ავტორი:

მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს

მონტენეგროში კრიმინალური ავტორიტეტი "ჟორა ტბილისკი" დააკავეს

მონტენეგროს პოლიციამ კრასნოდარელი კრიმინალური ავტორიტეტი, 59 წლის გიორგი მანუკიანი დააკავა, რომელიც ცნობილია მეტსახელებით: "ჟორა ტბილისკი" და "ჭინკა".

მანუკიანის დაკავების შესახებ ჩერნოგორიის სატელევიზიო და რადიო კომპანია RTCG იუწყება. RTCG დაკავებულის მხოლოდ ინიციალებს ასახელებს, თუმცა, გამოქვეყნებული დეტალებით თუ ვიმსჯელებთ, საუბარი სწორედ მანუკიანს შეეხება.

მანუკიანი, რომელიც ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს მოთხოვნით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, ტივატის აეროპორტში დააკავეს. მონტენეგროელი სამართალდამცველები განმარტავენ, რომ 58 წლის თბილისელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე პოდგორიცას სასამართლოშია გადაგზავნილი.

"გ.მ.-ს 1993 წლიდან უწყვეტად ეკავა უმაღლესი თანამდებობა კრასნოდარის ტერიტორიის კრიმინალურ იერარქიაში და იყენებდა თავის ავტორიტეტსა და გავლენას კრიმინალური ქმედებების ორგანიზებისთვისა და წარმართვისთვის", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მანუკიანის წინააღმდეგ გამოძიება, კრასნოდარში, მიმდინარე წლის იანვარში დასრულდა. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

მანუკიანი არაერთხელ იხდიდა სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის. ციხეში ის ბოლოს 2017 წელს, გამოძალვის ბრალდებით იჯდა.

ის 1964 წელს, თბილისში, დაიბადა. მისი ე.წ. კანონიერ ქურდად კურთხევა მოხდა 1993 წელს, კრასნოდარში, კრიმინალური ავტორიტეტის, უსოიანის, იგივე დედ ჰასანის მიერ.