წარმატებული რომანების „მოპარული სიყვარული“ და „მეორე შანსი“, ავტორი თინათინ ბერიძე ახალ წიგნზე მუშაობს, რომელიც მკითხველს ახალი პერსონაჟების ცხოვრებაში ამოგზაურებს. ავტორისთვის თავბრუდამხვევი წარმატება აღმოჩნდა მოტივაცია, გაეგრძელებინა საყვარელი საქმიანობა და ახალი სიუჟეტი შეექმნა.
მისი სადებიუტო წიგნი - „მოპარული სიყვარული“, რომელიც „პალიტრა L-ის“ ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ გამარჯვების შემდეგ გამოიცა ახლაც ბესტსელერთა შორისაა.
თინათინ ბერიძის შემოქმედება მკითხველთა ფართო წრისთვის სწრაფად გახდა ცნობილი. მისი შეხვედრები კი ხალხმრავლობით გამოირჩევა.
საინტერესოა, რას უმზადებს ის მკითხველს და რის გარშემო იტრიალებს ახალი წიგნის სიუჟეტი? ამის შესახებ თინათინ ბერიძე გვესაუბრობა:
მკითხველისთვის სასიამოვნო სიახლე აღმოჩნდა, რომ ახალ რომანზე მუშაობთ, საინტერესოა, რის შესახებ არის ის და იქნება თუ არა უკვე გამოცემული ორი წიგნის სიუჟეტის გაგრძელება?
ძალიან მიხარია, რომ მომეცემა საშუალება, მკითხველს მესამე წიგნი წარვუდგინო. მისი სიუჟეტი არანაირად არ იქნება დაკავშირებული წინა ორ წიგნთან. "მოპარული სიყვარული" "მეორე შანსით" დასრულდა და მესამე ნაწილი არ ექნება. ახალი წიგნი კი გოგონაზეა, რომელიც ჩოგბურთელობაზე ოცნებობს.
როგორ გაჩნდა ახალი წიგნის იდეა და როგორ მიმდინარეობს წერის პროცესი? რამდენ ხანში უნდა ელოდოს მკითხველი მის წიგნის მაღაზიებში გამოჩენას?
ჩოგბურთი სულ მიყვარდა, მაგრამ ამ სპორტს რომ თვალი მიადევნო, ბევრი თავისუფალი დრო უნდა გქონდეს. ამის შესაძლებლობა კი კოვიდპანდემიისას მომეცა, როცა ერთ-ერთ სპორტულ არხზე დიდი საჩოგბურთო მატჩებისთვის თვალის დევნება დავიწყე.
სწორედ მაშინ გამიჩნდა აზრი, დამეწერა წიგნი, საიდანაც ამ არაჩვეულებრივ სპორტზე უფრო მეტს გაიგებდა მკითხველი. წიგნი დამუშავების პროცესშია და სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეხვდება მკითხველს.
თქვენი წიგნები გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა. როგორ ფიქრობთ, რა გახდა მკითხველის ასეთი სიყვარულის მიზეზი?
სავარაუდოდ, პოპულარობის მიზეზი გახდა ის, რომ რომანები წასაკითხად მარტივია და შეიძლება, პერსონაჟებთან ბევრი საერთო აღმოაჩინო.
საინტერესოა, რომანებში - „მოპარული სიყვარული“ და „მეორე შანსი“ გადმოცემული ისტორია ეფუძნება თუ არა რეალურს ან მოვიდა თუ არა შთაგონება რეალური ადამიანებისგან?
„მოპარული სიყვარული“ მთლიანად გამოგონილი ისტორიაა, მაგრამ მეგობრებისგან გამიგია, რომ პერსონაჟებში თავიანთი ხასიათის ბევრი თვისება. „მეორე შანსიც“ ასევე გამოგონილია, ოღონდ შეიძლება ითქვას, რომ მკითხველმა „მაიძულა“ გაგრძელების დაწერა, იმდენად უკმაყოფილონი იყვნენ პირველი ნაწილია დასასრულით. ამ ორ წიგნში მხოლოდ ბაბუა მევლუდია, რომელიც ძალიან ჰგავს ჩემს ბაბუას და მისი სიყვარულით და მონატრებით შევქმენი ეგ პერსონაჟი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, წარმოშობით აჭარიდან ხართ. საინტერესოა, თქვენს კუთხეში რა დამოკიდებულებას გრძნობთ მკითხველისგან? ვიცი, რომ შეგიყვარეს და გაფასებენ...
ხშირად მწერენ, რომ აჭარიდან რომ ვარ, განსაკუთრებით ვუყვარვარ და მგულშემატკივრობენ. ამას სულ ვგრძნობ. მკითხველის დამსახურებაა, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებული გავხდი. მე ქედაში ვცხოვრობ (მაღალმთიან აჭარაში) და ჩემს რაიონში კიდევ უფრო ვგრძნობ სიყვარულს, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც სკოლაში სტუმრობას ხშირად მთხოვენ.
გვიამბეთ თქვენი მეორე ცხოვრების შესახებაც - ამჟამად რას საქმიანობთ წერის პარალელურად და რას ნიშნავს ამ ორ განსხვავებულ სფეროში ერთდროულად ყოფნა?
პროფესიით ფინანსისტი ვარ და ამჟამად სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ, ქედის რესურსცენტრში. მართლა ძალიან განსხვავებული სფეროებია - სიტყვები და რიცხვები.... ვერ გეტყვით, რომ მიჭირს. პირიქით, როცა სამსახურში ძალიან ვიღლები, მაშინ ვწერ. აქამდე არც მიფიქრია, შეიძლება წერის პროცესი ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა.
როგორია თქვენი, როგორც ავტორის სამომავლო გეგმები?
როგორც აღვნიშნე, მესამე წიგნი მზად 2023 წლის შემოდგომისთვის იქნება. ასევე მაქვს რამდენიმე იდეა, რომელსაც იმედია, წიგნად ვაქცევ. გამოგიტყდებით, მესამე წიგნთან დაკავშირებით ძალიან ვნერვიულობ.
R