ავტორი:

"მალე წყალი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს..." - ქალაქ იუსუფელთან ერთად ჩაძირული ქართული ისტორიული ძეგლები

"მალე წყალი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს..." - ქალაქ იუსუფელთან ერთად ჩაძირული ქართული ისტორიული ძეგლები
  • ფოტოები მოგვაწოდა ბუბა კუდავამ, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით

თურქეთში, ისტორიულ ტაოში ქალაქი იუსუფელი და რამდენიმე სოფელი ახლახან დაიტბორა. ამ ისტორიულმა დასახლებებმა არამცთუ საუკუნეებს, ათასწლეულებს გაუძლეს, დღეს კი მათი გაქრობა ართვინის პროვინციაში კაშხლების კასკადის მშენებლობას უკავშირდება. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ერთ-ერთია, რომელმაც დატბორვამდე და მერეც არაერთხელ მოინახულა ეს ადგილები და პარხლის მფლობელი კავკასიძეების ციხის მთელი კომპლექსი შეძლებისდაგვარად აღწერა. ბუბა კუდავა ambebi.ge-სთან ჩაძირული ისტორიული ქალაქის - იუსუფელის მნიშვნელობაზე საუბრობს და წუხილით დასძენს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არც ერთი მხარისთვის (თურქული და ქართული) პრიორიტეტული არ აღმოჩნდა.

დატბორილი კავკასიძეების ციხე

"მაღლა მთებზე გაიჭრა ახალი გზები, აშენდა გიგანტური ხიდები, გამოიკვეთა გვირაბები, აშენდა ახალი ქალაქი და სოფლები, საკუთრივ კაშხლები... ამ ყველაფრის ფონზე კი რა ადვილი იყო იმ ძეგლების დემონტაჟი და სხვაგან გადატანა, რომელთაც ჩაძირვა ემუქრებოდა (ეკლესიების მაინც)... ამის დიდი გამოცდილება არსებობს თანამედროვე სამყაროში. სულ მცირე, მხატვრობის ფრაგმენტების ჩამოხსნა და იმავე რეგიონის რომელიმე ქალაქის (ართვინი, რიზე, ტრაპიზონი...) მუზეუმში გადატანა ხომ მაინც იყო შესაძლებელი? სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არცერთი მხარისთვის პრიორიტეტი“. ისტორიკოსი იუსუფელის ბოლო ბასტიონის - კავკასიძეების შუასაუკუნეების ციხის უკანასკნელი დღეების მომსწრე და მნახველია. ის ახლაც ისტორიულ ტაოში იმყოფება და ფოტომასალასაც ადგილიდან გვაწვდის.

ბუბა კუდავა:

"ტაო-კლარჯეთი თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული რეგიონია. ეს გარკვეულწილად პირობითი ტერმინია, რადგან მასში, საკუთრივ ტაოსა და კლარჯეთის გარდა, მესხეთის უმთავრესი ნაწილი მოიაზრება - ის, რაც დღეს საქართველოს საზღვრებს მიღმაა: შავშეთი, სპერი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი და სხვა, ასევე - სამცხის, ჯავახეთისა და აჭარის თურქეთში მოქცეული ნაწილები. ამ პროვინციათაგან ყველაზე დიდი ტაო გახლავთ, სადაც დღეს რამდენიმე ადმინისტრაციული ცენტრია. მათგან გამორჩეული იყო ქალაქი იუსუფელი, რომელიც ბოლო ათწლეულებში, ფაქტობრივად, რეგიონის ტურისტულ ცენტრადაც ჩამოყალიბდა. იუსუფელი XX საუკუნეში წარმოქმნილი ქალაქია, მან მოიცვა რამდენიმე ძველი ქართული სოფლისა თუ უბნის ტერიტორია, რომელთა სახელებიც დღემდე ახსოვთ: ვეჟანგეთი, საფანეთი, კოწახურა, ახალთა, ჰამზეთი, ჭალა... ამჟამად ეს ადგილები და მთელი ქალაქი წყლის ქვეშაა მოქცეული, ახალი იუსუფელი კი უწინ სრულიად დაუსახლებელ ადგილას, ახლომდებარე მაღალი მთების ფერდობებზე გააშენეს. 1990-იანი წლების მიწურულიდან ჭოროხის ხეობაში კაშხლების კასკადის მშენებლობა დაიწყო. ჭოროხსა და მის შენაკადებზე არაერთი ჰიდროელექტროსადგური აშენდა. წყლის დაგუბებას ისტორიული დასახლებები, ხიდები თუ ნახიდურები, მცირე ზომის სათავდაცვო თუ სამეურნეო ნაგებობები შეეწირა.

ჭოროხის ხეობა დატბორვამდე. ხედი კავკასიძეების ციხიდან. 2005 წელი

ქართველთათვის ყველაზე მტკივნეული თურქეთში უდიდესი - იუსუფელის კაშხლის (სიმაღლე - 270 მ) აგება გამოდგა, რომელმაც უკვე დატბორა ორი დარბაზული ეკლესია - ჰამზეთისა და ჭალის (პირველ მათგანს ჩვენში შეცდომით ახალთის ეკლესიადაც მოიხსენიებენ), სულ მალე კი სრულად დაფარავს ტაოს საფორტიფიკაციო სისტემის მშვენებას - კავკასიძეების ციხეს, იქ არსებული კოპწია ტაძრითურთ. სამივე ეკლესია, სავარაუდოდ, X-XI საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. ყველა მათგანის ძირითადი კონსტრუქცია შენარჩუნებული იყო. პერანგშემოძარცული ჰამზეთისა (სახელწოდების თავდაპირველი ფორმა ალბათ სამზეთი იყო) და ჭალის ტაძრები ამავე დასახელების უბნებში მდებარეობდა.

ჭალის ეკლესია, რომელიც უკვე ბოლომდე დატბორილია

ტაო-კლარჯეთის ტაძრები საუკუნეებია უმოქმედოდ დგას. მათ აწვიმდათ, ათოვდათ... ზიანდებოდა სახურავი, კედლები, საძირკველი - ხან ბუნებრივად, ხანაც - ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მათი ნაწილი სამშენებლო მასალას ეშურებოდა, ზოგი განძის პოვნის ჟინით იყო შეპყრობილი, ზოგი კი განსხვავებული რელიგიის მიმართ იყო შეუწყნარებელი. ამ მიზეზების გამო სულ მცირეა იმ ეკლესიების რაოდენობა, რომლებსაც მოხატულობის ფრაგმენტები შერჩა (სრულად შენახული მხატვრობა პრაქტიკულად აღარსად დაგვრჩა). რაოდენ დასანანია, რომ ამ მცირე რაოდენობას ორი ეკლესია გამოაკლდება. ერთი, ჭალის ეკლესიის მხატვრობა, უკვე დაიღუპა. ის სავარაუდოდ XIV-XV საუკუნეებით თარიღდებოდა. შედარებით უკეთ დაცული კავკასიძეების ციხის ეკლესიის მხატვრობა XII-XIII საუკუნისაა და იგი, როგორც ვთქვი, სულ მალე აღმოჩნდება წყლის ქვეშ. მასთან ერთად ვეთხოვებით ათეულობით ძველ ქართულ ნაკაწრ წარწერას, რომლებიც დამწერლობის სამივე სახეობით - ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით არის შესრულებული და მხატვრობის შემდგომი პერიოდით (XII/XIII-XVI სს.) თარიღდება.

ნაკაწრი წარწერა კავკასიძეების ციხის ეკლესიის მხატვრობაზე. 2005 წელი

მას შემდეგ, რაც დატბორვის პროცესი დაიწყო, ამ მხარეს სამჯერ ვეწვიეთ. ჩვენი ექსპედიციების მიზანი იყო მაქსიმალურად დაგვეფიქსირებინა ეს ძეგლები, მათი ყველა დეტალი. ჩაძირვის შემდეგ არქიტექტურული ნაწილის გადარჩენა-შენარჩუნების მინიმალური შანსი მაინც არსებობს, მხატვრობა და წარწერები კი განწირულია დასაღუპად. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მხატვრობის ფრაგმენტებისა და წარწერების ადგილზე კვლევა და დეტალური ფიქსაცია. გაღმა მხარეს დარჩენილ და "გზამოჭრილ“ ჭალის ეკლესიას ნავით ვესტუმრეთ. კავკასიძეების ციხეზე კი ჯერ თოკებითა და ალპინისტური აღჭურვილობით ავედით, შემდეგ კი მასაც გასაბერი ნავით მივადექით (განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ალპინისტ ბიძინა გუჯაბიძეს, რომლის დახმარებითაც თითქმის მთელი ჯგუფი დატბორვამდე ავედით ციხეზე). ხელოვნებათმცოდნეების - ნელი ჩაკვეტაძისა და ეთერ ედიშერაშვილის, ისტორიკოსების - ჩემი და ნიკოლოზ ჟღენტის ძირითადი საქმე მხატვრობისა და წარწერების ფიქსაცია იყო, შეძლებისდაგვარად აღვწერეთ ციხის მთელი კომპლექსიც. ადგილზე სამუშაოებს თურქოლოგ ზურაბ ბატიაშვილის დახმარებით ვეწეოდით. ის ამ ძეგლებისა და პუნქტების შესახებ ზეპირსიტყვიერ მასალებსაც აგროვებდა (ისასევე ამუშავებს რეგიონის შესახებ არსებულ ოსმალურ წყაროებს). ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ბოლო ექსპედიციისას კავკასიძეების ციხის 3D-გადაღებაც (მალხაზ ლეკვეიშვილი, გიორგი მიქაძე). შეიძლება ითქვას, რომ ამ მასალის საბოლოო დამუშავების შემდეგ ჩვენ ხელთ გვექნება კავკასიძეების ციხის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი.

კავკასიძეების ციხე დატბორვამდე. სხვადასხვა რაკურსით

იუსუფელთან ერთად 20-მდე ისტორიული სოფელი იძირება (რამდენიმეღა დარჩა და მათაც მალე დაფარავს წყალი). მოსახლეობის ნაწილი ახალ იუსუფელში დასახლდა, ზოგიერთი სოფელი ასევე ახალ ადგილებში, მთებში გააშენეს - მაგალითად, კავკასიძეების ციხესთან არსებული ძველი ქართული სოფელი ოთხთა ეკლესია / დორთ-ქილისა (თანამედროვე სახელი - თექ-ქალე, "მარტო-ციხე“). არცთუ მცირე ნაწილი, სავარაუდოდ, სამუდამოდ დატოვებს ამ მხარეს და თურქეთის სხვადასხვა მხარეებში გაიფანტება. საუკუნეების წინ ტაოს ამ მიკროპროვინციას პარხალი ერქვა და ის ძირითადად ქართველებით იყო დასახლებული. ექვთიმე თაყაიშვილის 1917 წლის ექსპედიციის დროს ჯერ კიდევ არაერთ სოფელში (მათ შორის, იმავე სოფ. ოთხთა ეკლესიაში) საუბრობდნენ ქართულად, დღეს კი ამ დასახლებებში ქართული არავის ახსოვს. სხვათა შორის, პარხლისწყლის ხეობაში დღემდეა შემორჩენილი 3 ქართული სოფელი (ხევეკი / ხევაი, ქობაქი / ქობაი და ბალხი), რომლებიც დატბორვას გადაურჩა (იუსუფელი პარხლისწყლისა და ჭოროხის შესართავთან, ამ მდინარეების ორივე ნაპირას იყო გაშლილი).

კავკასიძეების ციხის ეკლესიის მხატვრობა

ვფიქრობ, თანამედროვე თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოების უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ზემოჩამოთვლილი ძეგლები, ფაქტობრივად, გაიწირა. თუკი ჩვენ, ენთუზიასტმა სპეციალისტებმა, საკუთარი ინიციატივითა და ძალებით ამდენი შევძელით, წარმოიდგინეთ, რა ქმედითი და შედეგიანი შეიძლებოდა ყოფილიყო ორი ქვეყნის სპეციალისტთა თანამშრომლობა ამ ძეგლების კვლევისა (მათ შორის, არქეოლოგიური) და ფიქსაციის საქმეში. ამ მხარეში ჰესების მშენებლობის გამო კოლოსალური სამუშაოები ჩატარდა: მაღლა მთებზე გაიჭრა ახალი გზები, აშენდა გიგანტური ხიდები, გამოიკვეთა გვირაბები (საერთო სიგრძით - ათეულობით კმ), აშენდა ახალი ქალაქი და სოფლები, საკუთრივ კაშხლები... ამ ყველაფრის ფონზე კი რა ადვილი იყო იმ ძეგლების დემონტაჟი და სხვაგან გადატანა, რომელთაც ჩაძირვა ემუქრებოდა (ეკლესიების მაინც)... ამის დიდი გამოცდილება არსებობს თანამედროვე სამყაროში. სულ მცირე, მხატვრობის ფრაგმენტების ჩამოხსნა და იმავე რეგიონის რომელიმე ქალაქის (ართვინი, რიზე, ტრაპიზონი...) მუზეუმში გადატანა ხომ მაინც იყო შესაძლებელი? სამწუხაროდ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არც ერთი მხარისთვის არ აღმოჩნდა პრიორიტეტი. ასე რომ ყოფილიყო, თანამშრომლობის გზების გამონახვაც არ გაჭირდებოდა. თავი იმით "ვინუგეშოთ“, რომ ამ ძეგლების "ციფრულ ასლებს“ ვუტოვებთ შთამომავლობას...

ცნობისათვის:

  • კავკასიძეების ( პარხლის მფლობელთა) ციხე X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც იმიერტაოში, მდ. ჭოროხის პირას მდებარეობს (ამჟამად თურქეთის ტერიტორია). ციხეს ზოგჯერ "ოთხთა ეკლესიის ციხესაც“ უწოდებენ. ციხის შესახებ ცნობები თითქმის არ მოგვეპოვება. ერთადერთი ინფორმაცია დაცულია ექვთიმე თაყაიაშვილის 1917 წლის ექსპედიციის ანგარიშში. ამავე წიგნშია დამოწმებული ამ ციხის ერთადერთი წარწერა, სადაც საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი მურვან კავკასიძეა მოხსენიებული. ამ ისტორიული ძეგლზე სხვა თითქმის არაფერია ცნობილი.
  • 2003-2005 ქართველი მეცნიერების (ბუბა კუდავა, ბონდო კუპატაძე, გოჩა საითიძე, ჯაბა სამუშია, გიორგი კალანდია) ძალისხმევით მოპოვებული იყო ახალი მასალები, დადასტურდა, დაზუსტდა და შესწორდა ექვთიმე თაყაიშვილის ანგარიშში მოცემული ინფორმაცია, გაირკვა დღემდე უცნობი დეტალები, გაკეთდა ციხის კომპლექსისა და მისი ტაძრის ზოგადი აღწერილობა და სხვ. გადმოცემის თანახმად, ამ ციხის ქვევით გადიოდა იერუსალიმისკენ მიმავალი გზა, ამიტომ კავკასიძეებს იერუსალიმის გზის მცველებად მოიხსენიებდნენ.