ავტორი:

"ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა... აქ სირთულეები ბევრია, ჯერ მანქანა არ გვყავს და საჭირო ნივთები მეგობრებს მოაქვთ" - ცნობილი მომღერალი რაჭაში გადასახლდა

"ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა... აქ სირთულეები ბევრია, ჯერ მანქანა არ გვყავს და საჭირო ნივთები მეგობრებს მოაქვთ" - ცნობილი მომღერალი რაჭაში გადასახლდა

"..ჩვენთვის, ქართველებისთვის რელიგიასავით არის წინაპრების ხსოვნა, მათ მიმართ კრძალვა და პატივისცემა... იმაზე ლამაზი რა უნდა იყოს, როდესაც შენ თავს უფლებას არ აძლევ, ეს უსასრულო ჯაჭვი ჩაწყდეს. შენ ამ ჯაჭვს აგრძელებ სიყვარულით და კრძალვით" - გვეუბნება ნინო ბაშარული რაჭიდან, რომელიც თავის ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ აღფრთოვანებით გვიამბობს...

- თბილისელი ვარ, დედაც თბილისელი იყო... როდესაც ჩემი თანატოლები თავიანთ სოფელზე ნოსტალგიით და განსაკუთრებული ემოციებით საუბრობდნენ, ყოველთვის მიკვირდა, ჩემთვის უცხო იყო. სოფლის მიმართ სიყვარული ოჯახის შექმნის შემდეგ ჩამომიყალიბდა, როდესაც ჩემს მეუღლეს - გელა კაციტაძეს ცოლად გავყევი. მისი სოფელი - თლუღი ჩემი საკუთარი სოფელი გახდა. გარემო, სადაც თავს მშვიდად და სრულყოფილად ვგრძნობდი...

- თქვენი მეუღლე სოფელს რამდენად ხშირად სტუმრობდა...

- ჩემი მეუღლე ბავშვობაში სოფელ თლუღში ყოველთვის ჩამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ემიგრაციაში იყო, ფაქტობრივად 25 წელი წყვეტა ჰქონდა და სოფელში არ ყოფილა, მისი შემოქმედების უმთავრესი ნაწილი დაკავშირებულია სოფელ თლუღთან, რაჭასთან... საოცარი ნოსტალგიით იწერებოდა მისი უამრავი ლექსი - თლუღზე, შაორზე, ნიკორწმინდაზე, ნაქერალაზე, მთელს რაჭაზე... პოეტია და ფსევდონიმსაც ატარებს, როგორც - გელა თლუღელი... ბავშვობის ამბებს ძალიან სახალისოდ ჰყვება. როდესაც სადილად სუფრას მივუსხდებით, ბევრს იხსენებს და მისი შვილები, ჩვენი საერთო შვილიც ფაქტობრივად, ამ ისტორიებით სულდგმულობენ...

- თქვენ რამდენად ხშირად გიწევდათ ჩასვლა დღემდე?

- ზაფხულობით სიხარულით ჩამოვდიოდით... უბრალოდ, ჩვენი ვიზიტი სოფელში ყოველთვის ძალიან ხანმოკლე იყო. ორი, ან სამი კვირა, რაც თავისთავად არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ შესაბამისად გვეპატრონა სახლისთვის, რომელსაც ადამიანის ხელი ძალიან აკლდა. გელა თავის წინაპრების საფლავების მოსაწესრიგებლად მიდიოდა, ჩვენ ბოსტანს, სახლ-კარს, ეზოს ვასუფთავებდით... სულ ეს იყო, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, პირველი სიყვარულის მარცვალი ზაფხულობით ჩამოსვლით ჩასახულიყო. მიხარია, რომ ასეთი ნაყოფი გამოიღო... თლუღს აქვს რაღაც ასეთი მომნუსხველი, ძალიან გიზიდავს და თავს გაყვარებს. ულამაზესი ბუნებაა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაჭის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იქვე არის შაორი, უზარმაზარი, ულამაზესი -სოჭნარი, ფიჭვნარი, მდინარეები, წყაროები მორაკრაკებენ... მოკლედ ძალიან მდიდარი სოფელია.

როდესაც დედაქალაქიდან ადამიანი სოფელს უბრუნდება, ეს ძალიან სასიხარულო ამბავია - ხომ ასეა ? მაგრამ, როდესაც ქალაქურ კომფორტს შეჩვეული ადამიანი სოფელში საცხოვრებლად მიდის, ეს ალბათ ძალიან დიდმა სიყვარულმა, სისხლის ყივილმა, მომავალზე ზრუნვამაც უნდა შეგაძლებინოს. სხვანაირად არ გამოვა!

ეს არის დიდი ზეიმი! სამყაროსთან ჰარმონიაში ყოფნის დღესასწაული. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ 40 წლის შემდეგ ადამიანს მიწა გეძახის... ადამიანი სიმყუდროვისკენ, სულიერი სიმშვიდისკენ ილტვის. სწორედ რომ სოფელი არის ამის საუკეთესო ადგილი და მეც სოფელში წამოვედი... სირთულეები საკმაოდ ბევრია და ამას ვერ დააიგნორებ. სოფელში არ არის ტრანსპორტი, მაღაზიაც განრიგით მუშაობს, იქ სამშენებლო მასალა შემოგაკლდება და ამბროლაურში ხარ ჩასასვლელი... ჯერჯერობით მანქანა არ გვყავს და ხან მეზობელს ჩავყავართ, ხან მეგობარი ამოგვაკითხავს... მეგობრებს მოაქვთ ჩვენთვის საჭირო ნივთები თბილისიდან... მოკლედ ძალიან ხალისიანად ვცდილობთ ამ სირთულეებს შევეჭიდოთ. ეს სირთულე სიმარტივედ ვაქციოთ..

- ბავშვს როგორ შეაყვარეთ ასე ძალიან, სკოლაშიც რაჭაში ხომ არ ივლის?

- ლაზარეს სოფლის მიმართ სიყვარული მამის და ბებიის მონაყოლი ამბებით თავისთავად ჩამოუყალიბდა, ზაფხულობით აქ რომ იმყოფებოდა, მაშინ დაიწყო მისი სიყვარულის ისტორიებიც სოფლის მიმართ. სულ ენაზე აკერია - თლუღი, თლუღი...

ლაზარეს აქაურობა ბებიამ, მედეამ შეაყვარა, რომელიც სისხლით და ხორცით თლუღელია, მიუხედავად იმისა, რომ რძალი იყო თლუღელების. ეტყობა ასეთი შეყვარება, მომნუსხველობა ახასიათებს ამ სოფელს. რაც შეეხება სკოლას, როგორც გავიგე თლუღის სკოლაში ერთი ბავშვი სწავლობდა... შეიძლება ამბროლაურის სკოლაში მოუწიოს ჩვენს შვილს სწავლა.

- რა გაძლევთ ძალას, ამდენ სირთულეებს შეეჭიდოთ?

- მე ვფიქრობ მთავარი ძალა არის შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნის სურვილი. სიყვარულის გარემოსი, სადაც შენი შვილები ყველა გამოწვევას ღირსეულად ხვდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია წინაპრების დანატოვარი სახლ-კარი არ გააჩანაგო, გაუფრთხილდე... ჩვენთვის, ქართველებისთვის რელიგიასავით არის წინაპრების ხსოვნა. მათ მიმართ კრძალვა და პატივისცემა. იმაზე ლამაზი რა უნდა იყოს, როდესაც შენს თავს უფლებას არ აძლევ, ეს უსასრულო ჯაჭვი ჩაწყდეს. შენ ამ ჯაჭვს აგრძელებ სიყვარულით და კრძალვით...

- რა იყო ის უმთავრესი, რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანათ?

- ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა. მივხვდით, რომ რაჭაშიც შევძლებდით ცხოვრებას, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისშიც საკუთარი სახლი, ეზო გვაქვს... მართალია ეზო დიდი არ არის, მაგრამ მყუდრო გარემო გვაქვს შექმნილი... ამის გარდა ერთმანეთის პატივისცემა თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ასე ერთად, ერთსულოვნად გადაწყვიტო და წახვიდე... მითუმეტეს, არცერთი ჩვენგანი არ ვუშინდებით ახალ გამოწვევებს, საკმაოდ რისკიანებიც ვართ. ეს რისკი ყოველთვის ჯანსაღ აზრს უკავშირდება. ასე რომ თქვენ წარმოიდგინეთ არ გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გადავწყვიტეთ, ვთქვით და წამოვედით...ვფიქრობ, სადაც ურთიერთპატივისცემაა, მთვარეზეც რომ მოგვინდეს, იქაც წავალთ და ავეწყობით, ისე როგორც საჭიროა.

- დიდ ცვლილებებს გეგმავთ?

- ძველ დროში მოგეხსენებათ, რომ კიდევ უფრო მეტი შრომის შედეგად იქმნებოდა თითოეული ნივთი, ჩვენ ადამიანების ნაშრომს ვაფასებთ, ადამიანების თითოეულ წამს და აქედან გამომდინარე ყველა ძველ ნივთს მოხმარებაში ვტოვებთ. სავარაუდოდ აქაურობაც ხელნაკეთი ნივთების, ძალიან ლამაზი და კოხტა გარემო იქნება.

- როგორს ვიხილავთ მალე?

- ჟრიამულით, სიმღერით და ბედნიერებით სავსე სახლ-კარს, რადგან მთავარი შიგთავსია და არა შეფუთვა...რაც მთავარია, იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ის წლების წინ იყო.

- ცნობილი მომღერლისგან ეს ნაბიჯი სოფლის ერთგვარი პოპულარიზაციაა და ფიქრობთ, რომ გადამდები გახდება?

- სავარაუდოდ, ასეთი ნაბიჯები ყოველთვის გადამდებია ხოლმე... ვფიქრობ, ჩვენც ვიღაცას მივბაძეთ და მთაში წამოვედით. მართალია არ ვიცი და არ მახსოვს ვის მივბაძე, მაგრამ ფაქტია ასე მოხდა. ალბათ ვიღაცა ჩვენც მოგვბაძავს და მთაში წამოვა. არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ მთავარია, ეს პროცესი თვითმყოფადი გახდეს, რაც შეიძლება მეტი ასეთი ფაქტი გავიგოთ, ქალაქელები რომ სოფელს დაუბრუნდნენ...

- ადგილობრივი მოსახლეობა რამდენად დიდი სიხარულით შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- ზოგადად რაჭველები მოჭარბებული ემოციებით არ გამოირჩევიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ გულში ძალიან გაუხარდათ, კიდევ ერთი მოზამთრე ოჯახი რომ დაემატა სოფელს. ვისაც როგორ შეუძლია, მხარში გვიდგას. რაჭაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს. გულშემატკივარი, როგორც მომღერალს და შემოქმედს, გულშემატკივარი როგორც თლუღელებს. როგორც რაჭულ ოჯახს. ძალიან მიხარია ხალხისგან რომ ამდენად თბილ და გულწრფელ ემოციებს ვიღებთ. ძალიან დიდი მოტივაციაა ჩვენთვის. შევეცდებით რომ აქაურობა უინტერესო არ იყოს. პირიქით, ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება!