მუსიკოსი დათო ევგენიძე ურთულესი ოპერაციის შემდეგ სამშობლოში გამოჯანმრთელებული ბრუნდება, - შესაბამის ინფორმაციას თურქეთის ქალაქ სტამბოლში მდებარე კლინიკის - BAU MedicalPark Goztepe-ს ქართველ პაციენტთა მომსახურების ჯგუფი ავრცელებს და ოპერაციის შემდეგ დათო ევგენიძის პირველ ინტერვიუსაც აქვეყნებს.
"საქართველოში ბევრი პრობლემა მქონდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში 3-ჯერ დამეწყო ვარიკოზული სისხლდენა, რამაც ძალიან დამაფიქრა. ყველა მირჩევდა, რომ თურქეთში წამოვსულიყავი. აღმოჩნდა, რომ მქონდა ციროზის მეორე სტადია და გადანერგვა იყო ერთადერთი საშუალება, რომ გამოვჯანმრთელებულიყავი. ჩემი დონორი ჩემი მეგობარია, რომელსაც იგივე სისხლის ჯგუფი აღმოაჩნდა, რაც მე და უცებ, 5 დღეში გადაწყდა ყველაფერი, წამოვედით და ძალიან რთული ოპერაცია ჩამიტარდა, რომელიც 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს ცოცხალი ვარ. მადლობა მინდა გადავუხადო MedicalPark Goztepe-ს, ბატონ დენის ბალჯის, მთელს პერსონალს, ვინც ამ მდგომარეობაში დამაბრუნა - შემიძლია ინტერვიუ მოგცეთ და დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას - მუსიკას“, - აცხადებს დათო ევგენიძე.
ქართველი მუსიკოსის დიაგნოზსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს MedicalPark Goztepeს პროფესორი დენის ბალჯიც.
“ბატონმა დათომ ჩვენს კლინიკას საქართველოდან მომართა ღვიძლის ციროზის დიაგნოზით გართულებული პორტალური ვენების თრომბოზით, რომელმაც გამოიწვია ღვიძლის სისხლძარღვების ობსტრუქცია, შედეგად კი განვითარდა ეზოფაგური ვარიკოზული სისხლდენა. ამ მდგომარეობამ საფრთხე შეუქმნა მის სიცოცხლეს, რის გამოც ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის ჩატარება გადაწყდა. როცა მოგვმართა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო კრიტიკული. ჩატარდა დეტალური გამოკვლევა და განვახორციელეთ ცოცხალი დონორიდან ღვიძლის გადანერგვა. ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. რამდენიმე კვირაში ღვიძლის ფუნქციები სრულად აღდგა და უკვე კლინიკიდან გაეწერა. ერთი თვის შემდეგ ბატონი დათო თავის ქვეყანაში დაბრუნდება“, - აღნიშნავს თურქი პროფესორი.