ავტორი:

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებია" - კელი დეგნანი

საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია - ჩვენ გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს საზოგადოების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში აკეთებს, ემსახურება სამ მიზანს, რომ მას ჰქონდეს ეკონომიკური ზრდა, შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა და უზრუნველყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

ელჩი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ძლიერ დემოკრატიას შეუძლია თავი დაიცვას ისეთი ავტოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

"საქართველოს არ ჰყავს იმაზე ძლიერი პარტნიორი, ვიდრე ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. მე ვფიქრობ, ეს ვაჩვენეთ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება. ყველაფერი, რასაც აქ, საქართველოში, ვაკეთებთ, დაკავშირებულია სამ საკვანძო მიზანთან. პირველი, რომ დავეხმაროთ საქართველოს, იყოს უფრო ძლიერი, დაცული, მეტად ჰქონდეს შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს აგრესია ისეთი აგრესიული მეზობლებისგან, როგორიც არის რუსეთი.

მეორე, დაგეხმაროთ, რომ გქონდეთ ეკონომიკური ზრდა, რათა იყოს მეტი შესაძლებლობა, მათ შორის, რეგიონებში და მეტი კეთილდღეობა ყველა ქართველისთვის აქ, ქვეყანაში, რათა ადამიანებმა არ იგრძნონ, რომ მათ უნდა დატოვონ ქვეყანა, რათა ჰქონდეთ კარგი, კეთილდღეობის მქონე მომავალი და უკანასკნელი არის, რომ დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რადგან არსებობს ქართველი ხალხის ცხადი არჩევანი, რომ იცხოვრონ დემოკრატიაში, იყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, იყვნენ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ყველაფერი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს საქართველოში, დაკავშირებულია ამ სამიდან რომელიმესთან ან ერთდროულად სამივესთან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საუკეთესო დაცვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არის ძლიერი დემოკრატია. რა თქმა უნდა, საქართველოს თავდაცვის ძალებში, სანაპირო დაცვასა და სხვა უსაფრთხოების ინსტიტუტებში ინვესტირება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, როცა გაქვს მყარი დემოკრატია, გყავს ძლიერი საზოგადოება და ჩვენი შეხედულებით, ეს არის საუკეთესო დაცვა ისეთი ავტოკრატიის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია. მე მაქვს ძალიან პოზიტიური მომავლის რწმენა ამერიკასა დ საქართველოს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს წარმატებისთვის მუშაობას, რადგან გვჯერა საქართველოსი, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და თქვენი ოცნების, იყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, ჩვენ გვსურს დაგეხმაროთ ამ ოცნების ასრულებაში,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა არის ძალიან მჭიდრო და დიდი.

"საქართველოში ძალიან ხშირად იმყოფებიან ამერიკის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, ისინი, რომლებიც ერთობლივად ატარებენ სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებს თუ სწავლებებს, იქნება ეს კრიზისების მართვა, მედეგობა თუ ა.შ. ასევე, ხშირად არიან ამერიკის არმიის წარმომადგენლები. საქართველოში ხშირად ჩამოდიან ამერიკული ხომალდები. ჩვენი თანამშრომლობა სამხედრო მიმართულებით არის ძალიან ძლიერი და მრავალფეროვანი. აუცილებლად უნდა ვახსენო ის ძალიან დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ და საქართველოს თავდაცვის ძალებმა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში მიაღწია. თუკი ადრე საქართველო იყო ხოლმე ნატო-ს წევრი ქვეყნების მონაწილეობით, თანამასპინძელი დიდი წვრთნებისა და სავარჯიშოების, ახლა საქართველო თავად დამოუკიდებლად მასპინძლობს დიდ, მრავალეროვნულ, კომპლექსურ წვრთნებს, რომელიც მნიშვნელოვანია ურთიერთთავსებადობის გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ თავდაცვის ძალები იყოს მზადყოფნაში, შეეძლოთ საკუთარი ქვეყნისა და საზღვრების დაცვა. ორი დღის წინ, ვილნიუსის სამიტზე ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და გამოხატეს ერთგულება იმის მიმართ, რომ ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება და ამისთვის არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი. საქართველომ უნდა გაიაროს ეს გზა და შევიდეს ამ ღია კარში, ამისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა კელი დეგნანმა.