ავტორი:

მძიმე ღამე უკრაინისთვის: რუსებმა მიკოლაივსა და ოდესას დაარტყეს - არიან დაღუპულები, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია

მძიმე ღამე უკრაინისთვის: რუსებმა მიკოლაივსა და ოდესას დაარტყეს - არიან დაღუპულები, დაშავებულებს შორის 5 ბავშვია

რუსული ძალები, 20 ივლისის ღამეს, თავს დაესხნენ მიკოლაივის ცენტრს, რის შედეგადაც 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და ავტოფარეხებში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიტალი კიმზე და მიკოლაივის მერზე, ალექსანდრე სენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 9 დაჭრილის შესახებ, მათ შორის 5 ბავშვია. არიან გარდაცვლილებიც, რაოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.

"რუსებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. ავტოფარეხები და 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის“, - განაცხადა მიკოლაივის მერმა.

ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, ხანძარი სერიოზულია და ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მან ასევე დაადასტურა, რომ თავდასხმის შედეგად არიან გარდაცვლილებიც.

რუსული ძალები წუხელ ასევე უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას თავს დაესხნენ. ამის შესახებ ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი იუწყება.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაფიქსირდა ნგრევა, 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების სპეციალისტები იმყოფებიან.

ცნობისათვის, რუსები ოდესას ზედიზედ მესამე ღამეა თავს ესხმიან.