ავტორი:

"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

"მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“ - მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან

არხოტის ხეობის სამ სოფელს - ამღას, ჭიმღას და ახიელს დღეს 5 მაცხოვრებელიღა აცოცხლებს. როგორც ერთ-ერთი მათგანი მეუბნება, ამ ზამთარს ხუთიდან ორი - ბარში მიდის და თითო სოფელში თითო კაციღა დარჩება. მარტოკაცი არხოტის ხეობის საზღვრისპირა ჭიმღიდან, 43 წელია სამშობლოს კართან გუშაგად დგას, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი აქვს, სოფელს მაინც არ ტოვებს. "შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი, მარტოდ ვარ ამ გაუსაძლის პირობებში, რაღაც არ მიშვებს აქედან... ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს, იქნებ, რამე გვეშველოს... აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალე, გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ, დარჩა მთა მიუხედავი... მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?“- წუხილით მეუბნება პოეტი გიგლა ოჩიაური და მისი ნაამბობის გააზრებით იმ გაუსაძლისი ყოფის მონაწილედ გხდის, რომელიც წლების წინ სრულიად გაცნობიერებულად აირჩია.

  • "არხოტს პატრონი არა ჰყავს“

- არავინაა ჩვენი სოფლის პატრონი, შუქი არ გვეღირსა, გზა აქ არაა და ადამიანი... ყველამ იცის ჩვენი პრობლემა, მაგრამ თავს არავინ იწუხებს სამი სოფლიდან მარტო ერთს - ჭიმღას არ აქვს შუქი, ჰესი იმდენ დენს არ გამოიმუშავებს, ყველას ეყოს. შემოდგომა როცა დგება, ყველა გამათბობელს რთავს და ითიშება. სამივე სოფელში 5 ადამიანია დარჩენილი და ხუთივე პენსიონერი. დენი რომ არ წავიდეს, ერთ სოფელს უნდა გაეთიშოს და მეოთხე ზამთარია, მე მითიშავენ. გამგეობას შევთავაზე, გრაფიკი მაინც დაგვიწესეთ-მეთქი, რიგ-რიგობით ჩაგვირთან მაინცა. გრაფიკი რომ გვექნება, გვეცოდინება და სოფელი მოემზადება, სიბნელე მოულოდნელად რომ არ დაატყდეს თავს. ვერც ამას აგვარებენ... არხოტის ტერიტორია, მთელი 100 ათასი ჰექტარი მიწა 5 ადამიანზეა და შუქი არ გვაქვს. ამღაშიც ერთი მოხუცი ცხოვრობს, ახიელში - სამი, აქედან ამ ზამთარს 2 ბარში მიდის და იქაც ერთი კაციღა რჩება. ბავშვები გაიზარდნენ, დათხოვდნენ, ახალგაზრდები წავიდნენ, აბა, ამ ჯოჯოხეთში ვინ დაგიჯდება? სამანქანე გზა მაინც გაეკეთებინათ...

ისე არ ქნან, ეს სოფლები საერთოდ გაქრეს. მერვე წელია, რაც აქაურობას თხრიან, ბუნება აღარ არსებობს, ჩვენი ხეობები დაინგრა. ულამაზესი იყო არხოტის მთა, ბილიკი მიდიოდა, ეს ბილიკი მთლიანად წაშალეს, მთაზე უნიკალური ქვიშის კოშკები იდგა, იმათაც შლიან და იქ მოაწყეს კარიერი, იმას ფენენ გზაზე. სად არის გარემოს დაცვა? ალბათ სძინავს... დამახინჯდა და ჩაიმეწყრა აქაურობა. ნეტა, რამე კარგი მქონდეს სათქმელი და ვინ ოხერი? ერთხელ მოვიდნენ, ვითომ ამღა უნდა აეშენებინათ, ჰესის ფული იყო გამოყოფილი და იმას "უვლიდნენ“ (მილიონობით ლარი იყო გამოყოფილი და ეგ აწუხებდათ თურმე). ჟინვალიდან რომ იყოს კაბელი გამოსაყვანი, კიდევ ჰო, სადენია გაგლეჯილი და ის ვერ გაუკეთებიათ. ასე ხდება, როცა ძაბვა ეცემა, სადენებს ადნობს. ჰესზე მილებია შესაცვლელი, კილომეტრნახევარზე ძველი მილები ყრია და ესაა პრობლემა, ახლის აშენება არავის უფიქრია, თაღლიღთურად ფული მოიპარეს და წავიდნენ. 30-35 წლის ნამუშევარი ჰესი მუშა მდგომარეობაში იყო, უბრალოდ, დაბინძურებულ მილებში წყალი აღარ გადიოდა, მარტო გენერატორი შეცვალეს და 8 მილიონი წაიღეს. სხვა კომპანიებიც დააფრთხეს, ვისაც აქ ჰესის აშენება უნდოდა. მეორედ ვითომ გზის გასაკეთებლად მოვიდნენ, ამისთვის 30 მილიონია გამოყოფილი და მე-8 წელია გზა ჯერ მთამდე არ მოსულა, 15 კმ-ზეა საუბარი. პირველად შავი გზა მაინც შეეყვანათ, ჩვენთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინათ და ცხენის ზურგით არ ვეზიდებოდეთ ტვირთს, როგორც გასულ საუკუნეებში. ისე გამოვიდა, არხოტი, მიყრუებული ადგილი ფულის გათეთრების საშუალებად გამოიყენეს, აქ რომ საქურდალად ვინმე მოვა?!

