ავტორი:

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გორში, მრავალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვი თბილისში გადაიყვანეს - როგორია მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები, - ამის შესახებ, გორში, მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.

იგორ გეორგიანის ინფორმაციით, მცირეწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

„დილის საათებში მშობელმა შემოიყვანა სიმაღლიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა თვალსაჩინო ზედაპირული ტრავმები. პაციენტს გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მოხდა სასიცოცხლო პარამეტრების ნორმალიზება და სტაბილიზაცია. ჩატარდა მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის საფუძველზეც გამოვლინდა თავის დახურული ტრავმა, კომპრესიული მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ზედაპირული დაჟეჟილობები. გამოძახებული იქნა რეფერალური სამსახური, პაციენტი გადაყვანილია ბავშვთა პროფილურ სპეციალიზებულ კლინიკაში. რეფერირების მომენტში პაციენტის მდგომარეობა მართვადი იყო, რაც შეეხება მდგომარეობის შემდგომ შესაძლო განვითარებას, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - აღნიშნა იგორ გეორგიანმა.

შეგახსენებთ, დღეს დილით, გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მე-3 სართულიდან 2 წლის გოგონა გადმოვარდა.