ავტორი:

"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)

"ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - მეუფე იაკობს მრევლის წევრი დაუპირისპირდა (ვიდეო)

დღეს, ბოდბის მონასტერში მეუფე იაკობის ქადაგებას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ბოდბელ ეპისკოპოსს მრევლის წევრი დაუპირისპირდა. პროტესტი მეუფის პოლიტიკურ განცხადებებს მოჰყვა. ქადაგებისას იაკობმა უკრაინის პრეზიდენტს "პატარა კაცი" უწოდა.

"ერი რომ ომშია და იმ ქვეყნის პრეზიდენტი ხარ, პირველ რიგში გევალება, რომ კაცობა გქონდეს, ძლიერი კაცი უნდა იყო, პატარა კაცი არ უნდა იყო - დადგნენ ჩვენთან და ზელენსკის მხარე დაიჭირეს. შენ თუ ქართველი ხარ და საქართველო გიყვარს, როგორ შეიძლება იმის მხარე დაიჭირო, თუნდაც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის, რომელიც არასწორად გექცევა?!" - განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

  • "ეკლესია პოლიტიკურ ამბიონად არ უნდა გადავაქციოთ" - ამ სიტყვებით მიმართა ტაძარში იაკობს, მრევლის წევრმა ანა ხუნაშვილმა.

"თუ სიყვარული არ არის, მზე თუ არ არის. როგორ შეიძლება ასე, ასე უნდა დავუპირისპიროთ ადამიანები ერთმანეთს?! რით მოვედით აქამდე, სიყვარულით არ მოვედით?! ჩვენს სულში უნდა იყოს სულიწმინდა, თქვენ უნდა აკეთებდეთ ამას, ეკლესია, პოლიტიკურ ამბიონად კი არ უნდა გადააკეთოთ. იცით, როდის შევალთ ევროკავშირში? როცა ყველას სულში იქნება სულიწმინდა, უფალი, სიყვარული და მზე. ეს არ არის პოლიტიკური ამბიონი, შეიძლება ამაზე საუბარი?!" - თქვა ხუნაშვილმა.

მეუფე იაკობის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები ანა ხუნაშვილის მხრიდან პირველი არ არის. 2021 წლის12 ივლისს ქადაგების დასრულების შემდეგ, ხუნაშვილმა სასულიერო პირს და ზოგადად, სამღვდელოებას ბრალი დასდო 5 ივლისს მომხდარი მოვლენების პროვოცირებაში, შუღლისა და სიძულვილის გაღვივებაში.

"სად იყავით თქვენ? სად იყო საპატრიარქო? კარგად მოიქცნენ საპატრიარქოს წევრები? მე მგონი ეს ქადაგება არ არის, ეს ერის უკან სვლაა. მოდით, ჩამქოლეთ ახლა ყველამ. რა გინდათ ჟურნალისტებისგან, რა გინდათ ამ ადამიანებისგან? ეს არ არის ქადაგება, ეს არ არის სიყვარულისკენ სწრაფვა, ეს არ არის ნამდვილი მართლმადიდებლობა”, - მიმართა ანა ხუნაშვილმა მაშინ მეუფე იაკობს.

თავის მოკლე შეპასუხებაში მეუფე იაკობის მიმართ, ანა ხუნაშვილმა სოფელ ბოდბეში განვითარებული მოვლენებიც ახსენა. მან თქვა, რომ სასულიერო პირები ბიზნესით არიან დაკავებული და სოფელს მიწებს ართმევენ:

"თუნდაც აქ რაც ხდება, ამ სოფელში [ბოდბეში], სოფელი აღარ არის. ეს მიწასთან გასწორებაა ყველაფრის, მეტი არაფერი. ეს არის ბიზნესი. ხალხს მიწები წაართვეს, ყველაფერი წაართვეს. რისი გულისთვის? დიახ, მართლა ყარს საპატრიარქო… რად გინდათ ამდენი ჰექტრობით მიწები, დაქირავებული შრომა… შპს-ა ეს, მეტი არაფერი”, - განაცხადა მაშინ ხუნაშვილმა.