ავტორი:

"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები

"გაიცანი დიდი ადამიანები“ - მარტივი გზა, როგორ გავაცნოთ ბავშვებს გამოჩენილი ქართველები

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ქვეყნის ისტორია და კულტურა, როგორ ჩავუნერგოთ საკუთარი ქვეყნის პატივისცემა - ეს საკითხები უამრავ მშობელს აწუხებს. 21-ე საუკუნეში, როდესაც ბავშვები დროის დიდ ნაწილს გაჯეტებთან ატარებენ, მათთვის ისეთი საკითხი, როგორიც ისტორიაა, მეტ-ნაკლებად უინტერესო ხდება. დაძალებით რამის გაკეთება კი პატარებში სიყვარულის ნაცვლად, აგრესიას იწვევს. ამიტომ ნუ დააძალებთ ბავშვებს გაეცნონ ისტორიას, არამედ ეცადეთ დააინტერესოთ ისინი და შეაყვაროთ საკუთარი ქვეყნის წარსული.

ეს რამდენიმე მარტივი ხერხით შეგიძლიათ გააკეთოთ:

  • ეწვიეთ ისტორიულ ადგილებს. ბავშვებზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მუზეუმები, არამედ თავად ის ადგილები, სადაც ესა თუ ის ისტორიული მოვლენა მოხდა;
  • დაეხმარეთ თქვენს შვილს გაიგოს მისი ოჯახის ისტორია. ისტორიის გაცოცხლებაში საოჯახო ფოტოალბომი დაგეხმარებათ. ფოტოების დათვალიერების დროს მოუყევით, თუ რა ხდებოდა იმ დროს ფართო საზოგადოებაში. მასთან ერთად გააკეთეთ საოჯახო ხე, აღნიშნეთ როდის და სად დაიბადნენ ოჯახის წევრები და რა პროფესიით იყვნენ ისინი. ასევე წაახალისეთ, ესაუბროს ბებიას და ბაბუას მათი გამოცდილების შესახებ;
  • თქვენს შვილთან ერთად ჩაერთეთ საზოგადოებრივ აქტივობებში. ესაუბრეთ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობის შესახებ და მიეცით საშუალება მოქმედებაში დაგინახოთ, როგორც საზოგადოების აქტიური წევრი. წაახალისეთ თავადაც ჩაერთოს მისი ასაკის შესაბამის ჯგუფებში, რომლებიც საზოგადოებრივ საქმეებს მოხალისეობრივად აკეთებენ;
  • შესთავაზეთ მათი ასაკის შესაბამისი ისტორიული ლიტერატურა. ამ ტიპის საბავშვო ლიტერატურიდან ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა „გაიცანი დიდი ადამიანები“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტია. სერია აერთიანებს 5 ტომს, რომლებშიც საქართველოს ისტორიიდან გამორჩეულ ადამიანებზეა საუბარი. თითოეული ტომი რამდენიმე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. სერიის პირველ წიგნში წაიკითხავთ დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, ნიკო ფიროსმანისა და კოტე მარჯანიშვილის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ სერიის თითოეულ წიგნში თავმოყრილია ისტორიები როგორც მეფეების, ისე სხვა გამოჩენილი ქართველი ადამიანების, მათ შორის, მხატვრებისა და მწერლების შესახებ.

აქვე გაგაცნობთ პატარა ამონარიდს დავით აღმაშენებლის შესახებ წიგნიდან "გაიცანი დიდი ადამიანები“, რომელიც თქვენს შვილებსაც შეგიძლიათ წაუკითხოთ და თავად დარწმუნდეთ, როგორ მარტივად შეძლებთ ბავშვების ისტორიით დაინტერესებას სწორად შერჩეული ლიტერატურით.

„ის ადამიანი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ყველასაგან გამორჩეულია.

მისი გარდაცვალებიდან თითქმის 900 წელი გავიდა, მაგრამ დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო რომ არსებობს, სწორედ დავით აღმაშენებლის ბრძნული მმართველობისა და გმირობის შედეგია...

იმდენად დიდია დავითის ღვაწლი საქართველოს წინაშე, რომ ბევრი ისტორიკოსი, მათ შორის უცხოელებიც, საქართველოს ისტორიას ორ ნაწილად ყოფენ: დასაწყისიდან აღმაშენებლამდე და აღმაშენებლიდან დღევანდელ დღემდე!

აბა, დააკვირდით იმ წოდებას, რომელიც მას ისტორიამ და მადლიერმა ხალხმა მიანიჭა: „აღმაშენებელი!“ ეს იმას ნიშნავს, რომ უამრავი გადატანილი ბრძოლის მიუხედავად (მათ შორის განსაკუთრებული დიდგორის ბრძოლა იყო), დავით IV-ის (სიცოცხლეში ეს იყო მისი, როგორც მეფის, ოფიციალური სახელი) მთავარი დამსახურება ქვეყნის აღმშენებლობა, საქართველოს ნამდვილ სახელმწიფოდ ქცევა მიიჩნევა.

მის მიერ გაძლიერებული საქართველო კიდევ 100 წელი ვერ შეარყია მტერმა და მერეც, თამარის საქართველო, რომლის შესახებაც თქვენ უკვე იცით, სწორედ დავითის დანატოვარის საფუძველზე აშენდა...“

სერიის პირველი ტომის შეძენა 15 ლარად წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი. ახალი ტომები კი თვეში ერთხელ გამოიცემა.

R