  • "შენს მტერსა შამაკლა“ - ამას ნატრობდა არხოტიონი

- არხოტი მტერმა ვერ მოკლა და ესენი კლავენ. მტერი რომ არხოტელს მოჰკლავდა, ეს იყო რაღაცა ბედნიერება. ის გვარი ბედნიერი იყო, მტერს ვინც შეაკვდებოდა. ხევსურეთში 2-სართულიანი სახლის მე-2 სართულს ხევსურულად ჰქვია ზეთათვალი, პირველს - ქვეთათვალი. ქვეთათვალში სადიაცო იყო, ზეთაში - სამამაცო. მტერი როცა მოდიოდა, მამაკაცი ზეთათვალში იყო და სადიაცოს არც მოსძებნიდა. ვინც არხოტში მოკვდებოდა, გმირებს ქალები დაიტირებდნენ ხოლმე და ამბობდნენ, მამულსშეწირულები უფალს ზეთათვალში ჰყვანო (ანუ - პატივში). 200-300 წლის წაინანდელი ლექსია "არხოტო სამშობლო“, სადაც არის ფრაზა "შენს მტერსა შამაკლა“, ამას ნატრობდა არხოტიონი კაცი. არხოტი და არხოტელი მტერმა ვერ მოკლა და ცუდი იცი, რა არი? ეს ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ჰკლავს და ვერც ეხმარები, რა გინდა, რო გააკეთო? ვინც მოვიდა, გვეგონა ყურადღებას მოგვაქცევდა. წარმოიდგინეთ, ვინმემ აქ რომ გაბედოს ცხოვრება, ქალმა შვილი გააჩინოს და იანვრის თოვლში საფენები გაფინოს, არსაით გზა რომ არ არის... სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს, რაღაცით დაეხმაროს ან ფული ათხოვონ მაინცა. იმ 80-იან წლებში, კომუნისტებმა ისე გადმოგვასახლეს, კრედიტები გამოგვიყვეს, ბევრი არაფერი იყო - 3-4 ათასი მანეთი, მაგრამ რაღაცას ნიშნავდა. ზვიად გამსახურდიას დროს ყველაფერი უფასო გვქონდა - ვერტმფრენი, ფიცარი, სახურავი... ადრე ბენზინში 1.80-ს ვიხდიდით, ახლა ისეა ფასი გაზრდილი, როგორ წამოვიყვანოთ მანქანა, როგორ შევიძინოთ და ამოვზიდოთ შაქარი, ფქვილი მთელი ზამთრის სათადარიგოდ, სანამ მთებში ჩავიკეტებით? თვითონ მაინც ჩამოჰქონდეთ.. 2016 წლიდან ვერტმფრენს არცერთი რეისი აღარ შეუსრულებია, მანამდე რა გვიშავდა, რაღაც ინერციით მიგორავდა ქვეყანა. ახლა არცერთი რეისი არ გვაქვს და ვინ წამოვა არხოტში?

  • "43 წელია აქ ვარ, მარტოკაცი“

- აქედან არ მივდივარ, როგორ დავტოვო? სულ ვფიქრობ, იქნებ რამე ეშველოს-მეთქი, ცარიელა როგორ დავტოვო აქაურობა, რომ წავიდე, რა ეშველება? რაღაცა არ მიშვებს, იქნებ ვიღაცა მოვიდეს. 43 წელია აქ ვარ, მარტოკაცი, ბევრი აღარ შემიძლია. არ მინდა დაიცალოს აქაურობა, მაგრამ დაიცლება. გულწრფელად რომ გითხრა, მგონია, აქ ამ ხელისუფლების ჯინაზე და ბრაზის გამო ვცხოვრობთ. როგორღაც უნდა გავსძლოთ... მესაზღვრეებია და ყველას ბანკის ვალი აქვს, ეს აჩერებთ. რომ დატოვონ, ცოლი ჰყავთ და შვილები, ყველა მშიერი დარჩება. თავისუფალი ადამიანები ვინც ვცხოვრობთ, ამათთვის არც აქ დასახლება გვიკითხავს და აქედან გადასახლება ვკითხოთ? წასვლა დათმობას და ზურგის შექცევას ნიშნავს. აკი გითხარით, არხოტიონი სამშობლოსთვის რომ მოკვდებოდა, მტერს რომ შეაკვდებოდა, მისთვის ეს ბედნიერება იყო, მაგრამ როცა ხელისუფლება გიკლავს სამშობლოს, როცა მას ნაფუძრად გიქცევს, გულის გასახეთქად, ეს სხვანაირად როგორ ითარგმნება? ჩვენს პრობლემებზე თქვენ რომ გაწუხებთ, ხომ სირცხვილია? რა უშლით ხელს, 21-ე საუკუნეში შუქის პრობლემა მაინც მოგვიგვარონ? გზის გაყვანაც ალბათ წლები გაგრძელდება... ასე ვცხოვრობთ, საბრალოდ და გაჭირვებით, ამას თქვენ გეუბნებით, თორემ მტერს კი არ ვეტყვით... ექიმი ჩვენ არ გვყავს, ექთანი, აღარ გვაქვს ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი, რაც კი სოფელს სჭირდებოდა და ვართ სიცარიელეში. ეს 5 ადამიანიც ძნელად ვხვდებით ერთმანეთს, ცოტა შორია, ბილიკია, სოფლებში მანქანა არ მიდის, ხიდებია გასავლელი და სულ ცალ-ცალკე ვართ, დღეობაზე თუ შევიყრებით. ამღაში წიკლაური ცხოვრობს, ახიელში ერთი ოჩიაური და ორი - და-ძმა ნაროზაული. ზაფხულს რა უჭირს, უფრო ათენგენობისკე თუ ვინმე მოვა ხატში მომლოცველი. მართლა ღვთის ანაბარას ვართ, თუ რამე ძალა გვპატრონობს, არხოტის ჯვარი და სალოცავია, ის გვიცავს. ალბათ დიდი ძალა აქვს, არავის რომ არაფერი გვტკივა და არ ვკვდებით.

  • "ცუდად მხდის ქალაქი“

- ფერმერი კაცი ვარ, 40-მდე სული საქონელი მყავს. ჩემი გოგო და შვილიშვილი ჩამოდის ხოლმე ზაფხულში და სანამ სწავლა დაიწყება, ჩემთან არიან, ჩემი ქალიშვილი უვლის ძროხებს. სულ 4 ქალიშვილი მყავს. თბილისში არ მძინავს, არ კი არა, ვერ ვიძინებ, ვერ ვიტან რაღაცნაირად. ქათამს რომ ეყოფა, იმდენ ჰაერს მოვიხმარ, კარგად ვერ ვსუნთქავ, ცუდად მხდის ქალაქი. შვილები მეხვეწებიან, მარტო ნუ ხარ, წამოდიო, მაგრამ არსად წამსვლელი არა ვარ. ან რომ წამოვიდე, ეს ამაყი და თავმოყვარე კაცი სიძეებთან ჩამოვჯდე, ველოდო, როდის სტუმარი მომივა, როდის ვინ რამეს მომაწვდის და ასე ტყვეობაში ამომხდეს სული? ბიჭი რომ მყავდეს, კიდევ, ჰო.

  • "ინგუშზე ერთგული საქართველოსი არავინაა“

- ჩვენ და ინგუშებს ოდითგან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ჩემიდან ყველაზე ახლოს არიან, აქ რომ თოფი გაისროლო, იმათ ეზოში ჩავარდება. ერთ მთაზე სამხრეთით მე ვაძოვებ საქონელს, ჩრდილოეთით - ისინი, ასე ახლო ვართ, ინგუშეთს სულ არხოტი ესაზღვრება შატილამდე. თავის დროზე, არხოტიონებმა და ინგუშებმა სანაქებო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს. სტალინმა როცა ხევსურები ინგუშეთში გადაასახლა, მაშინ ჩვენებმა იმდენი დათესეს, ინგუშზე ერთგული საქართველოსი არავინაა, ეს მხოლოდ არხოტის დამსახურებაა. მწყინს, ახლა გზა რომ დაკეტილია და ჩემი შვილები და შვილიშვილები ამ ხალხთან ვეღარ ურთიერთობენ. არხოტი თუ დიდსოფლად, რაინდების, თუ გმირების მხარედ ჩამოყალიბდა, ეს ინგუშების დამსახურებაა. ჩვენ მტრებიც ვყოფილვართ და მოყვარენიც, ამ ხალხმა მტრობაც იცოდა და მეგობრობაც.

