რატომ არ უნდა ახვიდეთ ელექტროგადამცემ ბოძზე არასდროს? - უსაფრთხოების წესები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

რატომ არ უნდა ახვიდეთ ელექტროგადამცემ ბოძზე არასდროს? - უსაფრთხოების წესები, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

უამინდობა პერიოდულად აზიანებს ელექტროგადამცემ ბოძებსა და სხვა ელექტრო ინფრასტრუქტურას, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, დისკომფორტის გამომწვევია - არავის გვსურს დაწყებული საქმეების საათობით გადადება და ლოდინი. ამის გამო ჩვენი მეზობლები, მეგობრები თუ ოჯახის წევრები ხანდახან თვითნებურად იწყებენ ხოლმე დაზიანების შეკეთებას და არ ელოდებიან სპეციალისტებს, რამაც შეიძლება ისინი უმძიმეს შედეგებამდე მიიყვანოს.

როგორც ელექტროენერგიის მწარმოებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ხდება და საზოგადოების ნაწილს უჭირს იმ რეალური საფრთხის აღქმა რაც არათუ ელექტროგადამცემ ბოძზე სადენების გადაბმისას, არამედ უბრალოდ მასზე ასვლის შემთხვევაში ემუქრებათ.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ გვაფრთხილებს, რომ ნებისმიერი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენზე ასვლა ნებისმიერი მიზეზით სიცოცხლისთვის სახიფათოა.

რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა გაუფრთხილებლობამ?

პროფესიონალებმა ზუსტად იციან, ელექტროგადამცემ ბოძზე ასვლისას რა აღჭურვილობა გამოიყენონ, უსაფრთხოდ როგორ ჩახსნან თუ შეცვალონ დაზიანებული ხაზები, არაპროფესიონალის მიერ ამის თვითნებურმა მცდელობამ კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს. ელექტრო ხაზების დაზიანების თუ მისი გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაში დაუშვებელია ბოძზე ასვლა, რადგან შეიძლება დენის დარტყმამ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მოგვაყენოს.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განგვიმარტეს, რომ მათი დაკვირვებით გამოიკვეთა ისეთი შემთხვევებიც, როცა საყრდენებზე ასვლას ბავშვები გასართობად ან ძალის დემონსტრირების მიზნით ცდილობენ, რაც გადამცემი ხაზის გამართულად ფუნქციონირების შემთხვევაშიც დაუშვებელია, რადგან არა მხოლოდ დენის დარტყმის, არამედ ბოძიდან გადმოვარდნის საფრთხევ მაღალია. ამგვარი ქმედებების თავიდან ასაცილებლად უფროსებმა არსებული საფრთხეების შესახებ მათ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და თავადაც არასდროს გახდნენ მათთვის მაგალითის მიმცემი.

გარდა ელექტროგადამცემი ხაზის საყრდენზე ასვლისას, ჩვენ გარშემო ადამიანები პერიოდულად აზიანებენ ხოლმე მრიცხველის კარადას ან თავად ცდილობენ მის გახსნას და გარკვეული სამუშაოების შესრულებას, რაც როგორც „ენერგო-პროს“ სპეციალისტებმა განგვიმარტეს, ასევე დაუშვებელია. კარადაში არსებული დენგამტარი ნაწილების შეხებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, მათ შორის დადგეს ფატალური შედეგიც, ამიტომ ამგვარი ქმედებებისგან თავი უნდა შევიკავოთ. კარადის დაზიანების შემთხვევაში არ უნდა შევეხოთ მას და საჭიროა, დაუყოვნებლივ დავუკავშირდეთ მფლობელ კომპანიას, მაგალითად „ენერგო-პრო ჯორჯიას“.

კომპანიამ საყრდენ ბოძებზე ასვლისა და მრიცხველის კარადის დაზიანება-გახსნის საფრთხეებთან დაკავშირებით, საზოგადოების გაფრთხილებისთვის მოამზადა 30-წამიანი ანიმაციური კლიპი, რომელიც მარტივად გიჩვენებთ, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს გაუფრთხილებლობამ: