ავტორი:

სტიქია სამეგრელოში: მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ (ფოტო+ვიდეო)

სტიქია სამეგრელოში: მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორილია სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი - ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ (ფოტო+ვიდეო)

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა აბაშის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ადიდებული მდინარეები და ღელეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ეზოები, სახნავ-სათესი სავარგულები, დახოცილია შინაური ფრინველი. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში აუცილებელი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია. ისინი დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.

სენაკი

ადგილობრივების თქმით, ეს პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს დგება, ამიტომ აუცილებელია დამბის გამაგრება.

"ქარიატაში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა დღევანდელი სტიქიის შედეგად. ასეთი მდგომარეობა ხშირად არის. მდინარე რომ ადიდდება, კალაპოტიდან გადმოდის. ადგილობრივი ხელისუფლება კი არის ჩართული, მაგრამ სტიქიას წინ ვერავინ აღუდგება. ცენტრალური ხელისუფლება ამაზე არ ფიქრობს და მოსახლეობა რა დღეშია კი ხედავთ.

აბაშა

ამას დროული ყურადღება სჭირდება. პრობლემის დროს ჯიპებით მოდიან აქ და ეს სასიკეთოს არაფერს მოიტანს, უნდა იფიქრონ პრობლემის მოგვარების გზებზე და ჯებირი გააკეთონ. თუ ასე გაგრძელდა წვიმა, უარეს შედეგს მივიღებთ, რადგან მდინარეს კალაპოტი უკვე შეცვლილი აქვს“, - განაცხადა სოფელ ქარიატის მკვიდრმა გურიელ ქარდავამ.

სოფლების ნაწილს ამ დროისთვის არც ელექტროენერგია მიეწოდება.

ნახეთ ვიდეოკადრები ხობიდან - ვიდეო ია ჯიშკარიანი