ავტორი:

"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ

"ნაოსნობისთვის საშიშია!" - რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ გაცურავენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან ყველა გემი, რომელიც შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ გაემართება, "სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანად“ მიიჩნევა. მოკლედ, დღეიდან რუსეთი "კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ განიხილავს ყველა იმ ქვეყანას, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ. "შავი ზღვის საერთაშორისო წყლების ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთში ზოგიერთი რაიონი ნაოსნობისთვის დროებით საშიშად ცხადდება და დადგენილი წესით გაგზავნილია საინფორმაციო შეტყობინება უსაფრთხოების გარანტიების გაწვევის შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამის მიზეზად კი დასახელებულია ის, რომ ფუნქციონირება შეწყვიტა "შავი ზღვის ინიციატივამ“ და საზღვაო ჰუმანიტარულმა დერეფანმა, რომლითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა უკრაინიდან ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების გატანა.

მოგეხსენებათ, რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა "მარცვლეულის შეთანხმება", რომელიც გაეროს და თურქეთის მონაწილეობით, 2022 წლის ივლისში მიიღწა და მის საფუძველზე შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეთანხმების გაგრძელებაზე უარი თქვა, უკრაინამ შუამავალ გაეროს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა.

პუტინის რეჟიმი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმებაში" დაბრუნებას განიხილავს მხოლოდ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ის მოითხოვს კვლავაც ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას; რუსეთისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას; უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას; სატრანსპორტო ლოჯისტიკის განბლოკვას და "როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. შეგახსენებთ, რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების შედეგად.

  • ბრიტანეთის დაზვრევის ანგარიში

"რუსეთმა, სავარაუდოდ, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება გარკვეული ხნის წინ მიიღო, რადგან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება მის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა", - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

"რუსეთი ამ გადაწყვეტილებას დეზინფორმაციით ნიღბავს და ამტკიცებს, რომ შეთანხმებიდან მისი გასვლა გამოწვეულია შეშფოთებით, რომ სამოქალაქო გემებს უკრაინული ნაღმები ემუქრებათ და რომ უკრაინა მარცვლეულის დერეფანს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

უწყების ცნობით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ახლა უფრო აქტიურ როლს ითამაშებს ნებისმიერი ვაჭრობის შეფერხებაში, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა შავი ზღვის ფლოტის ბლოკადის ოპერაციებს საფრთხე ემუქრება უკრაინული უეკიპაჟო წყალზედა ხომალდებისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებისგან.

  • რას ამბობს თეთრი სახლი?

თეთრი სახლიც აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის მარცვლეულის ობიექტებზე თავდასხმა გააფართოოს და შავ ზღვაში სამოქალაქო გემებსაც დაესხას თავს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერის, ადამ ჰოჯის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალური პირები ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები განათავსა.

"მიგვაჩნია, რომ ეს არის კოორდინირებული ძალისხმევა შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე ნებისმიერი თავდასხმის გასამართლებლად და ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის უკრაინისთვის დასაკისრებლად“, - აღნიშნა ადამ ჰოჯმა.

მისი თქმით, შავ ზღვაში აღნიშნული კოორდინირებული ძალისხმევის გარდა, რუსეთი რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხა უკრაინის მარცვლეულის საექსპორტო პორტებს ოდესაში, რის შედეგადაც განადგურდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა და 60 000 ტონა მარცვლეული.

მისი თქმით, აღნიშნულზე მიანიშნებს რუსეთის ხელისუფლების განცხადება, რომ შავი ზღვის წყლებში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება.