ავტორი:

4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?

4 წლის ასაკიდან კორტზე, ჩოგბურთელი მამა და მშვენიერი შეყვარებული - რა არის ცნობილი უიმბლდონის ტურნირის 20 წლის ტრიუმფატორზე?

ბევრი ფიქრობდა, რომ კიდევ დიდხანს არ გამოჩნდებოდა ჩოგბურთელი, რომელიც რაფაელ ნადალს, როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გაუტოლდებოდა, მაგრამ 2023 წლის უიმბლდონის ტურნირის ფინალმა ყველა გააოცა. 20 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

  • ბავშვობა და ოჯახი

კარლოს ალკარასი 2003 წლის 5 მაისს ელ პალმარში, ესპანეთის მურსიის ყველაზე დასახლებულ სოფელში დაიბადა და სამ ძმასთან ერთად იზრდებოდა. მისი მშობლები, ვირჯინია და კარლოს ალკარას უფროსი, ასევე სპორტის მოყვარულები არიან. გარდა ამისა, მომავალი ჩემპიონის მამა ყოფილი ჩოგბურთელია.

ალკარასმა ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. მამას შვილის ნიჭი არ გამოჰპარვია და გადაწყვიტა, მისთვის აგენტი აეყვანა. სულ მალე, 12 წლის კარლოსის წარმომადგენელი ალბერტ მოლინა გახდა.

სამი წლის შემდეგ კარლოსი ხუან კარლოს ფერეროს Equelite JC Ferrero Sport Academy-ს შეუერთდა. ფერერო, რომელიც "როლან გაროსის" ყოფილი გამარჯვებული და მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერია, მას შემდეგ ალკარასის მწვრთნელია.

  • კარიერა

პროფესიონალური კარიერა თინეიჯერობის ასაკში დაიწყო: მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, რიოს ღია პირველობაზე შედგა.

17 წლის ალკარასს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასვლის უფლება მისცეს, რითაც ის მამაკაცთა ერთეულთა ტურნირში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთის ექსპერტებსა და გულმხურვალე გულშემატკივრებს მისი პროგრესი არ გამოჰპარვიათ, მსოფლიომ ალკარასი მხოლოდ 2021 წელს US Open - ზე გაიცნო. მეოთხედფინალში გასვლით ალკარასი Flushing Meadows-ში ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტი გახდა, მაგრამ ტრავმამ თამაშის დატოვება აიძულა.

თუმცა მალე დაამტკიცა, რომ დანებებას არ აპირებდა. 2022 წელს ATP 500 ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. მაიამიში ATP Masters 1000-ზე ნორვეგიის ვარსკვლავ კასპერ რუდისთან ბრწყინვალედ გაიმარჯვა. კარგი შედეგების სერია ბარსელონას ღია პირველობაზეც გააგრძელა, მოგვიანებით კი მადრიდის ღია პირველობაზე ისტორია შექმნა: ალკარასმა ნადალი და ჯოკოვიჩი დაამარცხა.

2023 წელს კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა, როცა უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

"შესანიშნავი ფინალი იყო. შედეგი, სამწუხაროდ, ჩემთვის კარგი არ აღმოჩნდა, მაგრამ კარგი იყო კარლოსისთვის. პირველ რიგში, მას უნდა მივულოცო. შენ ეს დაიმსახურე, დიდებულად ითამაშე და რთული პირველი სეტის შემდეგ, დაბრუნდი. რაც შენ უიმბლდონზე გააკეთე, ფანტასტიკურია.

ბევრი რთული ფინალი მაქვს მოგებული. მაგალითად, 2019 წელს ფედერერის წინააღმდეგ, მაშინ მე გამიმართლა. იღბალი ყოველთვის ჩემ მხარეს ვერ იქნება. მე უკეთეს მოთამაშესთან წავაგე. ხვალ ეს ისევ მტკივნეული იქნება, მაგრამ ავდგები და უფრო მეტი წარმატებისთვის ვიშრომებ", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

გამარჯვებასთან დაკავშირებით კომენტარი ალკარასმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ისეთი ლეგენდის წინააღმდეგ თამაში და გამარჯვება, როგორიც ჯოკოვიჩია, მისთვის წარმოუდგენელი იყო:

"ოცნება ამისრულდა. აქ გამარჯვება შესანიშნავია, მაგრამ რომც წამეგო, მაინც ვიამაყებდი - ასეთი ლეგენდის წინააღმდეგ თამაში წარმოუდგენელია. 20 წლის ბიჭისათვის ამ კორტზე თამაში დაუჯერებელია. საკუთარი თავითა და ჩემი გუნდით ამაყი ვარ.

მას შემდეგ, რაც დავიბადე, უდიდეს პატივს გცემ (ჯოკოვიჩს მიმართავს - ა.შ.). მაშინ შენ ტურნირებს იგებდი. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ხანია, ასეთი ძლიერი ხარ“.

იმის გათვალისწინებით, რომ ალკარასს მთელი კარიერა წინ აქვს, მისი მიღწევები ნამდვილად შთამბეჭდავია.

მიღწევები და ფაქტები

• ყველაზე ახალგაზრდა ATP 500 ჩემპიონი

• პირველი მოთამაშე, რომელმაც რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთსა და იმავე თიხის მოედანზე დაამარცხა.

• ალკარასმა "დიდი მუზარადის“ მეორე ტიტული მოიგო, უიმბლდონზე კი პირველად გაიმარჯვა.

• ალკარასამდე ბოლო 20 წელიწადში უიმბლდონი არ მოუგია ჩოგბურთელს, რომელიც ცნობილი "დიდი ოთხეულის“ წევრი არ იყო. 2003 წლიდან მოყოლებული, ალკარასამდე აქ იმარჯვებდნენ: როჯერ ფედერერი (2003-2007, 2009, 2012, 2017), რაფაელ ნადალი (2008, 2010), ნოვაკ ჯოკოვიჩი (2011, 2014-2015, 2018-2019, 2021-2022) და ენდი მარი (2013, 2016).

  • პირადი

გავრცელებული ინფორმაციით, კარლოს ალკარასი მარია გონსალეს გიმენესს ხვდება. მარია ასევე ჩოგბურთელია და Murcia Club de Tenis-ში თამაშობს. თუმცა, წყვილი საზოგადოებაში ერთად არ ჩნდება და ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვას ცდილობს.