ავტორი:

"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)

"სამაშველო გამოვიძახეთ და გვითხრეს, რა უნდა გავაკეთოთ, აღჭურვილობა არ გვაქვსო" - ოკუპირებულ აფხაზეთს სტიქია უტევს - დაიტბორა გზები და შენობები (ფოტოები)

ოკუპირებულ აფხაზეთს ისევ სტიქია უტევს. გადაუღებელმა ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლები დატბორა. ე.წ რკინიგზის პრესსამსახურის ცნობით, მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ძლიერმა წვიმამ დროებით ოკუპირებული გაგრის სადგურზე სარკინიგზო ლიანდაგი წაიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფაქტობრივად აღარ არსებობს ბზიფის ე.წ. რაიონული მილიციის შენობა. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, შენობა და შიგნით არსებული ინვენტარი, მთლიანად განადგურებულია. "დოკუმენტაცია, ყველა მნიშვნელოვანი ქაღალდი, სადაც უამრავი პირის საქმეა აღრიცხული, განადგურებულია. დაზიანებულია კომპიუტერული სისტემა. წყალს გასასვლელი არსად აქვს. მთელი დღე წვიმდა, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას", - წერს გამოცემა.

ადგილობრივების ცნობით, მეორე დღეა მთელი რაიონი სასმელი წყლის გარეშეა. ე.წ. საგანგებო სიტუაციის სამსახურის წარმომადგენლები ცდილობენ, მოსახლეობას დაეხმარონ, თუმცა, გადაუღებელი წვიმის გამო, ეს თითქმის შეუძლებელია. "ისინი მოსახლეობასა და რაიონის სტუმრებს მოუწოდებენ, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.

დატბორილია, გაგრის, ბზიფის, ლიძავას და გარშემო მდებარე დასახლებებში შენობების პირველი სართულები", - წერს გამოცემა.

ე.წ. ტურიზმის მინისტრის, თემურაზ ხიშბას რეკომენდაციით, მთელ რეგიონში სანაპიროების დახურვა გადაწყვიტეს, რამაც მოსახლეობის ნაწილი გააღიზიანა. მათი თქმით, ეს სანაპიროებზე არსებული კაფე-ბარების დახურვასაც ნიშნავს.

"საერთოდ ყველა დახურეთ და პრობლემა არაფერზე შეგექმნებათ. რა ქნას ამ ხალხმა, რით იარსებოს, თქვენსავით ბიუჯეტიდან არ იკვებება ხალხი. ყველა დაბტორილ შენობაში, მათ შორის მილიციაში საბუთები განადგურდაო, სად ვცხოვრობთ, ბოლოს და ბოლოს, აფრიკის ქვეყანა ვართ? ციფრული ბაზა არ არსებობს?! იურიდიული საქმეები საქაღალდეებში გედოთ?! თუმცა რა არის დაუჯერებელი, ამდენი წელია სანიაღვრე სისტემა ვერ მოწესრიგდა, ყოველი წვიმის დროს, მთელი გაგრა, სოხუმი, ბიჭვინთა იტბორება. რამდენი დრო გქონდათ იმისთვის, რომ მდინარეებისთვის კალაპოტი მიგეცათ", - წერს ბესიკ ცკუა.

ადგილობრივების თქმით, აფხაზეთში არ არსებობს რაიმე უძრავი ქონების დაზღვევა, შესაბამისად, მოსახლეობას ზარალს არავინ აუნაზღაურებს, რაც ნიშნავს, ზაფხულის სეზონზე ტურისტებისთვის მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდება.

"შარშან გავუკეთეთ სახლს კაპიტალური რემონტი, წყალი მეორე სართულამდე არ ასულა, მაგრამ ტურისტებისთვის სველი წერტილები და სამზარეულო, უმეტესობას პირველ სართულზე აქვს, ახლა ყველაფერი განადგურდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ასობით ოჯახი, მაცივრისა და სხვა აუცილებელი ნივთის გარეშე დარჩა. წყალმა დაფარა ავოტაფარეხები, დატბორილია მანქანები. არ ვიცი, ამ სეზონზე ხალხს შემოსავალი ექნება თუ არა. ასე მგონია, საშინელ სიზმარში ვარ, ყოველდღე ახალ-ახალი "სიურპრიზია", - წერს ემირ წიშბა.

"მთელი ღამე ვიძახებდით საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს, რადგან სახლიდან ვერ გამოვდიოდით, წყალი კი სულ უფრო მაღლა იწევდა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ მოვიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, საჭირო აღჭურვილობა არ გვაქვსო. მილები, რეზინის ჩექმები, წყლის სატუმბები არ ჰქონდათ.

თეიმურაზ ხიშბამ სანაპიროების დაკეტვა ბრძანა, მაგრამ რუსები მაინც გამოდიან ზღვაზე ბავშვებთან ერთად, სასმელით ხელში. როგორც კი წვიმა გადაიღებს, გარეთ გამოეფინებიან, ჩემს დას ჰყავს ორი ოჯახი - უთქვამთ, აქ ნესტის სუნში დასაჯდომად და კოღოების დასაკბენად არ ჩამოვსულვართო. მოჰყვებიან შტორმში და ამ პატარა ბიჭებმა უნდა იწვალონ გამოსაყვანად", - წერს მანანა ბაგათელია.

"წინ მთელი სეზონია და მთავარი ქალაქების ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი მოშლილია. მძიმე წელი გველოდება", - წერს ლეილა ბგანბა.