ავტორი:

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას ნატოს წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, მუდმივი რისკი გაქვს" - კობახიძე

ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, რა ტიპის გლობალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საქართველოსთან და ნატოსთან კონფრონტაციამ და შესაბამისად რა განსხვავებაა ამ ორ პასუხისმგებლობას შორის, კობახიძემ განმარტა, რომ "ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას“.

"მე შიშზე ვსაუბრობ ჩვენთან მიმართებითაც. ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, უბრალოდ ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა?! - ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. ნატო-ს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელი ნატოზე, მათ იმის ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნატოს პოლიტიკოსებს ეშინიათ ბირთვული ომის და ამიტომ არ შედიან რუსეთთან კონფრონტაციაში. ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ომთან მიმართებით, როცა საქართველოს ეხება საქმე. ჩვენ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვეულებრივ ომთან დაკავშირებით, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობასაც გრძნობს ნატო საკუთარ წევრ ქვეყნებთან მიმართებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ქვეყანა მიყვება პრაგმატულად პოლიტიკას.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ პირიქით, ისე არ გაიწელოს პროცესი, რომ თვითონ პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისათვის.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ და თან მუდმივად არაწევრის მდგომარეობაში ყოფნა, ქვეყნისთვის მუდმივ რისკს წარმოადგენს.

მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დადებითი ცვლილებები საქართველოსთვის რისკებს შეამცირებს.

"საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის - რეალურად ეს ასეა. ვიდრე თან გამოხატავ სურვილს, მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ ვამბობ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით უფრო დიდხანს შენარჩუნდება რისკები.

ამიტომ დავიტოვოთ იმედი, რომ საერთო ჯამში გლობალური პოლიტიკა ჩვენს სასარგებლოდ განვითარდება - ეს არის მთავარი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ: