ავტორი:

რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ზელენსკი იყო ჩასული

რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დაბომბეს, სადაც რამდენიმე დღის წინ ზელენსკი იყო ჩასული

უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურობის "სამხრეთის" შტაბის განცხადებით, დღეს რუსმა სამხედროებმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით შავ ზღვაში მდებარე კუნძული ზმეინი დაბომბა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფრონტის ხაზზე რუსი სამხედროები თავდაცვით ღონისძიებებს ატარებენ, მაგრამ აგრძელებენ აეროდაზვერვას და აქტიურად იყენებენ ტაქტიკურ ავიაციას და დამრტყმელ უპილოტოებს. გარდა ამისა, საბრძოლო მორიგეობაზე შავ ზღვაში 9 რუსული გემი იმყოფება, მათ შორის 3 რაკეტამზიდი (ერთ-ერთი მათგანი წყალქვეშა) საერთო აღჭურვით - 18 "კალიბრის“ ტიპის რაკეტამდე.

"თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სარაკეტო-საარტილერიო ქვედანაყოფებმა 11 რუსი სამხედრო, რადიოელექტრონული ბრძოლის სადგური და მსხვილკალიბრიანი ჰაუბიცა "Мста-Б" გაანადგურეს“, - იუწყება ოპერატიული მეთაურობის შტაბი.

შეგახსენებთ, 8 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა.

მან ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.

"დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ - განაცხადა ზელენსკიმ.

იხილეთ ასევე: