ავტორი:

"მხოლოდ სამი პროცენტი მქონდა გადარჩენის შანსი, ტემპერატურა 43-მდე ავიდა, სისხლი მოწამლული იყო... ჩემი გადარჩენა ღვთის ნებაა" - რას ჰყვება სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ხუნაშვილი?

"მხოლოდ სამი პროცენტი მქონდა გადარჩენის შანსი, ტემპერატურა 43-მდე ავიდა, სისხლი მოწამლული იყო... ჩემი გადარჩენა ღვთის ნებაა" - რას ჰყვება სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ხუნაშვილი?

"სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელი და "ბასიანის" მომღერალი, ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარი გიორგი ხუნაშვილი კორეაში გასტროლზე გახდა ცუდად, პერიტონიტის დიაგნოზით არის კომაში. უმორჩილესად გთხოვთ, შევეწიოთ გიორგის ლოცვით და ვუსურვოთ გამოჯანმრთელება“, - ეს ინფორმაცია 8 მაისს პრესაში გავრცელდა და იმის შემდეგ მომღერალს, ანსამბლ "ბასიანის" სოლისტს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა... საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დამთავრდა და გიორგი ხუნაშვილი ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ჯანმრთელობის შესახებ ის თავად გვესაუბრება...

- ბატონო გიორგი, ძალიან სასიხარულოა დღეს რომ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდენად გაუმჯობესებულია...თუ გსურთ საუბარი იმის შესახებ, რაც გადაიტანეთ?

- შემიძლია გესაუბროთ იმაზე, რაც მახსოვს. სამწუხაროდ იმდენად ცუდად ვიყავი, ბევრი რამ არ მახსოვს...სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სისტემის უაღრესად კმაყოფილი ვარ! ყველაფერი მართლაც უმაღლეს დონეზე იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ერთი მინუსიც არ მახსენდება. არ ვიცი სიტყვებით როგორ აღვწერო, მაგრამ ყველაფერი იმდენად კარგად იყო, იმდენად პროფესიონალურად, რომ ფაქტი სახეზეა, თავიდან მხოლოდ 3 პროცენტი მქონდა გადარჩენის. საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს, თურმე იმდენად ცუდად ვიყავი, ტემპერატურა 43 მქონდა, სისხლი მოწამლული...

- საქართველოდან უამრავი ადამიანი გგულშემატკივრობდათ, რამდენად დაგეხმარათ ეს?

- საქართველოდან იმდენად დიდი ყურადღება იყო, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, საიდან დავიწყო, სად დავამთავრო... დაწყებული მთავრობიდან, დამთავრებული მეგობრებიდან, ნათესავებიდან. სოციალურ ქსელში დღემდე ათასობით შეტყობინება წაუკითხავი მაქვს.

- ძალიან ამაღელვებელი იყო აეროპორტში დახვედრა...

- ეს ჩემთვის უდიდესი სიურპრიზი იყო! მე და ჩემი და რომ დავბრუნდით, გადაწყვეტილები ვიყავით, რადგან 16 საათი გზაში ყოფნა მოგვიხდა, აღარაფრის თავი გვქონდა. განსაკუთრებული პირობები ნამდვილად მქონდა შექმნილი, მაგრამ მოგეხსენებათ 16 საათი გზაში ყოფნა ყველას დაღლიდა. ნაოპერაციები, თან ტემპერატურა მუდმივად მქონდა, არ მივარდებოდა... ასეთი ჩამოვედი და ამ ბიჭების დახვედრამ მაშინვე გამაცოცხლა, უდიდესი ემოცია იყო...

საქართველოში როგორც კი აეროპორტში შემოვედი, ამდენი ხალხი რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა. რანაირად გაუკეთეს ორგანიზება, რადგან არავინ იცოდა, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. ყველა მეგობარი, ნათესავი, ოჯახის წევრები დამხვდა... რაც ვნახე, სიხარულისგან გულიც კი ამიჩქარდა. ჯანდაცვის სამინისტრომ თურმე სასწრაფოს მანქანა დამახვედრა, რადგან ფრენის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ.

- ალბათ სამშობლოში დაბრუნებამ კიდევ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო...

- რა თქმა უნდა! იქ როცა პალატაში გადამიყვანეს, მუდმივი სიცხე მქონდა, დაბლა არაფრით იწევდა. როგორც კი საქართველოში ჩამოვედი, ორ დღეში სიცხე აღარ მქონდა. სახლის აურამ, მშობლების ნახვამ, მეგობრების, ახლობლების გარემოცვამ უდიდესი დადებითი ემოციები გამოიწვია... სახლი, სამშობლო მაინც სულ სხვაა... რეაბილიტაციას ცოტა დრო კიდევ ჭირდება, მაგრამ ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად მიდის! სცენასაც მალე დავუბრნდები! მადლობა ღმერთს, ღმერთის გადარჩენილი ვარ! წარმოიდგინეთ, მხოლოდ სამი პროცენტი მქონდა გადარჩენის და ჩემი გადარჩენა ღმერთის ნება იყო!

ნახეთ ვიდეო - აეროპორტში დახვედრის კადრები