ავტორი:

როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“

როგორ მოხვდა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ამერიკელი ჯარისკაცი? - "ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გაკეთა“

აშშ-ის მოქალაქე, ჩრდილოეთ კორეის საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთისთვის დააკავეს. მამაკაცი სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სასაზღვრო სოფელში მდებარე ერთობლივი უსაფრთხოების ზონაში ტურზე იმყოფებოდა. ესაა ადგილი, რომელსაც ორივე მხარის შეიარაღებული ჯარისკაცები აკონტროლებენ.

"აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (DPRK) სამხედრო სადემარკაციო ხაზი. ჩვენი რწმენით, ის ამჟამად კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრობაში იმყოფება. ინციდენტის მოსაგვარებლად კორეის სახალხო არმიასთან გვაქვს კონტაქტი", - ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

დემილიტარიზებული, ბუფერული ზონა, რომელიც ორ კორეას ჰყოფს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამაგრებულ ტერიტორიად მიიჩნევა. ის სავსეა ნაღმებით, მავთულხლართებით და სათვალთვალო კამერებით. შეიარაღებული მესაზღვრეები კი, 24 საათის განმავლობაში მზადყოფნაში არიან.

ყოველწლიურად, ჩრდილოეთ კორეიდან ათობით ადამიანი გარბის, მაგრამ დემილიტარიზებული ზონის გავლით გაქცევა ძალზე საშიში და იშვიათია.

  • ვინ არის დაკავებული მოქალაქე

აშშ-ის არმიის სპიკერი ბრაის დიუბი ადასტურებს, რომ დაკავებული მოქალაქე მე-2 კლასის რიგითი ჯარისკაცი, 23 წლის ტრევის კინგია. როგორც ირკვევა, კინგი დისციპლინური მიზეზების გამო სამხრეთ კორეის ციხეში ორთვიან სასჯელს იხდიდა - სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap - ის ინფორმაციით, იგი კორეის მოქალაქეზე ფიზიკურ ძალადობაში იყო ეჭვმიტანილი.

კინგი 10 ივლისს გაათავისუფლეს და აშშ-ში დაბრუნების მიზნით, ინჩეონის აეროპორტში წაიყვანეს. გაურკვეველია როგორ, მაგრამ მან საჰაერო ტერმინალიდან გასვლა მოახერხა და ტურისტულ ჯგუფს შეუერთდა, რომელიც კორეის სასაზღვრო სოფელ პანმუნჯომში მოგზაურობდა.

ვარაუდობენ, რომ მას დამატებითი სამხედრო დისციპლინური პასუხისმგებლობის თავიდან აცილება უნდოდა, რაც ტეხასში დაბრუნების შემდეგ ელოდა.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი დაკავებული ჯარისკაცის დედამაც გააკეთა. მისი თქმით, ის "შოკირებულია“ და მხოლოდ ტრევისის სახლში დაბრუნება სურს.

"ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა შვილმა ეს გააკეთა“, - ამბობს ტრევისის დედა.

  • აშშ-ის პოზიცია

ამერიკელი დიპლომატები უიმედოდ ცდილობენ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებას. როგორც ცნობილია, ამაში ჩართულია შვედეთის საელჩო ფხენიანში, რომელიც აშშ-ის სახელით მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, ტრევის კინგმა საზღვარი "განზრახ, საკუთარი ნებით" გადაკვეთა, ხოლო პენტაგონის პრესკონფერენციაზე თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა, რომ კინგი ახლა ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება. მისივე განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.

  • ჩრილოეთ კორეის პოზიცია

ფხენიანს მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ოთხშაბათს, კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ მისი დამფუძნებლის, კიმ ირ სენის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა, თუმცა ამერიკელ ჯარისკაცზე არანაირი ინფორმაცია არ თქმულა.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ოთხშაბათს, დილით, მცირე რადიუსის ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 03:30-დან 03:46 საათამდე მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

”სავარაუდოა, რომ ჩრდილოეთ კორეა ჯარისკაცს პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებს“, - თქვა იან მუ-ჯინმა, ჩრდილოეთ კორეის კვლევის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეაში და დაამატა, რომ კინგზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ალბათობაც ძალიან მაღალია.

შესაძლებელია ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეამ კინგს ისეთი ინფორმაციის გასაჯაროება აიძულოს, როგორიცაა აშშ-ის სამხედრო ბაზის განლაგება, დანაყოფები და მათი რაოდენობა.

  • რა ელით ჩრდილოეთ კორეაში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?

ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელის დაკავების ყველაზე ცნობილი შემთხვევა ოტო ვარმბიერს უკავშირდება. ვარმბიერი სტუდენტი იყო, რომელიც 2016 წელს, ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად ჩავიდა. თუმცა 5-დღიანი მოგზაურობა 17-თვიან პატიმრობაში გადაიზარდა - იგი პოლიტიკური ბანერის დაზიანებაში დაადანაშაულეს და 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაკავებიდან მალევე 2016 წლის მარტში, ოტომ გაურკვეველი მიზეზებით ნევროლოგიური ტრავმა მიიღო და კომაში ჩავარდა. ამ მდგომარეობაში ის დაახლოებით 1 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჩრ. კორეის მთავრობა ამბობდა, რომ იგი ციხეში დაეცა და ტრავმასაც ამას უკავშირებდა.

2017 წელს ოტო გაათავისუფლეს და ოჰაიოში გადააფრინეს. თუმცა ექიმებმა 22 წლის ახალგაზრდის გადარჩენა ვერ შეძლეს. იგი სამშობლოში დაბრუნებიდან 6 დღის შემდეგ გარდაიცვალა.