ავტორი:

"ლაზერის ან დიოდის სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!" - ჭარბთმიანობა და კოსმეტოლოგის რჩევები: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ეპილაცია?

"ლაზერის ან დიოდის სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია!" - ჭარბთმიანობა და კოსმეტოლოგის რჩევები: რა ასაკიდან არის რეკომენდებული ეპილაცია?

მოვლილი და ლამაზი თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია, მაგრამ ზოგჯერ ეს "სამკაული" წესებს არღვევს და შეუფერებელ ადგილას ამოდის. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ექიმი-კოსმეტოლოგი თინა რევაზიშვილი ამბობს, გახშირდა ჭარბთმიანობა სახის არეში. ჩვენს რუბრიკაში დღეს ის ჭარბთმიანობის მიზეზებსა და მასთან ბრძოლის მეთოდებზე გვესაუბრება, ასევე საყურადღებო რჩევებს მისცემს ნამზეურის მოყვარულებს.

- ქალბატონო თინა, რას უკავშირებთ მოზარდ გოგონებში ჭარბთმიანობას და რა ასაკიდან არის რეკომენდებული ელექტრო თუ ლაზერული ეპილაცია?

- მოზარდებში ჭარბთმიანობის პრობლემა მნიშვნელოვნადაა მომატებული. ამიტომ დაიწყეს მოზარდებმა სახეზე ლაზერული ეპილაციის გაკეთება. არადა, ლაზერის, გნებავთ, დიოდის, სახეზე გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია ყველა ასაკში. სახის გარდა, იღლია იქნება, ბიკინი, წვივები თუ სხვა რომელიმე ზონა, გამოიყენეთ, სხივური აპარატებით ამ ზონებში მუშაობა ეფექტურია და უმტკივნეულოც.

მოზარდებში თმიანობის მიზეზი ხშირად ენდოკრინოლოგიური პრობლემებია, რასაც კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება, რის შემდეგაც ჩვენი ჩართულობა აბსოლუტურ შედეგს მოგვცემს. ჩვენს კლინიკაში 10 წლის გოგონაც კი მოუყვანიათ. ბავშვი გარეთ აღარ გადიოდა, თანაკლასელს უთქვამს გოგონასთვის, მამაჩემს მოვპარავ თმის საპარსს და ულვაში მოიპარსეო. 10 წლის ბავშვის ეპილაცია როგორ შეიძლებოდა?! ამიტომ მამაპაპური ელექტროეპილაცია გავუკეთე, ოქროს ნემსით. ხომ დისკომფორტი ახლავს ამ პროცესს, ტკივილიც, ის კი იჯდა გაუნძრევლად და ერთხელაც არ დაუჩივლია.

- რა ასაკიდან არის შესაძლებელი ეპილაცია?

- ციკლის მოსვლიდან 6 თვის შემდეგ, თუმცა როდესაც სკოლაში დაცინვასა და აბუჩად აგდებას ვეღარ უძლებენ, მოჰყავთ ხოლმე მშობლებს. ასეთ დროს ელექტროეპილაციას ვუკეთებთ, რომელიც უსაფრთხოა. ზოგი მალულად თვითონ იწიწკნის, იპარსავს ან მწებვარე და კრემ-ეპილატორებს ყიდულობს. ასეთებს ჭარბი თმის მოსაშორებლად უფრო ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ.

- გამიგონია, რომ არის აპარატები, რომლებიც ეპილაციის შემდეგ სახეზე ნაწიბურივით კვალს ტოვებს.

- ეს თმის ძირში ნემსით არასწორი შესვლის შედეგია. ამიტომაც დილეტანტს არც უნდა ანდოთ არც საკუთარი თავი და არც შვილი.

- ხალზე თუ შეიძლება აპარატით თმის გაქრობა?

- ხალი მიძინებული სიმსივნეა, რომელიც გამოკვლევის გარეშე არ ვიცით, კეთილთვისებიანია თუ ავი. მიდით დერმატოლოგთან, მოიწვით და მერე მობრძანდით ჩვენთან, თუ თმიანი ხალი გაქვთ.

- არსებობს მუქი და ღია ფერის თმა, რომელი უფრო ადვილად გასაქრობია?

- მსხვილი და მუქი თმის მკურნალობა ბევრად ადვილია, ვიდრე ქერა და უფერულისა, რომელსაც აპარატი ვერ ხედავს. ამ ტიპის თმის სამკურნალოდ ჯობს ელექტროეპილაციას მიმართონ.

- ეპილაციის შემდეგ როგორ უნდა მოვუაროთ კანს?

- პროცედურის შემდეგ 3 დღე მზეს უნდა მოვერიდოთ, თავი შევიკავოთ აუზზე, საუნაში სიარულისგან, ნუ გამოვიყენებთ დეოდორანტებს. თმიანობის გარდა, მოზარდებში გახშირდა ნაადრევი აკნეც.

- ამას რას უკავშირებთ?

- ხშირად ეს გამოწვეულია პარაზიტებისგან, რომლებიც ორგანიზმში სხვადასხვა გზით აღწევენ, სანიტარული ნორმებისა და ჰიგიენის წესების დაუცველობით დაწყებული, ფრჩხილის კვნეტით დამთავრებული. სწორედ ამიტომ აკნეს მკურნალობამდე ჯერ პარაზიტებს ვიკვლევთ.

რადგან მოზარდებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ითქვას, არაა რეკომენდებული მშობლების კოსმეტიკით ნაადრევად სარგებლობა. ამიტომაც ეწყებათ ნაადრევი გამონაყარი სახეზე. მერე აწვალებენ, ათასი ინფექცია შედის ორგანიზმში და გამონაყარი უფრო ვრცელდება. ასეთ დროს პაციენტს ბაქტერიოფაგში ანალიზებზე ვგზავნი, რომ ზუსტი ინფორმაცია მივიღო, თუ რა ტიპის ბაქტერიასთან გვაქვს საქმე, რათა მკურნალობა შედეგიანი იყოს...წაიკითხეთ სრულად