ეროვნულ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ რამდენიმე თანამშრომელს შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტა, მათ შორის არიან დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი.
კობა ხუბუნაიას კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე, ორივე მათგანმა საჯარო მხარდაჭერა გამოუცხადა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს, გაგა ჩხაიძეს და გაემიჯნნენ კინოცენტრის Facebook გვერდზე, 2 ივნისს გამოქვეყნებულ მასალას, რომელშიც გაგა ჩხაიძე "ფარისევლურ ბრალდებებში" იყო დადანაშაულებული და ეჭვქვეშ იყო დაყენებული სახელმწიფოს მხრიდან თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების პერსპექტივა.
სამსახურიდან გათავისუფლებული ლევან აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ვინც მიცნობს ყველამ იცის, რომ კინოს მიმართ სრულიად ალტრუისტული დამოკიდებულება მაქვს. დიახ, მე და ჩემი თაობის რეჟისორები, კინომცოდნეები, პროდიუსერები… სუფთა წარსულის ადამიანები ვართ. მოვედით კინოში და დაგვხვდა ხრიოკი - გაყიდული კინოთეატრები, უფუნქციო კინო ორგანიზაციები და ა.შ. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით ფუნქციონირებდა იყო ეროვნული კინოცენტრი და თუ კინოცენტრიც აღარ იარსებებს მაშინ საბრძოლველიც აღარაფრისთვის დაგვრჩება" - წერს ლევან აბდუშელიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა დავით დავითიანმაც:
"მეც მიმაყოლეს და არამარტო. ვინც დაგტოვეს, ისინიც თუ წამოხვალთ, იქნებ შეგროვდეს მელ გიბსონის ჩამოსაყვანად თანხები"
"