაკლასელი და მეგობარი, ნიკიტა ხანგანოვი ყოფილიყო.

  • "ეს სიკვდილია, ბიჭებო"

იმავე საღამოს, ტიგრანის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა.

ჩანაწერში ახალგაზრდა, იარაღით ხელში, ამბობს: "ეს ყველაფერი სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!"

  • "მემარჯვენეები“

მოზარდების დაღუპვის შესახებ პირველადი ცნობებიდან მალევე, ინტერნეტში კიდევ რამდენიმე შეტყობინება გამოჩნდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტიგრანმა სიკვდილამდე ჩაწერა. მათმა შინაარსმა ახლობლები და უფლებადამცველები გააოცა.

ერთ-ერთ მათგანში ტიგრანი ამბობს:

"გამარჯობა, ძმაო. რამდენიმე რუსი მოვკალით“. მეორეში გვესმის სიტყვები: "აქ ავტომატი მაქვს, სისხლი მომდის, დავიჭერი...“

ბიჭების ახლობლები და დამცველები ამბობენ, რომ მათგან მემარჯვენე შეხედულებები არასდროს მოუსმენიათ. მით უფრო გასაკვირია, რომ სიკვდილამდე ნახევრად სომეხი ტიგრანი თეთრი რასის უპირატესობის შესახებ საუბრობდა. არანაირი სხვა მტკიცებულება იმისა, რომ ტიგრანი და ნიკიტა რომელიმე ულტრამემარჯვენე ორგანიზაციასთან თანამშრომლობდნენ, არ არსებობს.

  • გარდაცვალების მიზეზი

საოკუპაციო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია ბიჭების გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობას ასახელებს.

მათი თქმით, ტიგრან ოჰანესიანმა დაჭრა სამართალდამცველი და მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შემდეგ ესროლა ნიკიტას, შემდეგ კი თავი მოიკლა.

თვითმკვლელობის ვერსიის გაანალიზებისას, ადვოკატი ანდრეი იაკოვლევი მიუთითებს ტიგრანისა და ნიკიტას ცხედრების ფოტოებზე. მისი თქმით, ტიგრანს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება ახლა ყველაფრის ფასად ცდილობს დამალოს, რა მოხდა 24 ივნისის საღამოს, ბერდიანსკის ცენტრში.

პრობლემა ის არის, რომ მოკლული ტიგრანისა და ნიკიტას ცხედრები ახლობლებისთვის ჯერ არ გადაუციათ. პირველი ინფორმაციით, მოზარდები 29 ივნისს უნდა დაეკრძალათ, მაგრამ მორგმა, უბრალოდ, უარი თქვა დაღუპულთა ახლობლებისთვის ცხედრების გადაცემაზე.

30 ივნისს, უკრაინელი უფლებადამცველების თქმით, მოზარდების ცხედრები მელიტოპოლში, დამატებით ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

უფლებადამცველები, რომლებიც არასრულწლოვანების საქმეს ბოლომდე იკვლევდნენ, აპირებენ დამოუკიდებლად შეაგროვონ მტკიცებულებები მათი გარდაცვალების გარემოებების დასადგენად.

ნიკიტასა და ტიგრანის დაკრძალვის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი ცხედრები ოჯახისთვის ჯერ კიდევ არ გადაუციათ. უკრაინელები მოზარდებისთვის ეროვნული გმირის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.