ავტორი:

"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე

"ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში" - გაიცანით "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023" ერთ-ერთი გამარჯვებული, რუსუდან ტყემალაძე

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ - სამი გამარჯვებული ჰყავს: მათე ბაღაშვილი, რუსუდან ტყემალაძე და ანი ბალიაშვილი. კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში. ამ ეტაპზე, ავტორები მენტორებთან ერთად საკუთარ ტექსტებზე მუშაობენ, რომელსაც მკითხველი მალე წიგნებად იხილავს. ვაგრძელებთ თქვენთვის გამარჯვებული ავტორების წარდგენას და ამჯერად, რუსუდან ტყემალაძეს გაგაცნობთ, რომელიც ჟიურის რჩეული მხატვრული რომანით - „არქიტექტორი“ გახდა. ნაწარმოები ტრაგი-კომედიური დრამისა და რეალიზმის ჟანრშია წარმოდგენილი, აღსავსეა შავი და თეთრი იუმორით. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მენტორთან მუშაობის პროცესში წიგნმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა.

„-იშვიათად მინახავს ტექსტის ასეთი ტრანსფორმაცია და თანაც - მკვეთრად უკეთესობისკენ. რუსუდანის წიგნი რედაქტირების დაწყებამდე და მას შემდეგ - ეს ორი სხვადასხვა ნაწარმოებია. ერთია - წერა სპონტანურად, შთაგონებით, მაგრამ მეორე და უფრო მნიშვნელოვანია - ნაწარმოებთან მიბრუნების და მისი გაუმჯობესების პერფექციონისტული, აკვიატებაში გადაზრდილი უნარი, რაც ავტორმა გამოავლინა. რომანის მთავარი პერსონაჟი არქიტექტორია. შესაბამისად, ტექსტი სივრცის, დროის, ზოგადად, გარემოს არქიტექტურული, არქიტექტორის თვალსაწიერიდან აღქმის საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, მკითხველისთვის უჩვეულო და საინტერესო იქნება ამ პროფესიის ადამიანების თვალით დაინახოს რეალობა. არქიტექტურა ტექსტის ფონი კი არ არის, რომელზეც სიუჟეტი გადის, არამედ აღქმის სპეციფიკური, სენსორული პერსპექტივა. ავტორი პროფესიონალი, საკმაოდ მაღალი კომპეტენციის არქიტექტორი და თეორეტიკოსია და, შესაბამისად, წიგნი ამ თვალსაზრისით უაღრესად მაღალპროფესიულია. ჩემთვის რუსუდანთან ერთად ტექსტზე მუშაობა, პირველ რიგში, სიამოვნება იყო - მადლობა მას ამისთვის. მეორე რიგში კი, შესაძლებლობა, ჩემი ცოდნა და მგრძნობელობა გამეფართოებინა არქიტექტურის და, ზოგადად, ვიზუალური აზროვნების მიმართულებით“, - მენტორი ლექსო დორეული.

რუსუდან ტყემალაძე პროფესიით არქიტექტორი, მხატვარი და პედაგოგია. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კითხულობს თეორიულ კურსს თანამედროვე არქიტექტურის ისტორიის შესახებ. კონკურსის შესახებ წიგნების ფესტივალზე შეიტყო, როდესაც „პალიტრა L”-ის პავილიონში, შეძენილ წიგნებთან ერთად საჩუქრად კონკურსში გამარჯვებულთა კატალოგი ერგო.

როდის და როგორ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში წერის ნიჭი და რატომაა ეს პროცესი თქვენთვის საინტერესო?

- ამბების თხრობა ბავშვობიდან ჩემი საყვარელი საქმეა, თუმცა უშუალოდ წერა მოზარდობის ასაკში, სკოლაში დავიწყე. შემოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამბავი იქნება, შენობა, პერსონაჟი თუ გარემო, - შექმნა რაიმე არაფრისგან ყველაზე სასიამოვნო და აზარტული პროცესია ჩემთვის.

რა გახდა „არქიტექტორის“ დაწერის ინსპირაცია, როგორ მუშაობდით ამ რომანზე და განიცადა თუ არა ტრანსფორმაცია კონკურსის პერიოდში, მენტორთან მუშაობის პროცესში?

- ამ წიგნის დაწერის სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. როცა 19 წლის ასაკში არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე და ამ ყოვლისმომცველი და ჩემთვის უცხო გარემოს შესწავლა დავიწყე. არქიტექტურული სამყარო ძალიან სპეციფიკურია და კოლორიტული. ფაქტობრივად ტექნოლოგიების, ფილოსოფიის და ვიზუალური ესთეტიკის გზაჯვარედინია, რომელზედ ჩემი გმირი საკუთარ თავს პოულობს და სწორედ ამ რაკურსიდან უყურებს სამყაროს. არქიტექტურა მეტად კამერული პროფესიაა და ფართო საზოგადოება, როგორც წესი, ნაკლებად ფლობს ინფორმაციას ამ სფეროზე, ამიტომ, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება არქიტექტორის მიერ დანახული არა მხოლოდ შენობა ან უბანი, არამედ მთლიანად ცხოვრება, ეპოქა, ადამიანები. მენტორთან მუშაობის პროცესში წიგნმა დიდი ტრანსფორმაცია განიცადა, ვინაიდან ჩემი გადაწყვეტილებით ტექსტი მეორედ გადავწერე თავიდან ბოლომდე. ესეც, ვფიქრობ, ძალიან „არქიტექტურული“ ნაბიჯი იყო, რადგან არ მოვისურვე ნამუშევარში წერტილოვანი შესწორებების შეტანა და მისი ხარისხის ასამაღლებლად გამოწვევა სრულმასშტაბიანად მივიღე. ახლა, როცა ტექსტი უკვე დასრულებულია, ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით და ვგრძნობ, თუ რამდენად გავიზარდე, როგორც ავტორი. წიგნი ფაქტობრივად შეჯამებაა ყველა იმ თემისა, რომელზეც მსურდა საუბარი მკითხველებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო წასაკითხი იქნება.

გაქვთ თუ არა რაიმე განსაკუთრებული მეთოდები ან სტილი, რასაც წერის დროს იყენებთ? თქვენი კომფორტული გარემო როგორია იმისთვის, რომ წეროთ?

- არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილია ამას მეთოდი ვუწოდოთ, მაგრამ სანამ სამუშაოდ დავჯდები, ძალიან ბევრს ვფიქრობ სიუჟეტზე, პერსონაჟებზე, ვრეფლექსირებ, ზოგჯერ ცალკეულ ფრაზებს ან დიალოგის ნაწილებს წიგნაკში ვიწერ, მაგრამ ყოველივე ეს ჩემი სხვა, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად ხდება. უშუალოდ ტექსტზე სამუშაოდ ვჯდები მხოლოდ მაშინ, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი შემოქმედებითი პიროვნების შინაგანი რხევის ამპლიტუდა თითქმის პიკს აღწევს და საუბარს ითხოვს. მაშინ ვიწყებ წერას. ძირითადად საღამოობით, როცა მცალია. კარგია, თუ უქმე დღეს, ან უკეთესია - შვებულებას დაემთხვა, ვინაიდან როცა ამ სპეციფიკურ მენტალურ მდგომარეობაში საწერად ვჯდები, ვმუშაობ საშუალოდ 6-8 საათი, ძალიან მცირე დასვენებებით, ზოგჯერ უფრო დიდხანს. დრო და დრო ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ამბავი თავად იწერება, მე კი ტექსტის ამკრეფი, მისი პირველი მკითხველი და რედაქტორი ვარ. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა! ეს პროცესი ძალიან მიყვარს, მაგრამ ცხადია მუდმივი არაა. ადრე მიმაჩნდა, რომ უწყვეტი წერის ჩემი ლიმიტი 2 კვირას არ აღემატება, მერე ფიზიკურად ვიღლები, თუმცა ამ რომანმა საკუთარი შესაძლებლობები უკეთ გამაცნო, - წიგნის მეორე ვარიანტი თავიდან ბოლომდე დავწერე ერთ თვეში, ჩემი ორი სხვა სამსახურის პარალელურად, რაც ძალიან ცოტა დროა და ორმაგად მეამაყება, რომ ასეთ ფიზიკურ და მენტალურ გამოცდას წარმატებით გავუმკლავდი.

წერისთვის კომფორტულ გარემოს რაც შეეხება, გაგანდობთ იმ აღმოჩენას, რომელიც ამ რომანზე მუშაობისას გავაკეთე. ჩემი მიგნებით, (და ეს რომანის ტექსტშიც დავაფიქსირე) პროფესიონალიზმი - ის მდგომარეობაა, როცა სამუშაოდ არ გჭირდება „მუზის მობრძანება“ ან სპეციფიკური პირობები. პიკასომ თქვა, რომ შთაგონება მოდის მუშაობის პროცესში და მე მას ვეთანხმები. საწერად არანაირ განსაკუთრებულ გარემოს არ ვიქმნი, ვზივარ სახლში, ლეპტოპით მუხლებზე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. საჭირო ატმოსფერო იქმნება ჩემს შიგნით და როცა პროცესი იწყება, იმდენად ვკონცენტრირდები, რომ მნიშვნელობა არ აქვს გარშემო რა ხდება, მთავარია ხმაური არ იყოს. სხვათა შორის, ადრე მუსიკის ფონზე ვმუშაობდი, ბოლო ერთი წელია რაც გადავეჩვიე, რადგან ვგრძნობ, რომ ტექსტს თავად გააჩნია საკუთარი რიტმი და მუსიკა მის მოსმენაში ხელს მიშლის. მიუხედავად ამისა, ჩემი ყველა ნაშრომი და ეს კონკრეტული წიგნიც გაჟღენთილია მუსიკით, მთავარი გმირიც მელომანია.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვებამ?

ადრე თუ გამოგიქვეყნებიათ რამე და თუ ჰქონდა გამოხმაურება თქვენს ნაწერებს?- კონკურსში გამარჯვება პროფესიულ აღიარებად მიმაჩნია, რადგან ამ სფეროში კომპეტენტურმა პროფესიონალებმა ჩემი ნაშრომი ყურადღების ღირსად ჩათვალეს. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის და თვითრწმენა გამიძლიერა. გარდა ამისა ბევრმა, ვინც მანამდე მიცნობდა, როგორც არქიტექტორს, პედაგოგს და ქართულ „იუთუბ“ სივრცეში არქიტექტურული ლექციების მქონე პირველი არხის შემქმნელს, ახლა გამიცნო როგორც მწერალი. ეს მათთვისაც დიდი აღმოჩენა იყო და ჩემთვისაც. საზოგადოების თანადგომა ძალიან დიდია, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ.

აქამდე მხატვრული ტექსტი გამოქვეყნებული მაქვს მხოლოდ ერთხელ. 2011 წელს, გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში გამოცემულ ალმანახში „ალავერდობა“ დაიბეჭდა ჩემი მოთხრობა სახელწოდებით „ნატურ-მორტი.“

როგორი გრძნობაა, როცა პირველ წიგნზე მუშაობ, ელოდები და რას ელით მკითხველისგან?- წიგნი, რომელსაც სულ მალე მკითხველს წარვუდგენთ, არ არის ჩემი პირველი ნამუშევარი. მანამდე დაწერილი მაქვს კიდევ სამი რომანი და რამდენიმე მოთხრობა, მაგრამ ასეთი დიდი გამოცდილების შემდეგ, ვფიქრობ ძველ ტექსტებსაც საფუძვლიანი კორექტირება ელით.

წიგნის მოლოდინი ძალიან ამაღელვებელია. ჩემი მაქსიმუმი უკვე შევასრულე, ტექსტი გამომცემლობას გადავეცი და ახლა დიდი ინტრიგის წინაშე ვიმყოფები, - ნეტავ როგორი იქნება დასრულებული წიგნი? როგორ მიიღებს მას სამყარო? რაიმე ახალს თუ შესძენს მისი არსებობა, ან იქნებ მორიგი გამოცემა გახდეს, წიგნების მაღაზიებში თაროს რომ ამშვენებს?.. ალბათ, გარკვეულწილად ჩემი მდგომარეობა ბავშვის მოლოდინს ჰგავს, იმ განსხვავებით, რომ ამ „ბავშვის“ ვინაობაზე მთლიანად მე ვარ პასუხისმგებელი. ამაფორიაქებელია ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ მკითხველების მხრიდან პოზიტიური რეაქციის იმედი მაქვს.

რა არის თქვენი ჰობი?

- ადრე ვამბობდი, რომ წერაა, მაგრამ დებიუტის შემდეგ უხერხულია ამას ჰობი ვუწოდოთ. შესაბამისად, ამიერიდან ჩემი ჰობია იოგა.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო? როგორ იბადებიან პერსონაჟები?- სამი პროფესიის მფლობელი, ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ, რომელსაც ძალიან უყვარს კარგი ამბები. შესაბამისად, შთაგონების წყარო თავად ჩემი ცხოვრებაა, ოღონდ არა ბიოგრაფიულად. ხელოვნებაში ზედმეტი ნატურალიზმი არ მიზიდავს. ყველა ჩემი ნამუშევარი მხატვრულადაა გაფორმებული და მის ფასეულობასაც ამაში ვხედავ. ნებისმიერი ფაქტი - მხოლოდ სტატისტიკური მონაცემია, კარგი ამბავი კი მისი ესთეტიზაციიდან იწყება.

ჩემი პერსონაჟები - ისევ მე ვარ, ოღონდ პარალელურ სამყაროში.

სამწერლო კარიერას რამდენად უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები და აპირებთ თუ არა აქტიურად მოღვაწეობას ამ სფეროში?

კიდევ ბევრი საინტერესო და ამაფორიაქებელი ამბავი მაქვს მოსაყოლი, იმედი მაქვს მათ დაბეჭდვას წინ არაფერი აღუდგება.

R