ავტორი:

"ეს ხალხის ღალატი იქნება" - ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ბინების შესახებ ე.წ. კანონპროექტის წინააღმდეგ

"ეს ხალხის ღალატი იქნება" - ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი ბინების შესახებ ე.წ. კანონპროექტის წინააღმდეგ

ოკუპირებულ აფხაზეთში გეგმავენ მიიღონ ე.წ კანონპროექტი, რომელიც აფხაზეთში 10 წლის განმავლობაში 30 000 ბინის აშენებას და მათ უცხოელებზე მიყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნულს კი აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილი აპროტესტებს.

ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატი, კან კვანჩია აღნიშნულს ხალხის ღალატს უწოდებს და ამბობს, რომ "პატარა აფხაზეთში თუ ამდენი უცხოელი შევა და დასახლდება, ისინი ადგილობრივ მოსახლეობა ჩაყლაპავენ".

  • "ხდება ის, რაც გარდაუვალი იყო - პრეზიდენტმა ბჟანიამ გვამცნო, რომ პარლამენტმა ბინების დაკანონების შესახებ კანონი უნდა მიიღოს. დეპუტატთა ნაწილი კი აპროტესტებს, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, მაგრამ ბჟანია არავის განწყობას, პოზიციას, პროტესტს არაფრად დაგიდევთ და ამბობს, ბინების საკითხს მართლა ასი წლით ხომ არ გადავდებთ, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებაო. ეს ნიშნავს, რომ უძრავი ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაკანონების თემას ხელმძღვანელობა ლობირებს და არაფერი შეიცვლება", - წერს აფხაზი ბლოგერი, ასლან გულია.

ბინების შესახებ ე.წ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების თქმით, ხელისუფლებამ არაფერი იცის არსებულ რეალობაზე, ისინი გარემოს დაბურულმინებიანი, შეჯავშნული ჯიპებიდან უყურებენ და არ იცინ, რომ აფხაზეთში 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს და თუ მათ 100 ათასი უცხოელი, კერძოდ კი, რუსი დაემატება, ეს ადგილობრივებზე კატასტროფულად იმოქმედებს. ბინების შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მათ მფლობელებს აფხაზეთის მოქალაქეობაზე განაცხადის გაკეთების ვალდებულება არ ექნებათ, მაგრამ ბჟანიას პირობებში, არ არსებობს გარანტია, რომ ეს მომავალში არ შეიცვლება.

კანონპროექტის მხარდამჭერები თვლიან, რომ აღნიშნული ე.წ. კანონპროექტი აფხაზეთის ეკონომიკას ძალიან დაეხმარება.

abkhaz-auto-ru-ს ცნობით, აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აცხადებს, რომ ადგილობრივებს "ამ კანონპროექტის კი არა, კოვიდის და გზაში სიკვდილის უნდა ეშინოდეთ".

ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები აკრიტიკებენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებმაც აფხაზეთში აღნიშნული "კანონპროექტის" საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ამის პარალელურად, სოხუმსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში, გაჩნდა ბანერები - "არა აპარტ-ოტელებს!"

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დეპუტატის აღშფოთებითა და უკმაყოფილო ადამიანების მიერ გამოთქმული კრიტიკით არაფერი შეიცვლება, თუ მოსახლეობა ქუჩაში არ გავიდა.

"ქუჩაში გამოსვლა კი არავის უნდა, ეზარებათ, ხან ლიდერი არ მოსწონთ, ხან მათ უკან, წინ, გვერდით მდგომი ადამიანები, მიზეზები არ ელევათ. ახლახან ცნობილი გახდა, რომ პური კიდევ ძვირდება, ანუ ფქვილის ფასი მატულობს, რაც ნიშნავს, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტის ფასი მოიმატებს. შემგუებელ ერად ვიქეცით", - წერს იანა ჯოპუა.