მთელი ჯაირახის რაიონი, რომელიც გვესაზღვრება, ჩვენი საძმოა და სამეგობრო. 30 წელი მაგ გზაზე ვიარეთ, ნეტა კიდევ გვატარა... ჩვენი წინაპარი აქ ვერანაირად იცხოვრებდა, ზამთრისთვის ინგუშეთიდან რომ არ მოეტანა ფქვილი, ნავთი, მარილი და სხვა პროდუქტი. ადრე აქ ავადმყოფი არ მოგვკვდომია, წავიყვანდით ინგუშეთს და იქ ვმკურნალობდით. ძველ დროში თუ ჩვენს შორის დავა იყო, ეს ვის ახსოვდა? აქედან ინგუშეთში ჩასახლებულმა ხევსურებმა წამოსვლისას რაც ებადათ, ინგუშებს დაუტოვეს (ზოგმა - ნახევარი მაინც). ჩემი უფროსი ძმები ორივე ღილღოშია დაბადებული, იქ ერთმანეთზე უკეთესი სოფლებია, ციხე-კოშკებით მოფენილი. ჩვენები უკან თითო ჩანთით წამოვიდნენ, ზოგმა ძროხა დაუტოვა ინგუშებს, ზოგმა - ციკნები... ყველაზე ბოლოს იქ გაბრიელი ცხოვრობდა, ჯაბუშანური. ინგუშები არ იყვნენ ხევსურების დაბრუნების მომხრე, სთავაზობდნენ, ერთი სოფელი ამოირჩიეთ და ყველანი ერთად დასახლდით, თქვენი სოფელი რომ გქონდეთ, დანარჩენი დაგვითმეთო (ჩვენებს რომელი სოფლებიც მოეწონათ, იქ დაიკავეს ადგილი და გაბნეულად დასახლდნენ, თითო სოფელში 2-3 ოჯახი ცხოვრობდა). ერთმანეთს ისევ მტრად რომ არ მოვკიდებოდით, ჩვენებმა მოიწვიეს კრება, რჯულის ხალხი და ერთხმად გადაწყვიტეს, ავიყაროთ და დავბრუნდეთო. დაიცალა ქართველებისგან იქაურობა, მაგრამ ყველამ რაღაც ქონება დატოვა, ვინაიდან ინგუშებს არაფერი ებადათ, ცოდო ხალხი იყო. სულ ამბობდნენ და ახლაც ამბობენ, ქართველი ჩვენი მტერი არ შეიძლება იყოსო.

  • "სამშობლოა და რაღა ვქნა?“

- ბარისახოდან ამომაქვს პროდუქტი, 70 კმ-ია იქით-აქეთ. ცუდი გზაა, ლოდები ყრია, ტრაქტორი გაძვრა-გამოძვრა, ვითომ რაღაცას აკეთებენ, სულ ტალახია. დიდი მანქანა იქ ვერ გაივლის, სულ დაიმეწყრა გზები. როგორც სხვისთვის სიგარეტის მოწევა, ასეა ლექსი ჩემთვის. სიგარეტს არ ვეწევი და ჩემი სიგარეტი ლექსია. ლექსი ჩემი ფიქრია. ხანდახან, ჩონგურს ავიღებ, დავუკრავ... მარტოდ ვარ და მაგას არ ვამბობ, გაბრაზებული ვცხოვრობ-მეთქი? თავს განაჩენი თავად გამოვუტანე, მაგრამ აქ ჩვენი ნასახლარია, წინაპრების საძვალეა, აქ სამშობლოა... გაჭირვებით ვმარაგდებით, საშინელ დღეში ვართ. მართლა კატორღა მივუსაჯე ჩემს თავს, მაგრამ სამშობლოა და რაღა ვქნა? სამშობლოს კართან ვდგავარ და მე უნდა დავიცვა ისევ, ყველა რომ გავიქცეთ, ყველამ რომ მივატოვოთ, რა გამოვა?