ავტორი:

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო: რა განმარტებას აკეთებს ელჩი - "ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული სიაში"

ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, ბელგიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება შესაძლოა გარკვეულ ტექნიკურ ან სტატისტიკურ მონაცემებს უკავშირდებოდეს.

მისივე თქმით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ბელგიის სხვადასხვა უწყებასთან.

„ევროკავშირის 20 სახელმწიფოდან 16 საქართველო აღიარებული ჰყავს როგორც უსაფრთხო ქვეყანა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ აქვს მსგავსი მიდგომა. აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოცემულობა ცვალებადია და ნებისმიერი სახელმწიფო შეიძლება იყოს რაღაც მომენტში ამოღებული ან დაბრუნებული ამ სიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიმუშაოთ ჩვენს ბელგიელ კოლეგებთან და მოვიძიოთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა მიზეზით შეიძლება ეს მომხდარიყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და სამინისტროს ჰქონდა პოზიტიური დამოკიდებულება და პოზიტიური რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დარჩენილიყო უსაფრთხო ქვეყნების სიაში.

შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებები ხანდახან გარკვეული ტიპის ტექნიკური ან სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე მიიღება. მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, პანდემიის შემდგომ პერიოდში, გარკვეული მატებაც გვქონდა მოქალაქეების მობილობის კუთხით, მაგრამ აქვე დავამატებ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ვარდნა", - განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ წელიწადში ერთხელ, თუმცა სხვადასხვა მოცემულობიდან გამომდინარე შესაძლოა მოხდეს გადახედვა და უფრო დაჩქარებულად იქნეს რაიმე გადაწყვეტილებების მიღებული.

ქართველმა დიპლომატმა ისაუბრა უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზეც.

„რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, შემიძლია გითხრათ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება, აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია ევროკავშირის მხრიდან არ ყოფილა. უფრო მეტიც, დღეს მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა და ბუნებრივია ეს თემა აუცილებლად გაჟღერდებოდა, რამე საფრთხე რომ ყოფილიყო აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ზოგადად ევროკავშირის მხრიდან საქართველო მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო სახელმწიფო", - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ელჩის განცხადებით, ქართულ მხარეს ჰქონდა აქტიური კონსულტაციები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც, ასევე მიდის შიდა კომუნიკაციაც ბელგიის უწყებებს შორის და ალბათ, უახლოეს მომავალში ბელგიური მხარე დააზუსტებს კონკრეტულ, შესაძლოა, ტექნიკურ და სტატისტიკურ მიზეზებს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.