ავტორი:

არეულობა რუსულ ჯარში გრძელდება: თავდაცვის ხელმძღვანელობას კიდევ ერთი გენერალი დაუპირისპირდა - ივან პოპოვის თქმით, ის 58-ე არმიის მეთაურობიდან სიმართლის თქმის გამო გაათავისუფლეს

არეულობა რუსულ ჯარში გრძელდება: თავდაცვის ხელმძღვანელობას კიდევ ერთი გენერალი დაუპირისპირდა - ივან პოპოვის თქმით, ის 58-ე არმიის მეთაურობიდან სიმართლის თქმის გამო გაათავისუფლეს

რუსი გენერალ-მაიორი ივან პოპოვი, რომელიც 58-ე არმიას მეთაურობდა, ვარაუდობს, რომ კრიტიკის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებული ძალების ლიდერები მას "საშიშად" მიიჩნევენ.

გენერალი ამბობს, რომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თავის ხელმძღვანელობას უამბო უკრაინის ფრონტზე არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ. პოპოვის თქმით, ჯარისკაცები "ზურგში დაჭრეს" უმაღლესი სამხედრო სარდლობის შეცდომების გამო.

გენერალ-მაიორ ივან პოპოვის აუდიომიმართვა, რომელშიც თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ანდრეი გურულიოვის "ტელეგრამარხზე" 12 ივლისს, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ასევე არ დადასტურებულა ოფიციალურად ხმოვანი შეტყობინების ავთენტურობა. გურულიოვი სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილი მოადგილეა, რომელიც რეგულარულად ჩნდება რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხებზე.

ჩანაწერში პოპოვი ამბობს:

"რთული სიტუაცია შეიქმნა უფროს ხელმძღვანელობასთან, როდესაც ან უნდა გაჩუმებულიყავი და დაგემალა, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დაგერქმია. მე... ყველა ჩვენი სამხედრო მეგობრის სახელით, რომლებიც დაიღუპნენ, ტყუილის თქმის უფლება არ მქონდა, ამიტომ ვისაუბრე ყველა იმ პრობლემური საკითხის შესახებ, რომელიც დღეს ჯარში არსებობს“.

პოპოვის თქმით, მან დააყენა საკითხი უკრაინული არტილერიის მიერ დაბომბვის შედეგად რუსი ჯარისკაცების დაღუპვის, კონტრ-ბატარეის ბრძოლისა და საარტილერიო სადაზვერვო სადგურების არარსებობის შესახებ.

”ამ კუთხით, როგორც ჩანს, უფროსმა მეთაურებმა დაინახეს რაიმე სახის საფრთხე ჩემში და სწრაფად, ერთ მშვენიერ დღეს, წარმოადგინეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება... და მომიშორეს,” - თქვა პოპოვმა.

"ჩვენმა არმიამ ვერ შეძლო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო პერსონალის გარღვევა, რადგან ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა, მოღალატეობრივად და უნამუსოდ არმიას თავი მოკვეთა ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში", - აცხადებს გენერალი პოპოვი.

მართალია აუდიომიმართვაში ის გვარებს არ ასახელებს, მაგრამ მედია ვარაუდობს, რომ "უფროს ხელმძღვანელში", გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს გულისხმობს.

საინტერესოა, რომ პოპოვის აუდიომიმართვის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, რამდენიმე რუსული "ტელეგრამარხი" წერდა, რომ პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მისი თქმით, ახლა სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიას გენერალ-ლეიტენანტი დენის ლიამინი აკონტროლებს.

"ველოდები ჩემს მომავალ სამხედრო ბედს, არ ვიცი, რა შეიცვლება, მივიღებ თუ არა რაიმე წინადადებას შემდგომი სამსახურისთვის", - დასძინა პოპოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის 58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც.