შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე შშმ შვილის ჯაბა მურცხვალაძის ჯანმრთელობაზე გამუდმებით ზრუნავს. მას თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციაზე უარი უთხრეს, რადგან გარკვეულმა პროცედურებმა უკურეაქცია გამოიწვია, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ თურქეთის სხვა კლინიკიდან თანხმობა მიიღო, ისინი შეღავათიან ფასში მკურნალობას სთავაზობენ...
გოგიტა მურცხვალაძე:
- როგორც ადრე გითხარით, ვაპირებდით "აჯიბადემში“ მკურნალობას, რომელმაც უარი გვითხრა. სამაგიეროდ, სტამბოლიდან კლინიკა "მედიქალ პარკისგან“ მოვიღეთ ანგარიშფაქტურა, რომელიც მკურნალობას გვთავაზობს. უარის გამო გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ ერთი მხრივ კარგიცაა, მათ არ ჰქონდათ შესაბამისი გამოცდილება. დიდად არც მინდოდა, ჩემი შვილი იქ საცდელი კურდღელივით პირველი პაციენტი ყოფილიყო. ახლა, რადგან ამ კლინიკამ თავის თავზე აიღო მკურნალობის ამ მეთოდით (გამა სხივები) თავში არსებული კისტური წარმონაქმნების დაშლა, იმედებიც გაჩნდა. როგორც გაირკვა, "მედიქალ პარკს“ ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
- მათ ჯაბას ჯანმრთელობის შესახებ ჰქონდათ დაწვრილებითი ინფორმაცია?
- კი, მიწოდებული იყო მისი სამედიცინო ისტორია, ინფორმაცია ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის შესახებ და ცნობა მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ისიც კი გვეწერა იქ, თუ რა სახსრებით და საშუალებით ჩაუტარდა თითოეული ოპერაცია, - ყველაფერი დეტალებში იყო ახსნილი. ამის გათვალისწინებით, მათ აიღეს თავის თავზე ჯაბას მკურნალობა და მაქსიმალური შეღავათი გაგვიწიეს, შეგვიმცირეს ფასი. ახლა საჭიროა 10 ათასი დოლარი.

- ვინ დაგაფინანსებთ?
- როგორც შემპირდნენ ამ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო, აჭარის ჯანდაცვასთან ერთად დაფარავს. ამასთანავე, "ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე“ გაგვიწევს ფინანსურ მხარდაჭერას. ქალბატონი ნინო ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ შემპირდა, იცის ჩვენ შესახებ. მათ მიერ გამოყოფილი თანხა (10.500 ლარის ფარგლებში) იქაური გამოკვლევისთვის არის საჭირო. ერთადერთი, რაც ახლა ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს, არის ჩვენი თურქეთში გამგზავრების ხარჯების დაფინანსება და იქ გათვალისწინებულ-გაუთვალისწინებელი თანხის დაფარვა.
ვწუხვარ იმაზე, რომ ასე ხშირად მიწევს საზოგადოების შეწუხება... შესაძენია თვითმფრინავის ბილეთი სამ ადამიანზე - ჩემზე, მეუღლეზე და ჯაბაზე (ჩასვლა-ჩამოსვლა), ეს თითქმის 2500 ლარის ოდენობაა. ამასთან, გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი თანხებია. ჯამში კი, დაახლოებით, 3500-4000 ლარამდე იქნება.
წელიწადში 2-ჯერ მხატვრების დახმარებით საქველმოქმედო გამოფენებს ვაწყობ ხოლმე. ვინაიდან შემოდგომისთვის არის გამოფენა დაგეგმილი, ახლა ვერ მოვახერხებ. არადა, მანამდე დროში რომ გაიჭედოს, ეს არ მინდა... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხებს რა ვადაში მოაგვარებს. მადლობა ყველას, ვის კისერზეცაა ჩემი შვილის სიცოცხლე. მადლობის მეტი რა მეთქმის?!
ნატო ნატროშვილი, "ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე“ წარმომადგენელი:
- იცით, ნინო სურგულაძემ შექმნა ფონდი, რომ დაეხმაროს ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვებს და მათ 2014 წლიდან აქტიურად ეხმარება. ამჯერად ის ფინანსურ დახმარებას ჯაბა მურცხვალაძეს აღმოუჩენს. ფონდი ჩაურიცხავს "მედიქალ პარკში“ თანხას. წესდებაშიც გვიწერია, რომ ყოველ პაციენტს ყოველთვის კლინიკაში ჩაურიცხოს საჭირო თანხა. თავად ქალბატონი ნინო აქტიურად არის ამ ბავშვების ჯანმრთელობის საქმეში ჩართული.
- თანხას, რომელსაც ჩარიცხავთ, მისი კვლევისთვისაა გამიზნული?
- როგორც აგვიხსნეს, პაციენტს კვლევა სჭირდება და კვლევის თანხას ვუფინანსებთ. უბრალოდ, ახლა ინვოისს ვლოდებით.
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად.
ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი.
მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.
ანგარიში: GE57TB7080645064300028
ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000