ავტორი:

კადიროვის მორიგი გამოცდა: ჩეჩნეთის ლიდერმა "საფირმო სამხედრო ნაწილი" ბახმუტში გაუშვა - პარალელურად დიდი არეულობაა ჩეჩენ სამხედროებში

კადიროვის მორიგი გამოცდა: ჩეჩნეთის ლიდერმა "საფირმო სამხედრო ნაწილი" ბახმუტში გაუშვა - პარალელურად დიდი არეულობაა ჩეჩენ სამხედროებში

რამდენიმე დღეა, რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის ლიდერმა ბატალიონი "ახმატი" ბახმუტის მიმართულებით გადაისროლა. ადგილობრივების თქმით, ის, რომ კადიროვმა ბახმუტში თავისი "საფირმო სამხედრო ნაწილი" გაუშვა, ნიშნავს, რომ მას რუსეთის ხელმძღვანელობისთვის რაღაცის დამტკიცება სურს. "ამ ქმედებით, კადიროვი ამბობს, ვერ გააკეთეს სხვებმა, გავაკეთებ ჩვენ!" - წერენ ისინი.

ახმატის მეთაურის, აპტი ალაუდონივის თქმით, მებრძოლები არტემოვსკის (ბახმუტი) ახლოს, სოფელ კლეშევკაში იმყოფებიან.

"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბახმუტი ძალიან რთული ადგილია... ბევრმა ისეთმა დანაყოფმა თუ მეთაურმა, ვისაც გამოცდილების ამბიცია აქვს, იქ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია... ასეთ მიმართულებაზე ჩვენი ბიჭების გაშვება გენერალური შტაბის მხრიდან ჩვენს მიმართ დიდ ნდობაზე მიანიშნებს" - ამბობს "ახმატის" მეთაური.

რუსული მედიის ცნობით, კადიროვმა უკრაინის ომში ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან 26 ათასამდე ადამიანი გაუშვა, რაც ადგილობრივებში პერიოდულად პროტესტს იწვევს, "კადიროველები" მათ ოჯახებს მუქარითა და მკაცრი გაფრთხილებით აჩუმებენ.

kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, ჩეჩნეთში გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს ჩეჩენ სამხედროს, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან გამოიქცა. ალან ბატირხანოვი, გროზნოს შემდეგ, როსტოვის სააპელაციო სასამართლოს წინაშეც წარსდგა, თუმცა თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა. მისი თქმით, მას კონტუზია ჰქონდა რაც სამხედრო ნაწილში არ გაითვალისწინეს და ისევ სპეციალური ოპერაციის ზონაში აბრუნებდნენ.

idelreal.org-ის ცნობით, რუსმა მოხალისემ, ალფრედ გალიმოვმა, რომელიც ე.წ. მოხალისე-მეომარი იყო და შვებულების შემდეგ, ფრონტზე დაბრუნებას აიძულებდნენ, შინ, ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში, აბაზანაში, თავი ჩამოიხრჩო.

გალიმოვი, ბატალიონ "ალგის" წევრი იყო. იმ ქვედანაყოფში, ძირითადად სათათრეთიდან წასული მოხალისეები ირიცხებოდნენ, თუმცა შვებულებაში დაბრუნებული მოხალისე ამბობდა, რომ სისულელე გააკეთა, როდესაც წასვლა გადაწყვიტა.

მან ოჯახის წევრებს უამბო, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების შესრულებისას რამდენად არაადამიანურ პირობებში უწევდათ ყოფნა. მისი თქმით, არ ჰქონდათ, საჭმელი, მედიკამენტები, მეთაურობა და წოდებით მათზე მაღლა მდგომი პირები, მოხალისეებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

"წინა დღეს ის რეგიონის დედაქალაქ ყაზანში იყო სამხედრო წვრთნებზე. იმავე დღეს, მან ნათესავს 200 000 რუბლი (2250 დოლარი) სთხოვა სესხად, რაც რეგიონში მცხოვრებთა ხელფასს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება... როგორც ირკვევა, გალიმოვს ეს თანხა, ადგილობრივი სამხედრო პირისთვის გადასახდელად სჭირდებოდა, რათა ომში აღარ შეებრუნებინათ" - წერს გამოცემა გარდაცვლილის ნათესავზე დაყრდნობით.

მისივე ცნობით, რუსეთში ჯარისკაცების თვითმკვლელობის შესახებ ცნობები მუდმივად კონტროლდებოდა. ასეთი ფაქტების გახმაურებას ოჯახებიც ერიდებოდნენ და სამხედრო ნაწილებიც.

"თუმცა, მსგავსი ინციდენტებიც შესახებ ცნობების მასშტაბური გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მებრძოლებსა და ვეტერანებს შორის აუცილებლად იჩენს თავს" - მიაჩნია ავტორს.

severreal.org-ის ცნობით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საფრთხის მიუხედავად, კონტრაქტორები და მოხალისეები მაინც ტოვებენ საბრძოლო პოზიციებს და თავის გადარჩენას ცდილობენ. ე.წ. მოხალისეობის ან პროფესიული სამხედრო კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ, მათი ნაწილი ცდილობს, მეტჯერ არ მოხვდეს ფრონტის ხაზზე. ასევე იხდიან ქრთამს, იყენებენ თვითდაზიანებებს და უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლე სუიციდით ასრულებენ, რასაც მეთაურობა არ ახმაურებს და ასეთ ინციდენტებს, ომში დაღუპულებად ასაღებს.