ავტორი:

სისხლში ჩახშობილი პროტესტის შემდეგ გაუქმებული ზნეობის პოლიცია კვლავ აღადგინეს - ირანელი ქალების ჩაცმულობას ისევ გააკონტროლებენ

სისხლში ჩახშობილი პროტესტის შემდეგ გაუქმებული ზნეობის პოლიცია კვლავ აღადგინეს - ირანელი ქალების ჩაცმულობას ისევ გააკონტროლებენ

2022 წლის 2 დეკემბერს, ირანში ზნეობის პოლიცია გაუქმდა, რომლის მთავარი დანიშნულებაც ისლამური წესით სამოსის ტარების ზედამხედველობა იყო. გაუქმების მიზეზად სახელდებოდა გასული წლის სექტემბერში მაჰსა ამინის გარდაცვალების შედეგად დაწყებული საპროტესტო აქციები. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა, ორ დღეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქმე დამოუკიდებელ ექსპერტიზას არ შეუსწავლია, ამიტომ პოლიცია ირწმუნება, რომ ამინი გულის შეტევით გარდაიცვალა, გოგონას ახლობლები და ირანელი ქალების უფლებადამცველები კი ირწმუნებიან, რომ ის პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა.

აქციების შემდეგ გადაწყდა, რომ ზნეობის პოლიციას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და მისი გაუქმება გარდაუვალი იყო.

თუმცა, ამ ამბიდან ათი თვის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ რელიგიურმა პოლიციამ კვლავ განაახლა ირანის ქუჩებში პატრულირება და მიზეზი კვლავ ისლამური დრეს-კოდის კონტროლია, მათ შორის ქალების და მათ შორის - ჰიჯაბის.

როგორც აღმოჩნდა, 10 თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით დემონსტრანტები დროებით შეაჩერეს და გაარიდეს ქუჩებს.

მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ პროტესტი საყოველთაო იყო, თუმცა მას ქვეყნის მოსახლეობა სრულად არ შეუერთდა.

  • პროტესტი

გასული წლის სექტემბრიდან ირანმა არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სამოქალაქო პროტესტის ტალღა გადაიტანა. ხელისუფლება სასტიკად უსწორდებოდა პროტესტანტებს, რომლებსაც რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიის დამყარება სურდათ. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 500-ზე მეტი დემონსტრანტი გარდაიცვალა, მათ შორის 70 არასრულწლოვანი იყო. 20 ათასზე მეტი კი დააპატიმრეს.

ოფიციალურმა ირანმა 200 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი გაამხილა, რომელთა რიცხვში, მათი მტკიცებით, ძალოვანები და უსაფრთხოების თანამშრომლებიც იყვნენ. ოფიციალური ვერსიით, არეულობები პროვოცირებული იყო უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ.

ირანის კანონის თანახმად, რომელიც შარიათის ინტერპრეტაციას ეფუძნება, ქალებმა თმა ჰიჯაბით უნდა დაიფარონ, ხოლო ფიგურის დასამალად გრძელი და თავისუფალი ტანსაცმელი უნდა ატარონ.

10 თვის შემდეგ დაბრუნებული პოლიცია კვლავ ქალების ჩაცმულობას გააკონტროლებს. ვიცე-სპიკერ საიდ მონტაზეროლჰადის განცხადებით, პირველ ჯერზე ოფიცრები გააფრთხილებენ ქალებს, რომ მათ დაიცვან წესები, ხოლო თუ ისინი არ დაემორჩილებიან, პოლიციას უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს.

  • რა შეუძლია ზნეობის პოლიციას?

საპროტესტო აქციების ჩახშობიდან რამდენიმე თვეში, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მონაწილე სიკვდილით დასაჯეს, ბევრმა ქალმა საერთოდ შეწყვიტა ჰიჯაბის ტარება. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ირანში 1979 წლის რევოლუციის შემდეგ.

ამ ყველაფრის საპასუხოდ კი, ხელისუფლებამ დააწესა უფრო მკაცრი ჯარიმები ისლამური ჩაცმულობის კოდექსის დარღვევისთვის.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ინტერნეტით გავრცელდა კადრები, სადაც ნაჩვენებია მამაკაცი, რომელიც იოგურტს ასხამს თავზე ორ ქალს, რომლებიც სალაროსთან რიგში დგანან.

ორივე მათგანი თავსაბურავის გარეშე იყო.

მამაკაცი, რომელიც მათ თავს დაესხა, გამყიდველმა მაღაზიიდან გააძევა, ხოლო სამართალდამცავებმა ორივე ქალი საზოგადოებაში თმით გამოჩენის გამო დააკავა, მაღაზიის მეპატრონეს კი კანონის დაცვისკენ მოუწოდეს და გაფრთხილება მისცეს. რაც შეეხება ქალებზე თავდამსხმელს, ის "საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“ დააკავეს.

უცნობია, რამდენი კაცი და ქალი მუშაობს უშიშროების ძალებში, მაგრამ მათ აქვთ წვდომა იარაღზე, შეუძლიათ დაკავებულები ციხეში გაგზავნონ, მათ განკარგულებაშია ე.წ. "განათლების ცენტრები“.

გასული წლის საპროტესტო აქციების ჩახშობის საპასუხოდ, დასავლეთის ბევრმა ქვეყანამ პოლიციელებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

ერთი შეხედვით, მაჰსა ამინის ტრაგიკული ისტორია და მისი შემდგომი გაგრძელება საპროტესტო აქციების სახით, რომელსაც ასევე ასობით ადამიანი შეეწირა და რომელიც ირანელი ქალების თავისუფლების საწინდარი უნდა გამხდარიყო, თითქოს აზრს კარგავს.

10 თვის მერეც, ქალები ისევ თავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის იბრძვიან, ხოლო მათი ტანსაცმლისა და თავსაბურავის სიგრძეს კვლავ აკონტროლებენ და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, სასტიკად უსწორდებიან.

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი